გოლი, ანუ მეგრელაძე!

AutoSharing Option
"ტორპედომ" ნავსი გატეხა და მიმდინარე ჩემპიონატში საკუთარ არენაზე ორი გოლის გატანა პირველად შეძლო. აქამდე ქუთათურებს მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ მეტოქის კარი ორჯერ აღებული და ისიც სტუმრად, ცხინვალის "სპარტაკთან" მოგებულ მატჩში (2:1). ქუთაისური გუნდი მიმდინარე სეზონში "სიონს" მეხუთედ შეხვდა. წინა ოთხი მატჩი გოლმწირი გამოდგა - სამი ნულოვანი ფრე და "ტორპედოს" მინიმალური სხვაობით (1:0) გამარჯვება თასზე. ეს შეხვედრა კი საკმაოდ სანახაობრივი იყო (უფრო მეორე ტაიმი), რაც, უპირველესად, ქუთაისელთა დამსახურებაა, რომლებმაც ამ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშეს.

შეხვედრის ოქმში რომც არ ეწეროს, ალბათ, ისედაც
მიხვდებოდით, რომ "სიონთან" გატანილი გოლების ავტორი გია მეგრელაძეა... ბოლო დროს რიონისპირელთაგან გოლები მხოლოდ ამ გამოცდილ ფორვარდს გააქვს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, ბომბარდირობაზეც განაცხადოს პრეტენზია. მეგრელაძე "ტორპედოში" ყოველთვის გამორჩეული იყო, ამიტომაც გულშემატკივრებს ყველაზე მეტად მისი დაბრუნება გაუხარდათ. ვეტერანი ფორვარდიც ამართლებს იმედს და გუნდის ნამდვილ ლიდერად გვევლინება...

სანამ მატჩის პერიპეტიებზე გადავიდოდეთ, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზეც უნდა ვთქვათ. ამასწინანდელმა ქარიშხალმა ქუთაისური არენის გადახურულ ტრიბუნას სახურავი თითქმის მთლიანად გადახადა. სტიქიადატეხილი სტადიონი საშინელი სანახავი იყო. კლუბის მესვეურთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმოკლეს ვადაში გაისარჯნენ და "სიონთან" მატჩზე მისულ გულშემატკივრებს სტადიონი გადახურულ-გალამაზებული დახვდათ. არც მინდორი იყო ადრინდელივით სავალალო მდგომარეობაში და წვიმიანი ამინდის მიუხედავად ფეხბურთელებს პრობლემები არ ექმნებოდათ.

შეხვედრა სტუმრების აქტიურობით დაიწყო. ბოლნისელები ბურთსაც აკონტროლებდნენ და ორჯერ მწვავედაც შეუტიეს, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. აი, ქუთაისელთა პირველივე კარში დარტყმულს კი გოლი მოჰყვა. 21-წუთზე ბოლნისელთა კარისკენ საჯარიმო დაინიშნა. ბურთთან მეგრელაძე მივიდა და უზუსტესი დარტყმით კიდევ ერთი ლამაზი გოლი შეჰმატა თავის მონაგარს. ბოლნისელებმა სვანიძის საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, თუმცა მიგინეიშვილს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. ცოტა ხანში მეგრელაძეს ანგარიშის გაზრდაც მართებდა, ფოფხაძის ფლანგური გარღვევისა და გამჭოლი პასის შემდეგ იგი სამიოდე მეტრიდან ურტყამდა და ბურთი ხარიხას გადასცდა. შესვენების შემდეგ უპირატსობას მთლიანად "ტორპედო" დაეუფლა. ტრავმირებული მირზა მერლანის ნაცვლად გამოსული მინდია ბობღიაშვილის კართან "ძალიან ჩამოცხა". ჯერ საბანაძის სახიფათო დარტყმა ასცდა მიზანს, შემდეგ კი დათუნაიშვილს შეეძლო მეტოქეთა დამწუხრება, მაგრამ კარში დარტყმა დაუგვიანდა და ბურთს დიდავა გადაეღობა.

