ტორპედო-სამტრედია 2:1 - მეორე ახალგაზრდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იმერული დერბი ძალიან დაძაბული გამოდგა. "დავით აბაშიძეზე" ნამდვილი საფეხბურთო გარემო იყო. შეხვედრას 2000-მდე მაყურებელი დაესწრო. ფეხბურთელებმაც არ გააწბილეს გულშემატკივარი და პირველიდან ბოლო წუთამდე ქართული რეალობისთვის ძალიან კარგი მატჩი გვიჩვენეს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ შეხვედრის საბოლოო შედეგი კანონზომიერი იყო. "ტორპედომ" უკეთესად ითამაშა და უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნა. რაც მთავარია, კახა ჩხეტიანის გუნდს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონისგან განსხვავებით, წამითაც არ დაუკარგავს კონცენტრაცია და ეს საბოლოო ჯამში დაუფასდა კიდეც.

ზემოთ კონცენტრაცია ტყუილად როდი ვახსენეთ. გია ცეცაძის გუნდს პირველი ტაიმის განმავლობაში ის ორჯერ დაეკარგა და
"ტორპედომ" ეს საჩუქარი ორივეჯერ მშვენივრად შეირგო.

პირველ ეპიზოდში უპატიებლად შეცდნენ პირობითი სტუმრის მცველები. ისე მოხდა, რომ გამოცდილმა შოთა ბაბუნაშვილმა აუღელვებლად გაიტანა. იქამდე იყო კიდევ ერთი შეცდომა და, ზოგადად, ჩანს, რომ საქართველოს ჩემპიონის დაცვაში ბევრი პრობლემაა.

ძალიან კარგია და მისასალმებელი, რომ ცეცაძის გაწვრთნილი "სამტრედია" თავის გეზს არ ღალატობს და ყველა მეტოქესთან "პირველ ნომრად" ცდილობს თამაშს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე, განსაკუთრებით დაცვის ხაზს, აუცილებლად სჭირდება გაძლიერება.

მეორე გოლისას "სამტრედიის" მცველებმა და მეკარემ ერთხელაც დაკარგეს კონცენტრაცია, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და იმდენად გამოსარჩევი, რომ ცალკე ქვეთავს იმსახურებს ჩვენს წერილში.

დეჟავუ
გეხსომებათ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურის შეხვედრაში გრიგოლ დოლიძემ პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა და ასე მოხდა ამჯერადაც. ეგაა, სტადიონზე არა და, ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე ავტოგოლი თეიმურაზ მარკოზაშვილს მიაწერეს. ჩვენც ნუ დავარღვევთ ოფიციალურ ქრონოლოგიას.

ისე კი, ჩავთვალოთ, რომ დოლიძემ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია. თუ იყო შეხება, ისიც - უმნიშვნელო.

საერთოდაც, დოლიძე შესანიშნავ ფორმაშია. ხატოვნად რომ დავწეროთ, მეორე ახალგაზრდობას განიცდის და პრაქტიკულად შეუჩერებელია. გუშინაც მან პირდაპირ გააწამა "სამტრედიის" მცველები და მასზე არაერთხელ დაირღვა თამაშის წესი.

გაძევება რომ არა...
მატჩის მეორე ტაიმის შუაწელიდან "სამტრედიამ" თითქოს იპოვა თავისი თამაში და გაიბრძოლა კიდეც. ეს ბრძოლა ალბათ უფრო ფიცხელიც იქნებოდა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, გიული მანჯგალაძეს, წითელი ბარათი რომ არ მიეღო.

არადა, იმ ეპიზოდში მანჯგალაძეს ნამდვილად შეეძლო გაძევებისთვის თავის არიდება. როგორც ჩანს, მას წამით დაავიწყდა, რომ ყვითელი უკვე ჰქონდა.

"სამტრედია" იოლად არ დანებებულა. მატჩისთვის დამატებულ დროში გიორგი ბერიაშვილმა ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ცეცაძის ბიჭებმა მეტი ვეღარაფერი მოასწრეს.

მატჩის სტენოგრამა
10' - თორნიკე კაპანაძემ სამტრედიელ მცველს მოპარა ბურთი, მიგინეიშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს.
12' - გოლი! სამტრედიელ უკანახაზელთა მორიგი შეცდომა. ამჯერად შოთა ბაბუნაშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.
20' - ბექა ტუღუშის სახიფათო დარტყმა. მიგინეიშვილი ადგილზეა.
25' - დავით ჯიქიას დარტყმული სცდება ქუთაისელთა კარს.
33' - მჭედლიშვილის დარტყმა. კვასხვაძე დამაჯერებელია.
38' - კაპანაძემ წამით დააგვიანა ბურთზე "ჩაწოლა", თორემ გოლი გარდაუვალი იყო.
45' - გოლი! დოლიძე კუთხურიდან კარში ახვევს ბურთს. არ ჩანს, არის თუ არა მცირე რიკოშეტი. ფაქტია, მან გამიზნულად გააკეთა ყველაფერი.
59' - "სამტრედიის" კარგი მომენტი. გიული მანჯგალაძის ჩაწოდების შემდეგ ჩაგელიშვილმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
65' - დოლიძე-ტუღუშის შესანიშნავი კომბინაცია კინაღამ გოლით დასრულდა.
80' - რაჟამაშვილის კარგი ჩაწოდება და ბურთს ადგილზე ხვდება კვასხვაძე.
85' - ტუღუშის მორიგი კარგი პასის შემდეგ საღრიშვილმა ვერ გაიტანა.
87' - დოლიძემ შორეულ კუთხეს დაუმიზნა და ვერ შეაგდო.
90' - გოლი! გიორგი ბერიაშვილი სტანდარტული სიტუაციიდან ამცირებს ანგარიშში სხვაობას.

ეროვნული ლიგა. XV ტური
28.05. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე" 
ტორპედო-სამტრედია 2:1
გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (12), 2:0 მარკოზაშვილი (43-საკ. კარში), 2:1 ბერიაშვილი (90)
ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ხურცილავა - დოლიძე, ბაბუნაშვილი (61. მამასახლისი), გიგაური, კუხიანიძე, ტუღუში (80. საღრიშვილი) - კაპანაძე (68. საბანაძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, ბურჯანაძე, კუჭუხიძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
სამტრედია (4-4-1-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი (77. ახალაძე), სანდოხაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი - რაჟამაშვილი, გ. მანჯგალაძე, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (46. ჩაგელიშვილი) - ჯიქია (59. ბელოვი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, გოგიაშვილი, სამუშია, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: გ. მანჯგალაძე (35), ჯიქია (48), ჭიჭინაძე (50), ხურცილავა (90)
გაძევება: მანჯგალაძე (73)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

მომდევნო ტური
1 ივნისი, ხუთშაბათი
შუქურა-დინამო (თბ) 17:30
დინამო (ბთ)-საბურთალო 20:00

2 ივნისი. პარასკევი
სამტრედია-კოლხეთი 17:30
ჩიხურა-ტორპედო 17:30
დილა-ლოკომოტივი 19:30.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ცეცაძემ უძლიერესი გუნდი შეკრა. ეს გუნდი თავის ძLიერი მწვრთნელიანად გაზის კამერაში უნდა მოათავსო. ცეცაძე ჯერ უნდა დახვრიტო პირველ რიგში.
vai sacodavebo
04:33 31-05-2017
0
თბილისის დინამოს მოუგეთ, რა..
ქუთაისელი
13:02 29-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული