"დავით პეტრიაშვილი არენას" "ლოკომოტივი"-"სამტრედია" გახსნის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თამაშების გამო ეროვნულ ლიგაში პაუზაა. გუნდები XVII ტურისთვის ემზადებიან, რომელიც პარასკევს, 16 ივნისს დაიწყება...

ტურს თბილისში დაგეგმილი მატჩი გახსნის: "ლოკომოტივი" 17:30 საათზე მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლებს. ამ თამაშით მთელი ათი დღით ადრე იმის გამო დავინტერესდით, რაც ეროვნული ლიგის ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ - თამაში გაიმართება არა "მიხეილ მესხზე", სადაც "ლოკომოტივი" ტრადიციულად მასპინძელია, არამედ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, რომელიც ახალ თბილისში საგანგებოდ ოლიმპიური ფესტივალისთვის ააშენეს.

საქმე ისაა, რომ 16 ივნისს, "მიხეილ მესხზე" მორაგბეები შევლენ და საფეხბურთო მატჩის ჩატარება ვერ მოხერხდება. ამის
გამო "ლოკომოტივი" იძულებული გახდა, მატჩისთვის ახალი სარბიელი მოეძებნა. მართალია, "დავით პეტრიაშვილი არენის" გახსნა ევროპის ჩემპიონატისთვის იგეგმებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო და ფეხბურთის ფედერაციამ თბილისურ კლუბს სარბიელი დაუთმო.

ეს არენა, რომელიც 2500 მაყურებელს იტევს, შარშან ფეხბურთის ფედერაციას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის გადაეცა. მას შემდეგ სტადიონზე ბევრი რამ შეიცვალა. დამონტაჟდა სადრენაჟო სისტემა და დეკორატიული მინდვრის ნაცვლად, ნამდვილი საფეხბურთო საფარი დაიგო, რომელიც უკვე სათამაშოდ ვარგისია.

ფეხბურთელებისთვის არენის გადაცემა ნამდვილად საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან თბილისში მოედნებისა და სტადიონების სერიოზული დეფიციტია. კურიოზულია, რომ ასეთი პრობლემა გარდამავალი ჩემპიონატის ფინალურ თამაშამდე შეიქმნა - ყინვების გამო "სამტრედიამ" და "ჩიხურამ" სავარჯიშო მოედნები მხოლოდ ბოლო მომენტში დაიქირავეს.

ასე რომ, 16 ივნისს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი "ლოკომოტივისა" და "სამტრედიას" თამაშით გაიხსნება. რაც მთავარია, პატარა, კოხტა არენაზე, თანაც განათებაზე თამაში სატელევიზიოდაც მომგებიანია და მოთამაშეებსა და გულშემატკივარსაც კომფორტულ გარემოს შეუქმნის, 2500-ადგილიანი ტრიბუნების შევსება უფრო ადვილია და იმედია, დაინტერესებული მაყურებელიც გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამერიკის საელჩოსთანაა სტადიონი, სარბენი ბილიკი მართლა ბალახზე დიდია მგონი :/ საბურთალოს დარჩება და ეს სტადიონი
ალექსანდრე
15:39 07-06-2017
0
ნორმალური რაკურსით გადაღებული სურათი ვერ დადეთ,მეჩვენება თუ სარბენი ბილიკები სიგანეში უფრო დიდია ვიდრე მოედანი.თუ ასეა მაშინ ტელევიზორში ყურება ჯობია.ცხონებული"პეტრო"ფეხბურთში მოღვაწეობდა და სუფთა საფეხბურთო(სარბენი ბილიკების გარეშე)სტადიონი აეშენებინათ თუ მაგის სახელს არქმევდით...
კახა ქირია
14:19 07-06-2017
0

სიახლეები პოპულარული