ეროვნული ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ესეც ასე, მონატრებული შესვენების დროც დადგა! თუმცა, ვიდრე ეროვნული ლიგის მწვრთნელ-ფეხბურთელები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ცოტა სულს მოითქვამენ, მანამდე გასული ტურის პერიპეტიები უნდა გავიხსენოთ...

ეროვნულ ლიგაში დაძაბულობა ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა თითქმის ყოველ ტურში დაფიქსირებული აშკარად არაპროგნოზირებადი შედეგები...

რა თქმა უნდა, ვერც იმ აშკარად დადებით ტენდენციას ავუვლით გვერდს, ეროვნული ლიგის ფეხბურთელებმა ძალიან რომ გაგვანებივრეს ერთიმეორეზე ეფექტური გოლებით...

თუმცა, გასული ტური ტკბილად მოსაგონარი ყველასთვის არ ყოფილა. ზოგმა გუნდმა ვერაფრით დაძლია დანავსული სერია,
ზოგან სამწვრთნელო გადაადგილება განხორციელდა...

თუმცა "დილა"-"ლოკომოტივის" მატჩში მომხდარმა მართლაც უსიამოვნო ფაქტმა გასულ ტურში გატანილი ერთმანეთზე ეფექტური (გნებავთ - დიდოსტატური) გოლებიც დაჩრდილა და ამა თუ იმ გუნდის წარმატება თუ წარუმატებლობაც.

სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან საქმე ეხება საფრთხეს, რომელიც ფეხბურთელის სიცოცხლეს დაემუქრა. კიდევ კარგი, მძიმედ დაშავებული გიორგი ფოფხაძის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის მდგომარეობა დღესდღეობით ისეთია, სამედიცინო ტერმინოლოგიით - "სტაბილურად მძიმე" რომ ჰქვია, მაგრამ, რაც მთავარია, ფოფხაძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება...

დედაქალაქური რევანში და ყოჩაღი სტუმრები
წინა ტურის მიმოხილვაში აღვნიშნეთ, რომ XV ტური დანავსული გამოდგა დედაქალაქური გუნდებისათვის: პირველად მიმდინარე სეზონში, "დინამომ", "ლოკომოტივმა" და "საბურთალომ", სამივემ ერთდროულად წააგო.

და აი, რევანშის დროც დადგა: "დინამომ", "ლოკომოტივმა" და "საბურთალომ", ამჯერად, სამივემ ერთდროულად მოიგო და ისიც უნდა დავამატოთ, რომ სამივე დედაქალაქურმა გუნდმა სტუმრად გაიმარჯვა, თუმცა, ეს ტური, საერთოდაც, სტუმართა დომინირებით აღინიშნა: ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთადერთი შეხვედრა იყო ("სამტრედია"-"კოლხეთი"), სადაც მასპინძლებმა ქულა მოიპოვეს.

აი, დანარჩენი 4 დაპირისპირება კი, სტუმართა გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ამა თუ იმ გუნდის წარმატება მხოლოდ სატურნირო მნიშვნელობით არ იყო განსაკუთრებით აღსანიშნავი: XVI ტურში ერთმანეთზე უკეთესი იმდენი (და - ისეთი!) გოლი გავიდა, აღარც ვიცით, უპირატესობა რომელს მივანიჭოთ...

დოლიძის... მესამე სუნთქვა
ფეხბურთში და, საერთოდ, სპორტის სხვა სახეობაში, ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა თავის დროზე წარმატებული ესა თუ ის სპორტსმენი, გარკვეული პაუზის მერე კვლავაც ჩვეულ დონეზე იწყებს გამოსვლას...

სწორედ ასეთ დროს ამბობენ კიდეც: მეორე სუნთქვა გაეხსნაო და, კიდევ ვიმეორებთ, მსგავსი შემთხვევა უამრავია სპორტის ნებისმიერ სახეობაში; თუმცა, "ტორპედოს" 34 წლის მარჯვენა გარემარბი გრიგოლ დოლიძე ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ისე "დაფრინავს", აშკარად... "მესამე სუნთქვა" გაეხსნა.

მან ჯერ წინა ორ ტურში გაიბრწყინა, როცა კუთხურიდან პირდაპირ მეტოქის კარში აბზრიალებდა ბურთებს და "დილას" და "სამტრედიას" კარში გოლებიც ამგვარად გაიტანა; ახლა კი, როცა კახა ჩხეტიანის დამოძღვრილმა "ტორპედომ" ზედიზედ მეექვსე (!) მატჩი მოიგო, გრიგოლ დოლიძემ საგოლე პასი მიაწოდა ბოლო დროს ასევე მშვენივრად ათამაშებულ თორნიკე კაპანაძეს, მერე კი სულაც ბენეფისი მოიწყო და ერთმანეთზე უკეთესი ორი მართლაც სუპერგოლი გაიტანა "ჩიხურას" ბოსნიელი მეკარის, დინო ჰამზიჩის კარში...

ვისაც ეს გოლები არ უნახავს, ვურჩევთ, აუცილებლად ნახოს: პირველი გოლი შორეული, "ერთი შეხებით" დარტყმით გაიტანა უკიდურესად მახვილი კუთხიდან (აი, თითქმის ისეთი, გენიალურმა ჰოლანდიელმა ცენტრფორვარდმა მარკო ვან ბასტენმა რომ გაუტანა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე რენატ დასაევს), მეორე გოლი კი, ასევე მარჯვენა ფლანგიდან, ოღონდ ამჯერად უკვე ტერფის გარეთა ნაწილით რომ "აჭრა" შორეულ მაღალ კუთხეში!

