კოლხეთი-დილა 0:0 - ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე...

AutoSharing Option
ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძელსაც და სტუმარსაც მხოლოდ 3 ქულა აძლევდათ ხელს.

გორელებს კვლავ დააკლდათ დისკვალიფიცირებული საყრდენი - გიორგი პაპავა. მათმა მწვრთნელმა ზივ არიემ თავიდანვე არჩეული შემადგენლობით გაუსვა ხაზი იმას, რომ პირობით სტუმართა ამოცანა მხოლოდ გამარჯვება იყო.

ზივ არიემ წინა მატჩის ("ტორპედოსთან") შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. ფოთელებს კი გამოუჯანმრთელდათ კენიის ნაკრების მცველი უმა ოტიენო, რომელიც გუნდისათვის დიდი ძალაა.

გადავრჩით!
მატჩის შედეგი ყოველთვის უკანა პლანზე გადადის, როცა საქმე ფეხბურთელის ჯანმრთელობას ეხება. მით უმეტეს, ჩვენ არაერთი ტრაგედიის მხილველნი გავმხდარვართ
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სტადიონზე.

შაბათს გორელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟეან დერეტიმ გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც მინდორზე ცუდად დაეცა და სახე დაარტყა. სამედიცინო შტაბის წარმომადგენელთა ჩარევით სიტუაცია დროულად მოგვარდა. ბრაზილიელი გონს მოვიდა და მართალია, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მაგრამ ამას ვინღა დაეძებდა...

მოგვიანებით, "დილას" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა.

შეგვიძლია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვივარაუდოთ, რომ ამ ეპიზოდმა ორივე გუნდის ფეხბურთელების გარჯას კვალი დაატყო. ცხადია, ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე თამაშის გაგრძელება იოლი არ იქნებოდა...

მხოლოდ მეორე ტაიმი არ კმარა
ახალ "დილას" ერთი ზნე დასჩემდა: გუნდი გაცილებით უკეთესად ატარებს მეორე ტაიმს, ვიდრე პირველს. ასე იყო ამჯერადაც, თუმცა მატჩის დასკვნით ნაწილში მოპოვებულმა უპირატესობამ 3 ქულის მოსაპოვებლად არ იკმარა.

არადა, პირველი ტაიმი აშკარად თანაბარი იყო. ის კი არა, ფოთელები მთელ რიგ ეპიზოდებში უკეთესადაც გამოიყურებოდნენ და თავის გამოჩენაც შეეძლოთ.

აი, მეორე ტაიმში კი სიტუაცია შეიცვალა. ზივ არიემ საქმეში ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო ჩართო. ის ძალიან აქტიური იყო, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, ისევე, როგორც მისმა პარტნიორებმა, რომელთაც რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გაანიავეს.

დასამახსოვრებელი ეპიზოდი
თუ არ ჩავთვლით დერეტის ტრავმას, ყველანაირი გაგებით, ეს იყო რიგითი ქართული მატჩი. და მაინც, ვიხილეთ ერთი ეპიზოდი, რომელიც კარგა ხანს დაგვამახსოვრდება.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ფლავიო ნუბიომ ულამაზესი "მაკრატელათი" სცადა გატანა და ფოთელები მეკარე სტეფან სიკაჩის დიდებულმა თამაშმა იხსნა.

რა თქმა უნდა, "კოლხეთის" გულშემატკივრები არა, მაგრამ ნეიტრალური ქომაგებიც ისურვებდნენ, რომ ეს ეპიზოდი გოლით დაგვირგვინებულიყო...

მატჩის სტენოგრამა
1' - მიკოლა კოვტალიუკის კარგი მომენტი, რომელიც უკრაინელმა შემტევმა ვერ გამოიყენა.
12' - არფანგ დაფეს დარტყმულს გორელთა მცველი, რომარიკ ეტუ გადაეღობა.
15' - გორელთა საჯარიმო. გივი ქარქუზაშვილმა სტეფან სიკაჩის მოგერიებულს დაამატა და გაიტანა, მაგრამ არბიტრმა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
18' - გიორგი ჯანელიძის კუთხურის შემდეგ კოვტალიუკს თავური სასწაულებრივ აუცდა.
24' - გორელთა კონტრშეტევა. დერეტის ბურთი დავით ბოლქვაძემ აართვა. ბრაზილიელი უხერხულად დაეცა. საბედნიეროდ, ის გონზე მოვიდა, თუმცა თამაში ვეღარ გააგრძელა.
34' - ფლავიო ნუბიოს "მაკრატელა". სიკაჩმა შორეულ კუთხეში წასული ბურთი ნახტომში მოიგერია.
50' - გიორგი ფოფხაძის გადაცემის შემდეგ ფლავიო ნუბიოს გოლამდე ცოტა დააკლდა.
55' - ირაკლი ძარიას მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი სიკაჩმა მოიგერია.
60' - ლეანდრომ შორეულ მაღალ კუთხეში "მოჭრა" ბურთი და "კოლხეთი" სიკაჩმა გადაარჩინა.
63' - "დილას" კარგი კომბინაცია. თენგიზ წიქარიძემ ოდნავ ააცილა ფოთელთა კარს.
79' - ლეანდროს საჯარიმო და ბურთი ოდნავ სცდება ფოთელთა კარს.

ეროვნული ლიგა. XV ტური
27.05. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
კოლხეთი-დილა 0:0
კოლხეთი (4-2-3-1): სიკაჩი - გ. კილასონია, ვ. კილასონია, შ. კერძევაძე, ოტიენო - ენდელაძე (46. ლ. კაკულია), ბოლქვაძე - კორობკა (56. შალიკაშვილი), ჯანელიძე (78. მახარაძე), დაფე - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: შერმადინი, ჟიშკარიანი, ა. კვარაცხელია, ბუხაიძე
მწვრთნელი: გელა სანაია
დილა (4-1-4-1): მუჯრიშვილი - ეტოუ, ქარქუზაშვილი, კვახაძე, ფოფხაძე - რაზმაძე - აბუბაქარი, წიქარიძე, დერეტი (30. ძარია) - ტარავალიე (83. მათიაშვილი) - ფლავიო (59. ლეანდრო).
სათადარიგოები: ხაინდრავა, მაჩაიძე, ნონიკაშვილი, კირკიტაძე
მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: კერძევაძე (14), ფოფხაძე (22), ენდელაძე (33), წიქარიძე (45), ლ. კაკულია (85)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

მომდევნო ტური
1 ივნისი, ხუთშაბათი
შუქურა-დინამო (თბ) 17:30
დინამო (ბთ)-საბურთალო 20:00

2 ივნისი. პარასკევი
სამტრედია-კოლხეთი 17:30
ჩიხურა-ტორპედო 17:30
დილა-ლოკომოტივი 19:30.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული