ჩავალ ჰოლანდიაში და თქვენზე დავწერ, რომ... ტომ ბოდეს ქართული შთაბეჭდილებები

AutoSharing Option
რამდენიმე დღით საქართველოს ცნობილი ჰოლანდიელი სპორტული ჟურნალისტი ტომ ბოდე სტუმრობდა. ის რამდენიმე მატჩს დაესწრო და არაერთი ქართული ქალაქიც მოინახულა.

რა თქმა უნდა, ჰოლანდიელ კოლეგასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით. ვფიქრობთ, "ლელოს" მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ტომ ბოდეს ქართული შთაბეჭდილებები...

..."ვიყავი რუსთავში, თბილისში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ქუთაისში, ქობულეთში და გორში. აგერ ჩავწერე კიდეც - ვნახე "რუსთავი"-"სამგურალი" (2:1), "დინამო"-"ლოკომოტივი" (3:0), "კოლხეთი"-"ტორპედო" (0:3) და "დილა"-"დინამო" (1:1)...

შესამჩნევია, რომ თქვენთან კარგი ფეხბურთის თამაში სურთ, მაგრამ ჩემი აზრით, დონე დაახლოებით იგივეა, რაც ჰოლანდიის მეორე დივიზიონში. აქვე
უნდა ვთქვა, რომ ვნახე 3 ფანტასტიკური გოლი: "დინამოს" პირველი და მეორე გოლები "ლოკომოტივთან", ასევე, ქუთაისის "ტორპედოს" პირველი გოლი "კოლხეთთან" შეხვედრაში. ამ გოლებმა დამარწმუნა, რომ საქართველოში არის საფეხბურთო კულტურა...

მინდოდა, სტუმრობისას რამდენიმე ასპექტზე გამემახვილებინა ყურადღება. მაგალითად, იმაზე, თუ როგორ ელის ქართველი გულშემატკივარი საფეხბურთო მატჩს. ამ მიზნით ვეწვიე რამდენიმე ქართულ სტადიონს. ბევრი საინტერესო რამ ვნახე, მაგალითად - ძალიან ძველი სტადიონი ჭიათურაში...

სტადიონებზე მოსული ხალხი ბევრს მიყვებოდა იმ პრობლემებზე, რომლებიც არის დღეს ქართულ ფეხბურთში. გავიგე, რომ ბევრი კარგი ქართველი ფეხბურთელი მიდის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთსა და უკრაინაში, რათა შედარებით მეტი თანხა გამოიმუშაოს...

ვიცი, რომ არის პრობლემები სპონსორებთან დაკავშირებით და არ გყოფნით ფული, რათა შეკეთდეს სტადიონები, იყოს განათება ყველა არენაზე... მაგრამ ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად, ხალხს მაინც ძალიან უყვარს ფეხბურთი. რაც მთავარია, ამ სიყვარულში არაფერია ხელოვნური, ყველაფერი ბუნებრივია!..

ჰოლანდიაში, პირდაპირ უნდა გითხრათ, ბევრი არაფერი იციან ქართულ ფეხბურთზე. რა თქმა უნდა, იციან კახა კალაძის შესახებ და აფასებენ მას, თუმცა ცალკეა საქართველოს ნაკრების ისტორია და თბილისის "დინამოს" წარსული, იმ "დინამოსი", რომელმაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო...

რა თქმა უნდა, ჰოლანდიაში ყველამ იცის გურამ კაშიასა და შოთა არველაძის შესახებაც. შოთა დღესაც ძალიან პოპულარულია ჰოლანდიაში. მას ფანტასტიკური პერიოდი ჰქონდა ჯერ "აიაქსში", მერე კი "ალკმაარში"...

კაშია "ვიტესის" კაპიტანია და ამით ბევრი რამაა ნათქვამი. თქვენც იცით, მან ჰოლანდიის თასი მოიგო ამ გუნდთან ერთად.

შესანიშნავი იყო "ბრედაში" არჩილ არველაძე. ვიცი, რომ მუხლის პრობლემამ ის ძალიან უკან დახია...

ახლა ჩემს პერიოდულ გამოცემაში, რომელსაც Panenka Magazine ჰქვია, უნდა დავწერო 12-გვერდიანი წერილი თქვენს ქვეყანაში სტუმრობაზე. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლი ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებს, მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებლად დავწერ იმ ატმოსფეროზე, რომელიც შექმნეს "ტორპედოს" ფანებმა. დავწერ "დილას" ისტორიაზეც, ასევე, უკეთესი მომავლის დიდ იმედზე, რომელიც არსებობს ქართველ გულშემატკივრებში...

ასევე დავწერ შესანიშნავ სტადიონზე, რომელიც ვნახე რუსთავში. დავწერ ყველა ქომაგზე, ვისაც ვესაუბრე და გამოვაქვეყნებ იმ არაერთ შესანიშნავ ფოტოს, რომელიც საქართველოში გადავიღე", - გვითხრა ტომ ბოდემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც ყოველთვის ფედერაცია ტყემალზეა... აბსოლიტურად ყველა სტადიონი უნდა ექვემდებარებოდეს დადგენილ სტანდარტებს, წინააღმდეგ შეთხვევაში მოხსენი გუნდი, მარა ვინ გააძღებს ამათ სხვნაირად?
medoed
08:33 22-05-2017
0
მინიმუმ 5 ქალაქში უნდა იყოს ევროსტანდარტების სატადიონი თავისი ტრიბუნებით ...ერთი კარების უკან რომ ღორები დადიან და მეორის უკან ბატები ეს აისახება სპორცმენის მენტალიტეტზე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული