მან კარიერა 2013 წელს დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. 2013-16 წლებში თბილისის "დინამოს" აკადემიაში მუშაობდა - ჯერ 14-წლამდელებს წვრთნიდა, ბოლოს კი 19-წლამდელებში გადაიყვანეს. აკადემია შარშან დატოვა.
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" (უთამაშია "შტურმში", "ჩერნომორეცში", "ალანიასა" და "ერგოტელისში") ყოფილი მცველი, უკვე მთავარი მწვრთნელის სტატუსით, "შუქურას" "ლოკომოტივთან" მომდევნო ტურის შეხვედრაშივე უხელმძღვანელებს.
"ლელომ" შაშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა...
- ასაკობრივი გუნდებიდან დიდ ფეხბურთში გადასვლა მწვრთნელისთვის სასიამოვნოა, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი "შუქურას" გაძღოლა სარისკო საქმეა...
- გეთანხმებით, მაგრამ გამოუცდელ
- დიდად აღტაცებული არ დარჩებოდით ბათუმის "დინამოსთან" თქვენი ახალი გუნდის თამაშით...
- რა თქმა უნდა, "შუქურა" მძიმე მდგომარეობაშია, გუნდი თითქოს ჩამქრალია... ისიც გასათვალისწინებელია, რომ მომდევნო ტურებში ვხვდებით თბილისის "ლოკომოტივს", "დინამოს", "დილას", "საბურთალოს"... მძიმე ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მუშაობა უფრო საინტერესოა.
- გაძლიერების გარეშე გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება...
- ეს საკამათო არ არის, მაგრამ მეორე წრის ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია და რა რესურსიც გვაქვს, იმას უნდა დავჯერდეთ. მერე კი ცვლილებები იქნება.
- მანამდე რა ცვლილებებს გეგმავთ?
- რამდენიმე მოთამაშე ინერტული იყო. გუნდში ასეთი ფეხბურთელების ადგილი არ არის. გვყავს რამდენიმე საინტერესო და გამოცდილი ფეხბურთელი, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება.
- ხელშეკრულება რა ვადით გააფორმეთ?
- ამაზე ხუთშაბათს ვიმსჯელებთ. თუმცა სიტყვიერად უკვე შევთანხმდით და ბათუმის "დინამოსთან" მატჩამდე გუნდს პირველი დავალებებიც მივეცი.
- სამწვრთნელო შტაბში რა ცვლილებები იგეგმება?
- რევოლუციას არ ვაპირებ. ეს ხალხი გუნდში იქნება, რადგან ბევრი რამ იციან და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ცოდნითა და გამოცდილებით დამეხმარებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"