- ჩიხურა-ტორპედო 0:3 - გოლი-ძე! [VIDEO]

დოლიძეს "პირველი სუნთქვა" 10 წლის წინათ გაეხსნა, როცა თბილისის "ამერთან" ერთად იგებდა სათასო ტიტულებს და სწორედ მაშინ იყო, საქართველოს სუპერთასზე რუსთავის "ოლიმპის" კარში ერთმანეთზე უკეთესი 3 გოლი რომ გაიტანა...

"მეორე სუნთქვა" კი 2013 წლის ზაფხულში გაეხსნა, როცა "დილას" ახალწვეულმა რამდენიმე ეფექტური გოლი გაიტანა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი, რაღა თქმა უნდა, ევროპალიგაზე "ჰაიდუკთან" საშინაო მატჩში გატანილი ეფექტური გოლი იყო...

და აი, ამ გამოცდილი გარემარბის "მესამე სუნთქვაც"...

უსიამოვნო სერიების დასასრული
გასული თვე მართლაც დანავსული გამოდგა "ლოკომოტივისათვის": გიორგი დევდარიანის გუნდმა 6 მატჩიდან ხომ 5 წააგო! და აი, ეს დანავსული სერია შეწყდა და ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ "ლოკომოტივმა" უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

ასევე შეწყდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის, ირაკლი სიხარულიძის უგოლო სერიაც: 26 წლის ცენტრფორვარდმა მიმდინარე სეზონში უკვე მე-6 დუბლი შეასრულა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ "ლოკომოტივის" 19 წლის ნიჭიერი შემტევის, ვატო არველაძის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ამ სეზონში...

...ნიჭიერი ბიჭების ნაკლებობას არც "საბურთალო" უჩივის, ასევე გასულ ტურში რომ შეწყვიტა უსიამოვნო სერია: ზედიზედ 3 წაგების მერე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ფაქტობრივად, "ექვსქულიან მატჩში" სტუმრად მოუგო ბათუმის "დინამოს".

სამაგიეროდ, ბათუმის "დინამო" ვერაფრით ახერხებს პლეი აუტის ზონიდან ამოსვლას და სიტუაციის გამოსწორებას ვერც მორიგი სამწვრთნელო ცვლილება შველის...

კუცია, როგორც ჩისკოსა და დობროვოლსკის მემკვიდრე
XIV ტური იყო, როცა თბილისის "დინამოს" ათმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. თუმცა, კახა კაჭარავას ახალგაზრდული გუნდი ამ მარცხის მერე კვლავაც ადრინდელივით ათამაშდა და ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა დიდი ანგარიშით, თანაც, დინამოელებმა ორჯერვე აჭარული გუნდების კარში გაიტანეს ოთხ-ოთხი გოლი: ჯერ საშინაო შეხვედრაში ბათუმის "დინამოსთან", ამჯერად კი სტუმრად, "შუქურასთან".

ამ ბოლო მატჩში "დინამო" თავდაპირველად აგებდა: "შუქურას" ერთ-ერთმა ლიდერმა, 27 წლის ლევან კუტალიამ ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო პენალტის ზუსტად შესრულება; თუმცა ამის შემდეგ გოლები მხოლოდ მასპინძელთა კარში გადიოდა და "დინამოს" ლიდერების, 23 წლის ბაჩანა არაბულისა თუ 22 წლის საბა ლობჟანიძის ოსტატური გოლები აღარავის უნდა გაჰკვირვებოდა, აი, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კუციამ ისეთი გოლი გაიტანა, მსგავსი შედევრი იშვიათობა რომ არის ჩვენს ჩემპიონატში - "დინამოს" უნივერსალმა (კაჭარავამ მიმდინარე სეზონში უკვე რამდენიმე პოზიციაზე ათამაშა), მოედანზე გასვლიდან რამდენიმე წამში, დაახლოებით 30 მეტრიდან, შეუჩერებლად გაგზავნა ბურთი მეკარისაგან დაუცველ კარში!

- შუქურა-დინამო(თბ) 1:4 - ყველაფერი გეგმის მიხედვით [VIDEO]

რა თქმა უნდა, მასპინძელთა მეკარე შეცდა, როცა ბურთი თამაშში ისე შეიყვანა, რომ მეტოქეს მიუვიდა, მაგრამ იმ ბურთს ხომ კარში ზუსტად გადაგზავნა "სჭირდება"? ჰოდა, 17 წლის გიორგი კუციამაც წამებში მიიღო გადაწყვეტილება და ისეთივე "შინაარსის" გოლი გაიტანა, როგორიც ამ სამი წლის წინ შეასრულა "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ: რუსთავში, "მეტალურგთან" სათასო მატჩში, დაინახა რა დაუცველი მეტოქის კარი, 40 მეტრიდან გაიტანა გოლი!

ისე, "ფოლადის" სტადიონზე უფრო შორეული და არანაკლებ ეფექტური გოლიც გასულა: 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, იმდროისათვის "მეტალურგის" ფეხბურთელმა დენის დობროვოლსკიმ სულაც მოედნის ცენტრიდან "დააქუხა" და ბურთი "ჩიხურას" კარის "ცხრიანში" მოარტყა.

- მეტალურგი-ჩიხურა 1:1 - სუპერგოლი საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]

იმ შემთხვევაშიც მეკარის შეცდომას მოჰყვა ყველაფერი, როცა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი თამაშში ისე შემოიტანა, პირდაპირ მეტოქეს რომ "დააჯდა" ფეხზე, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ შორეულ დარტყმას "შესრულება" ხომ სჭირდება?!.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შინდაგორიძე ბარემ კარში დაგეყენებინათ. ცენტრ ფორვარდზე ითამაშა და მარჯვენა მცველად გიყენიათ რა არის ეს
ავთო
14:46 06-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული