"სამტრედიაში" სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი გამოჩნდა - ვინ არის მასამბა სამბუ?

AutoSharing Option
პირვანდელი შოკის შემდეგ "სამტრედია" მდგომარეობიდან გამოვიდა და საგარეო შეხვედრებში მოგებული მატჩებით (6-დან 6!) მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ბადალი არ ჰყავს.

გია ცეცაძის გუნდის საკადრო ცვლილებები 27 წლის რუსი მარჯვენა ნახევარმცველის, კონსტანტინ ბელოვის ჩამოყვანით არ დასრულებულა.

ბუდუ ზივზივაძის, ლაშა შერგელაშვილისა და ბაჩანა არაბულის წასვლამ ჩემპიონი დაასუსტა და გაძლიერებას სეზონის მსვლელობისას ცდილობს. "სამტრედია" ხომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს და კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ წინა წლების დარად, საქართველოს წარმომადგენელი პირველივე ეტაპზე ჩავარდეს. ეს ძნელი საქმე კი იქნება, მაგრამ საამისოდ პირველი ნაბიჯები
უკვე იდგმება.

გუშინ მორიგი სიახლე შევიტყვეთ: საქართველოში ჩამოვიდა და უკვე სამტრედიაშია სენეგალის ნაკრებში ნათამაშები ცენტრალური მცველი, რომელიც 5 წლის განმავლობაში "მონაკოს" ფეხბურთელი იყო.

30 წლის მასამბა სამბუ სენეგალის ნაკრების ცენტრალური მცველია. ის ბოლოს საფრანგეთის რანგით მესამე ლიგის ბინადარ "სედანში" თამაშობდა. არადა, კარიერის დასაწყისში თურმე დიდ იმედებს იძლეოდა.

სამბუს შეუძლია როგორც ცენტრალურ მცველად, ასევე, საყრდენ ნახევარმცველად თამაშიც. "ვიკიპედიაში" წერია, რომ დიდი ფიზიკური ძალის მქონე სენეგალელი ძალიან ძლიერია "მეორე სართულზე" და, შესაბამისად, საშიშია კუთხურების დროს. თუმცა, ხალხისთვის თავი შეტევებში ჩართვით გამოწვეული შეცდომებითაც დაუმახსოვრებია.

პირველი პროფესიული კონტრაქტი მან 2006 წელს "მონაკოსთან" (3 წლით) გააფორმა. ამ გუნდში მან 46 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო. სამბუმ "მონაკოში" დამკვიდრება ვერ მოახერხა და იჯარით ჯერ "ჰავრში" გაუშვეს, მერე - "ნანტში"...

სენეგალის ნაკრებში პირველად მან 2007 წლის 8 თებერვალს, ბენინის წინააღმდეგ (2:1) ამხანაგურ მატჩში ითამაშა. საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გოლი "ლორიანს" 2008 წლის 12 იანვარს გაუტანა და ეს გოლი გამარჯვებისა აღმოჩნდა.

გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" სენეგალელი მცველის ამჟამინდელ სატრანსფერო ღირებულებად 350 ათას ევროს ასახელებს. თუმცა 2010 წელს მისი ფასი 1,5 მილიონი გახლდათ.
გაუფორმეს თუ არა კონტრაქტი სენეგალელს და ვიხილავთ თუ არა მას უახლოესი ტურის შეხვედრაში, ამ საკითხზე კომენტარისთვის კლუბის მმართველ დირექტორს, პაატა შალამბერიძეს დავუკავშირდით.

"მასამბა ნამდვილად ჩამოვიდა, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. მას მწვრთნელები აკვირდებოდნენ. საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება", - ამბობს შალამბერიძე.

ზოგადად, "სამტრედიაში" საკადრო ცვლილებები რომ დაიწყო, ეს აშკარაა და დავინტერესდით, რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუნდში კიდევ რამდენიმე ლეგიონერის ჩამოყვანას აპირებენ:

"ფაქტია, რომ გაძლიერება გვსურს და გავძლიერდებით კიდეც, რადგან "სამტრედიას" თამაში მარტო საქართველოს ჩემპიონატში არ მოუწევს. ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დიდი ალბათობით, სერიოზული მეტოქე გვეყოლება.

ამ შეხვედრებში კი არა მხოლოდ ერთი ქალაქი და რეგიონი, არამედ მთელი ქვეყანა უნდა წარვადგინოთ და, შესაბამისად, ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. ეს პროცესი სენეგალელის ჩამოყვანით დაიწყო და იმედი გვაქვს, კარგ შევსებას მივიღებთ, ყველა პრობლემურ პოზიციაზე გავძლიერდებით და ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დაიტოვეთ, კაი ფეხბურთელია, მეორე სართულზე ორთაბრძოლაში მაგარია და აგერ კაცი მონაკოს ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა
levani
12:42 12-05-2017
0
მერაბ შარშან დინამომ გადალახა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო და მესამეზე გამოვარდა დინამო ზაგრებთან ამიტომ წინა წლების დარად რომ დაწერე უადგილოა...
merabs
12:54 12-05-2017
0

სიახლეები პოპულარული