დინამო(ბთ)-ჩიხურა 0:0 - ერთი რამ გვაშფოთებს...

AutoSharing Option
საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაფიქსირდა ფრე, რომელსაც ალოგიკურს ვერ ვუწოდებთ. ეს შედეგი მაინცდამაინც არცერთ გუნდს არ აძლევდა ხელს, მათივე სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე.

ბათუმის "დინამოში" სამწვრთნელო ცვლილებას ელიან. ჩვენი ინფორმაციით, ამ შეხვედრას ესწრებოდა ქობულეთის "შუქურას"ყოფილი მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვი, რომელსაც სხვადასხვა დროს ყაზახეთსა და ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო აკადემიაში უმუშავია. როგორც შევიტყვეთ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბათუმურ კლუბს სწორედ ეს სპეციალისტი ჩაიბარებს.

გუშინ კი "დინამო" მისმა ყოფილმა მოთამაშემ, ამირან მუჯირმა დამოძღვრა...

ჩვენ არაერთხელ გვინახავს თამაშები, როცა ამა თუ იმ გუნდისთვის,
მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთავარია, ეს კონკრეტული მატჩი არ წააგოს. ასე იყო ამჯერადაც - წაგება კატასტროფა არა, მაგრამ ძალიან უსიამოვნო კი იქნებოდა როგორც ბათუმის "დინამოსთვის", ისე - "ჩიხურასთვის".

არადა, გოლები ნამდვილად შეგვეძლო გვეხილა, მაგრამ ხან რომან ტაკიძე და დინო ჰამზიჩი თამაშობდნენ კარგად, ხანაც ბურთს კარში ძელი არ უშვებდა. დანარჩენ შემთხვევებში მცველები ჯაბნიდნენ თავდამსხმელებს.

...ჩემპიონატის დაწყების წინ "ჩიხურა" ერთ-ერთ ფავორიტად კი შევრაცხეთ, მაგრამ დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი თამაშით გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. ალბათ, გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძეც დაგვეთანხმება, რომ ასეთი ფრთხილი გარჯით, განსაკუთრებით, გასვლით მატჩებში, სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

არადა, გვგონია, რომ "ჩიხურაში" მოთამაშე ფეხბურთელებს შეუძლიათ, თუნდაც რთულ შეხვედრებში, იბრძოლონ მოსაგებად. სხვა თემაა, რა უშლით მათ ამაში ხელს. კარგია, როცა მოწინააღმდეგის შეცდომას ელოდები, მაგრამ უმჯობესია, შენ იაქტიურო და შენვე დააშვებინო შეცდომა, მერე კი შენი გასატანი გაიტანო!

მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, მთელ რიგ ეპიზოდებში "დინამო" უფრო თამამი იყო, მაგრამ მოსაგებად არც ამან იკმარა. ისე ჩანს, რომ გუნდი ბოლომდე ჯერაც ვერ გაუშინაურდა "რაგბი არენას".

ყველაზე მეტად გვაშფოთებს ერთი რამ: გუშინდელი მატჩების მონაწილეებს ევროტურნირები მოადგათ კარს. ფაქტია, ბათუმის "დინამოს" და "ჩიხურას" ევროპალიგის წინ ჰაერივით სჭირდებათ გაძლიერება და იმედია, საამისო შესაძლებლობაც ექნებათ.

სხვანაირად, ევროპაზე ძალიან გაუჭირდება როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს, თუმცა ევროტურნირებზე თამაში რომელი ქართული გუნდისთვის იქნება იოლი? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - წინა სეზონში, როცა ევროსაგზური მოიპოვეს, გუშინდელი მასპინძელიცა და სტუმარიც უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე ახლა, როცა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უნდა წარადგინონ.

გვაიმედებს ერთი: ორივე კლუბის სათავეში დგანან ახალგაზრდა, მცოდნე მენეჯერები და მათ უკეთ იციან, როგორ უნდა წარმართონ საკლუბო პოლიტიკა. მთავარი კი ისაა, რომ "დინამომ" და "ჩიხურამ" ევროთასებზე კარგად ითამაშონ.

მატჩის სტენოგრამა
3' - ვაკო თევდორაძეს დინო ჰამზიჩმა არ გაატანინა.
7' - დიმიტრი ტატანაშვილისა და მიხეილ სარდალიშვილის კომბინაცია. რომან ტაკიძე ადგილზეა.
26' - იაროსლავ კვასოვის ჩაწოდების შემდეგ დავით კვირკველიამ დაარტყა სახიფათოდ. "ჩიხურა" გადარჩა.
28' - თემურ შონიამ შესანიშნავად ითამაშა, კარგად მოიშორა მეურვე, მაგრამ პაპუნა ფონიავამ დარტყმას სიზუსტე დააკლო.
31' - თემურ შონიას თავური ოდნავ არაზუსტია.
32' - დიმიტრი ტატანაშვილს ბათუმელთა მეკარემ წამით დაასწრო.
38' - "დინამოს" მრავალსვლიანი კომბინაცია და პაპუნა ფონიავას შესანიშნავი დარტყმა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ გოლი გავიდა, თუმცა ბურთი შიგნითა მხრიდან მოხვდა ძელს და გარეთ გამოვარდა.
41' - ამჯერად ბათუმელები გადარჩნენ. საჩხერელთა ჩაწოდების შემდეგ მეკარე ტაკიძე შეცდა, ტატანაშვილმა კი ძელს გაარტყა ბურთი.
64' - ვაკო თევდორაძის შესანიშნავი პასის შემდეგ შონიას ჰამზიჩმა არ გაატანინა.
65' - გიორგი განუგრავას შესანიშნავი გადაცემა. ტაკიძემ ბესიკ დეკანოიძეს ურთულესი ბურთი აუღო.

ეროვნული ლიგა. XIII ტური
21.05. ბათუმი. რაგბი არენა
დინამო(ბთ)-ჩიხურა 0:0
დინამო ბთ (4-2-3-1): ტაკიძე - ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირკველია, ტვილდიანი - თარხნიშვილი, ფონიავა - კენედი (89. გორელიშვილი), შონია, თევდორაძე (72. კვანტალიანი) - კვასოვი.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე, მგელაძე
მწვრთნელი: ამირან მუჯირი
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, შ. კაშია, მირცხულავა, ჩიკვაიძე - დობროვოლსკი, ზ. ჭელიძე (64. განუგრავა) - სარდალიშვილი, ივანიშვილი (80. გორგიაშვილი), დეკანოიძე (87. გელაშვილი) - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ქავთარაძე, თორ. გრიგალაშვილი, გაბაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ჩიკვაიძე (36)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7

მომდევნო ტური
23 მაისი
ლოკომოტივი-კოლხეთი 18:00
დილა-ტორპედო 20:00

24 მაისი
ჩიხურა-დინამო (თბ) 16:00
შუქურა-დინამო (ბთ) 18:00
სამტრედია-საბურთალო 18:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სტორეა ჰარჰან უკეტეს ფეხბურტს ტამაჰობდენ ბატუმი ჰიხურა .გაზაფხული ჰემოდგომა არ ამატლებს როგორს ჰანს ჯობდა როგორს იკო
kaxa
14:39 22-05-2017
0
ალეკო ბათუმის კარებში თერთმეტრიანი თუ დაინახე?
საჩხერელი
12:27 22-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული