ჩიხურა-დინამო(თბ) 2:1 - დაბრუნებაც ასეთი უნდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთობ მწირი ნადავლით თავის მოედანზე ძლივს დაბრუნებულ "ჩიხურას", რა თქმა უნდა, საკუთარი კედლებიც და გუნდს მონატრებული მაყურებლებიც დაეხმარნენ, მაგრამ მთავარი როლი მაღალმა შემართებამ და წარმატებისადმი კრეატიულმა სწრაფვამ შეასრულა.

სხვაგვარად, შეუძლებელი იქნებოდა, დაემარცხებინა ჩემპიონატის მრისხანე ლიდერი. თანაც, ეს მოახერხა სადღაც 50 წუთის განმავლობაში კაცნაკლულად მოთამაშე "ჩიხურამ"!..

- "ჩიხურა"-"დინამოს" მატჩში მოედანზე ძაღლი შევარდა [VIDEO]

სწორი გამოდგა სოსო ფრუიძის ტაქტიკა. ყრუ დაცვაში არ ჩააყენა 10-კაციანი გუნდი. საჩხერელები არა მარტო დინჯად, პანიკის გარეშე ფუშავდნენ "დინამოს" იერიშებს, არამედ ხშირად კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ და ამას იმდენად კარგად
ახერხებდნენ, სულ მცირე, სამჯერ შექმნეს ასპროცენტიანი საგოლე მომენტი.

ცენტრიდან რომ არაფერი გამოუვიდათ, თბილისელებმა ფლანგებიდან უხშირეს გარღვევებს, თუმცა ყველა მცდელობის დროს შეუვალნი იყვნენ მცველები და მეკარე.

"ჩიხურას" ყველა მოთამაშემ (ძირითადებმაც და შემცვლელებმაც) სული და გული ჩადო თამაშში, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდით გიორგი კორიფაძესა და დიმიტრი ტატანაშვილს. იგივე ითქმის ლაშა ჩიკვაიძესა და შოთა კაშიაზეც. ოთხივე მართლაც შეუდარებელი იყო!

"დინამოს" ცნობა კი ერთობ გაუჭირდებოდა მისი შესაძლებლობების მცოდნეს. ვფიქრობთ, ეს მარტო გადაღლილობის ბრალი არ უნდა ყოფილიყო. იქნებ ასეთ წინააღმდეგობას არც ელოდნენ...

ასეა თუ ისე, "ჩიხურამ" დამსახურებულად გაიმარჯვა და ტრიუმფალურად დაბრუნდა შინ. თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ ბოლო სამ მატჩში გუნდმა 7 ქულა აიღო, კრიზისის დაძლევაზეც შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, თუმცა ამაში მომავალმა შეხვედრებმა უნდა დაგვარწმუნოს.

მატჩის სტენოგრამა
4' - მიქელთაძის უზუსტეს პასს ლობჟანიძე ანიავებს.
5' - დეკანოიძის მიერ სახიფათოდ ჩაწოდებულზე სარდალიშვილს წამის მეათედებში დაასწრო მცველმა.
6' - ლობჟანიძემ და მიქელთაძემ როლები გაცვალეს: ამჟამად ამ უკანასკნელმა თავურით ააცილა კარს.
17' - სამართლიანად არჩათვლილი გოლი! ლობჟანიძე გატანამდე აშკარად ეუხეშა მეკარეს.
22' - გოლი! მცველების მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმო მოედნის გარედან განუგრავამ უძლიერესი დარტყმით გაახვია ბადეში.
26' - კიდევ ერთი გოლი! კორიფაძის დარტყმა და თოთაძის ხელი. უეჭველი პენალტი. ტატანაშვილი ზუსტად ურტყამს და "ჩიხურა" ორბურთიანი სხვაობით გადის წინ.
34' - გორგიაშვილის ჯარიმას კაშიას თავური მოჰყვა. ბურთი სულ ოდნავ ასცდა მიზანს.
39' - მიქელთაძის ძლიერმა დარტყმამ სანტიმეტრებში ჩაუქროლა ძელს.
43' - გოლი! ერთგვარი შტურმი "ჩიხურას" კართან. მირცხულავას ხელით გამოაქვს კარიდან თითქმის გატანილი ბურთი. პენალტი გააქვს არაბულს, თუმცა არბიტრი ხელმეორედ ითხოვს დარტყმას, რადგან თოთაძე დროზე ადრე შედის საჯარიმოში. არაბულის მეორე დარტყმაც იმავე კუთხეში მიდის და ისევ ზუსტად!
55' - მიშენკოს საგოლე დარტყმა და ჰამზიჩის "სეივი".
63' - კიტეიშვილის უძლიერესი "გასროლა" და ისევ ჰამზიჩი თამაშობს კარგად.
89' - ივანიშვილი გასცდა მცველებს, მეკარესაც... მაინც მოასწრო ლიტოვჩენკომ ბურთზე თითის წვერების წაკვრა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მომენტის განსამუხტავად.
90+2' - კარიდან ორიოდე მეტრში კორიფაძემ პასი "დაუხატა" გორგიაშვილს, რომელმაც გააკეთა ის, რაც ყველაზე ძნელი იყო - მაინცდამაინც მეკარეს მოარტყა ბურთი.

ეროვნული ლიგა. XIV ტური
24.05. ივანწმინდა
ჩიხურა-დინამო(თბ) 2:1
გოლები: 1:0 განუგრავა (22), 2:0 ტატანაშვილი (26-პენ), 2:1 არაბული (43-პენ)
ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, ჩიკვაიძე, კაშია, განუგრავა, კორიფაძე, გორგიაშვილი, დობროვოლსკი, დეკანოიძე (69. ივანიშვილი), სარდალიშვილი (44. კაკუბავა), ტატანაშვილი (83. გელაშვილი).
სათადარიგოები: ქავთარაძე, გრიგალაშვილი, გაბაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო (80. პაპუნაშვილი), გველესიანი, თოთაძე, ლოჩოშვილი, ქარდავა, კიტეიშვილი, ზარია (62. ჩაკვეტაძე), მიქელთაძე, ს. ლობჟანიძე (69. თევზაძე), არაბული.
სათადარიგოები: რევიშვილი, მესხი, სალუქვაძე, კუცია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: თოთაძე (26), ლოჩოშვილი (34), მირცხულავა (34), გველესიანი (67), კაკუბავა (68), დობროვოლსკი (90)
გაძევება: მირცხულავა (43. ჩიხურა)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
ი. კვასოვი (დინამო ბთ) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული