"ეთნიკოსის" ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ ულამაზესი "მაკრატელა" გაიტანა, რითიც წარმატებულ სეზონს გვირგვინი დაადგა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 27 მატჩში (აქედან 26 - ძირითად შემადგენლობაში) 16 გოლი მიითვალა.
კაჭარავას ტრანსფერი დღემდე რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "როსტოვს" ეკუთვნის. ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გვითხრა.
კითხვა 23 წლის თავდამსხმელის მომავალს შეეხებოდა. საქმე ისაა, რომ კვიპროსული მედიის ცნობით, ნიკას გადაბირება ნიქოზიის აპოელ-ს სურს. პარალელურად, საქართველოშიც გავრცელდა ინფორმაცია,
"ნიკას სეზონი დაუსრულდა და ახლა გადაწყდება, სად გააგრძელებს კარიერას. მას "როსტოვთან" კონტრაქტი მალე დაუსრულდება და სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა.
ჩვენ რამდენიმე მოთამაშის დამატება გვაქვს ჩაფიქრებული და ვნახოთ, გამორიცხული არაფერია. სურვილი ნამდვილად არის, კლუბიც და თავად ნიკაც ამას ფიქრობენ", - ამბობს კახა კაჭარავა.
საინტერესოა, რომ რუსული გამოცემა "რეალნოე ვრემიას" შეფასებით, თავის დროზე კაჭარავას "როსტოვში" გადასვლა ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ და პერსპექტიულ ტრანსფერად იყო შეფასებული, რაც კი ბოლო წლებში რუსული პრემიერლიგის კლუბებს განუხორციელებიათ.
ამავე გამოცემის ცნობით, "როსტოვმა" ცხინვალის "სპარტაკიდან" კაჭარავა 300 ათას ევროდ შეიძინა და ახლა აქვს შანსი, გაცილებით ძვირად გაყიდოს. ეს ვარაუდი ლოგიკურად ჩანს, რადგან "როსტოვში" გადასული გოლიათი ქართველი ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და მისი სახელით შესარჩევ მატჩში გოლიც გაუტანა სერბეთს.
ისიც საყურადღებოა, რომ გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტგამოცემა "ტრანსფერმარკტმა" ბოლო ერთ წელიწადში კაჭარავას ფასი 300 ათასი ევროდან 700-მდე გაზარდა.
კაჭარავას აკაკი შულაიას შესაძლო ტრანსფერზეც დაუსვეს კითხვა. ეს იმ კონტექსტში, რომ ეროვნული ლიგის ლიდერს მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაძლიერება ესაჭიროება:
"შულაია მომწონს და თავის დროზე, ამიტომაც მივიწვიე "ცხინვალში". ნიჭიერი, საინტერესო მოთამაშეა. მაგრამ ჯობია ფეხბურთელმა იქ ითამაშოს, სადაც სიამოვნებს და რაც უკეთ გამოსდის. შულაია შემტევია და არა - მცველი", - ამბობს "დინამოს" მწვრთნელი.
და ერთი საინტერესო დეტალიც, რაც კაჭარავამ "სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ გაამხილა:
"გიორგი ჩაკვეტაძე მოვიდა და მითხრა, რომ გამოცდა ჰქონდა. რატომღაც, რადგან "დინამოშია", ჩავთვალე, რომ ლაპარაკი უმაღლეს სასწავლებელზე იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სკოლის გამოცდები ჰქონია.
ამავე ასაკის ბიჭები არიან კუცია, ნინუა, ქავთარაძე, ერგემლიძე... აი, ასეთი ბავშვები არიან ახლა ჩვენთან. მიხარია, რომ სკოლის მოსწავლეები დიდების წინააღმდეგ თამაშს ეჩვევიან და თავის დამკვიდრებას ცდილობენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"