52-ე წუთზე დიღმელაშვილის კუთხურის შემდეგ ქებაძის თავური ხარიხამ მოიგერია. მალევე ქუთათურებმა სწრაფი და ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს - საბანაძის პასის შემდეგ მეგრელაძემ ბურთი გაატარა და ქებაძე თავისუფალ პოზიციაში დატოვა, მაგრამ მას დარტყმა არ გამოუვიდა. ქუთაისელთა მონდომებას და კარგ თამაშს შედეგიც მოჰყვა - 57-ე წუთზე დათუნაიშვილის დარტყმა მცველებმა მოიგერიეს, მაგრამ ბურთი კარგ პოზიციაში მყოფ მეგრელაძეს მიუვიდა და მანაც მეკარისგან ახლო, დაბალ კუთხეში დაარტყა - 2:0. ქუთათურებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ მწვავე შეტევებს ხეირიანად ვერ აგვირგვინებდნენ. ბოლნისელებმაც შექმნეს ორიოდე დასამახსოვრებელი ეპიზოდი. 74-ე წუთზე გოგობერიშვილის ჩაწოდების შემდეგ ჯიქიას თავური ასცდა მიზანს. 75-ე წუთზე კი კობაურმა შორიდან დაარტყა ძლიერად და მეკარემ ნახტომში მოიგერია ბურთი. სხვა დასამახსოვრებელი აღარაფერი მომხდარა, "ტორპედომ" მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და ამ მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლა. თამაშის შემდეგ ფეხბურთელებსა და მსაჯებს შორის მცირეოდენი კამათი მოხდა, რაც დიდავასთვის წითელი ბარათის ჩვენებით დასრულდა.

მატჩის შემდეგ
გიორგი ყიფშიძე (სიონი): "ტორპედომ" დამსახურებულად მოიგო. მეტი რა მეთქმის, მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს გუნდი "ტორპედო" იყო."

გია გიგატაძე (ტორპედო): "კარგი თამაში გამოვიდა. "ტორპედოს" ასე კარგად "ოლიმპთან" შეხვედრის შემდეგ არ უთამაშია. მეგრელაძემ კიდევ ერთხელ გაგვახარა გოლებით, თანდათან ფორმაში შედის და გუნდისთვის მომავალშიც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია."


ტორპედო-სიონი 2:0
ქუთაისი. ცენტრალური. 3000 მაყურებელი
გოლები: 1:0 მეგრელაძე (21), 2:0 მეგრელაძე (57)

ტორპედო
4-4-2
მიგინეიშვილი
ფოფხაძე
მაჭავარიანი
თოდუა
ჩიკვილაძე
სეთურიძე
დიღმელაშვილი
ქებაძე
დათუნაიშვილი
მეგრელაძე
საბანაძე
მწვრთნელი: გ.გიგატაძე

71. მეგრელაძე-დოლიძე
82. ქებაძე-დ.კირკიტაძე
87. სეთურიძე-გუგუჩია

სათადარიგოები: ქვილითაია, გოცირიძე, კვარაცხელია, თარხნიშვილი

სიონი
4-5-1
მერლანი
სვანიძე
დიდავა
ლომაია
კობაური
ნ.კვასხვაძე
ნოზაძე
გოგობერიშვილი
ჩირიკაშვილი
ოქროპირიძე
ჯიქია
მწვრთნელი: გ.ყიფშიძე

44. მერლანი-ბობღიაშვილი
46. კვასხვაძე-ისიანი
66. ჩირიკაშვილი-რეხვიაშვილი

სათადარიგოები: ოქროპირიძე, ქორიძე, მელქაძე, ლ.ჩხეტიანი
გაფრთხილება: ლომაია (48), დიდავა (60), დიღმელაშვილი (81), ჩიკვილაძე (90)
გაძევება: დიდავა (თამაშის შემდეგ)

არბიტრი: ჯ.ხორავა






.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაია გილოცავთ!!!!! ეხა 2 ურთულესი გასვლა გვაქ ვიტ ჯორჯია და სპარტაკი
kutaisiii
13:16 14-03-2011
0
მაგარი კაცია გია :* ზესტაფონტან უნდა შეაგდო გოლი და უნდა გავიდეთ ფინალში თასი გვინდა წელს
gabro
12:31 14-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული