XXV ტურის წინათქმა: მოტივაციას არავინ უჩივის

AutoSharing Option
მოახლოებული სანაკრებო მატჩების გამო საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შემჭიდროებული გრაფიკით უწევთ ასპარეზობა. ისე, ცხრა დღეში სამ-სამი შეხვედრის ჩატარება ადვილი საქმე მართლაც არ არის, მით უმეტეს, რომ უმაღლესი ლიგის ათი გუნდიდან მხოლოდ ერთეულებს თუ აქვთ გრძელი სათადარიგოთა სკამი, რაც მწვრთნელებს ძირითადი შემადგენლობის როტაციის საშუალებას მისცემს.

აბა, ექსპერიმენტების დრო ნამდვილად აღარ არის - ცხრილის სათავეშიც და ბოლოშიც სიტუაცია ერთობ დაიძაბა და ამის შემდეგ თითოეულ ქულასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

განსაკუთრებულ ყურადღებას კი, რაღა თქმა უნდა, საჩემპიონო დავა იწვევს, - მეოთხე წრის დაწყებამდე კონკურენტები
ერთმანეთს არ ხვდებიან, მაგრამ მანამდე სხვა გუნდებთან თუ დაკარგეს "დაუგეგმავი" ქულები, მაშინ ამბიციური მიზნების "გადახედვაც" მოუწევთ.

აი, ახლაც, ამ ტურში სამივე ფავორიტი სტუმრად თამაშობს და, ერთი შეხედვით (უფრო ზუსტად, სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით), ქულათა მარაგის გაზრდაც არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ გუშინდლიდან მოყოლებული ხომ "შევთანხმდით", რომ ამიერიდან პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეგვეკავებინა. თანაც, სამივე ფავორიტს ისეთ მეტოქეებთან უწევს სტუმრობა, ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა რომ აქვთ და ამ სამი შეხვედრიდან, სულ მცირე, ერთი მატჩის მეტ-ნაკლებად მოულოდნელი შედეგით დამთავრებაც არავის გაუკვირდეს...


კოლხეთი-ოლიმპი
არ დავმალავთ და, ჩვენი აზრით, ამ ტურში ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ ეს წყვილი იწვევს: უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლმა "კოლხეთმა" მოქმედ ჩემპიონსა და ამ გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს უნდა უმასპინძლოს. იმის გარდა, რომ ორივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდება, არანაკლებ ინტერესს იწვევს... მწვრთნელების ფაქტორიც. ბოლოს და ბოლოს, მართლაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა უმაღლეს ლიგაში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სოსო ფილიას დაბრუნება!

შეგახსენებთ, რომ ეს გამოცდილი სპეციალისტი 1990-2006 წლებში 14 სეზონის განმავლობაში (შესვენებებით) ხელმძღვანელობდა "კოლხეთს" და იმ პერიოდში საქართველოს ჩემპონატის ერთ-ერთ მოწინავე და სტაბილურ გუნდადაც აქცია. ფილიას ხელმძღვანელობით "კოლხეთი" მუდამ პირველ ხუთეულში ამთავრებდა სეზონს (ორჯერ-ვერცხლის მედლები მოიპოვა, სამჯერ-ბრინჯაოსი) და ამ გუნდის ყველაზე უარესი შედეგი X ადგილი (2005-06 წლების სეზონი) იყო, რის მერეც ეს დიდი ტრადიციების მქონე გუნდი ფინანსური პრობლემების გამო უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. სხვათა შორის, ფილიას ერთი უნიკალური რეკორდიც ეკუთვნის: საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ მან მოახერხა ერთსა და იმავე გუნდში 11 სეზონის სრულად ჩამთავრება!

და აი, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სოსო ფილიას კვლავაც ვიხილავთ უმაღლეს ლიგაში და უმაღლესი ლიგის მწვრთნელებში ყველაზე ასაკოვანი სპეციალისტი ყველაზე ახალგაზრდა კოლეგას დაუპირისპირდება; თანაც, თორნიკე მაისურაძისთვის პირველი შეხვედრა იქნება ფოთის "კოლხეთთან" - პირველი წრის მატჩში "ოლიმპს" თემურ მახარაძე ხელმძღვანელობდა, მეორე წრის შეხვედრაში კი - რამაზ მუმლაძე. პირველი წრის მატჩიც შემთხვევით არ გვიხსენებია: გუშინ აღვნიშნეთ, რომ წინა ტურის შეხვედრის ("ზესტაფონი"-"კოლხეთი") შედეგი XXII ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია იყოო; თუმცა არანაკლები კი არა, ალბათ, უფრო მეტი "მასშტაბი" ჰქონდა 25 სექტემბერს ფოთში ჩატარებულ მატჩს, როცა აღმავლობით მოასპარეზე მასპინძლებმა ქვეყნის ჩემპიონს მართლაც მტკივნეული მარცხი მიაყენეს - 5:1! სხვათა შორის, "ოლიმპის" არსებობის ისტორიაში არც მანამდე და არც მერე ამ გუნდს ასეთი ანგარიშით მატჩი არასდროს წაუგია.

2010 წლის 25 სექტემბრის მერე ორივე გუნდში უამრავი საკადრო ცვლილება მოხდა: მასპინძელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია პირველი ეტაპის მიწურულს ზაზა ინიაშვილმა შეცვალა, მერე ისევ შეროზია დაბრუნდა, წინა ტურში კი "კოლხეთმა" სენსაციურ შედეგს დავით მახარაძის ხელმძღვანელობით მიაღწია; ამას გარდა, ფინანსური პრობლემების გამო სხვადასხვა გუნდებს მიაშურა წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფმა და "კოლხეთში" ამჟამად სამი-ოთხი მოთამაშეღა დარჩა, ვინც სეზონი ამავე გუნდში დაიწყო. თუმცა, როცა სეზონის განმავლობაში ამა თუ იმ გუნდში მომხდარ საკადრო გადაადგილებებზე ვსაუბრობთ, "ოლიმპს" გვერდს ვერაფრით ავუვლით - რუსთავის გუნდი ხომ საკადრო ცვლილებებშიც ჩემპიონია!


სიონი-დინამო
უმაღლესი ლიგის ყველაზე "სტაჟიანი წევრების" დაპირისპირებაც არანაკლებ ინტერესს იწვევს: ბოლო ოთხ შეხვედრაში "სიონმა" მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, "დინამომ" კი, როგორც იქნა, გამარჯვების გემო გაიხსენა და კახა კაჭარავას გუნდიც სეზონის ბოლომდე არ მოასვენებს ცხრილში თავისზე წინ მყოფ "ზესტაფონსა" და "ოლიმპს".

არადა, ადრე თუ გვიან, "დინამოს" თამაშის ხარისხი უნდა გამოესწორებინა და ამ გუნდის ქომაგთა გასახარად, კლუბის უამრავ ახალწვეულთაგან უმრავლესობას ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესიც ნელ-ნელა უმთავრდება. თუმცა, დინამოელებმა, ალბათ, ჩვენზე უკეთ იციან, რომ არცთუ ძლიერ მეტოქეებთან ზედიზედ ორ მოგებას "განსაკუთრებულ მოვლენად" არავინ მიიჩნევს. თანაც, იმავე წინა მეტოქეებისაგან განსხვავებით, "სიონი" გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, მით უფრო, მათგან უმრავლესობას სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში" აქვს ნათამაშები და ესეც თქვენი დამატებითი მოტივაცია. თუმცა, დღევანდელ შეხვედრას უფრო მეტად სატურნირო "დატვირთვა" ექნება: ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო "სიონი" სახიფათო ზონასაც მიუახლოვდა და ამას გარდა, გიორგი ყიფშიძის გუნდს "დინამოს" შემდეგ ორი არანაკლებ რთული მატჩი ("ზესტაფონთან", "ოლიმპთან") ელოდება.

"სტაჟიანი წევრებიო", ზემოთ ვახსენეთ და დღევანდელი მეტოქეები უმაღლეს ლიგაში აქამდე 43-ჯერ შეხვედრიან; სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, "სიონისთვის" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ "დინამოა" - ბოლნისელებს მხოლოდ ოთხჯერ ჰყავთ დამარცხებული ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი. ამ ოთხიდან ერთი გამარჯვება კი ამ სეზონზე "მოდის" - პირველ წრეში, დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონმა" ლაშა ვაშაკიძის ერთადერთი გოლით ფავორიტი მეტოქე დაამარცხა. "დინამომ" მეორე წრეში შეძლო რევანშის აღება (2:0) და 26 ნოემბერს ჩაატარებული ის მატჩი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ჩემპიონატს გოლითა და, საერთოდ, იმ შეხვედრაში შთამბეჭდავი თამაშით მათე ვაწაძე დაემშვიდობა...



ვიტ ჯორჯია-ტორპედო
ის ფაქტი, რომ დღესდღეობით სატურნირო ცხრილის IV-V პოზიციაზე "ვიტ ჯორჯია" და "ტორპედო" იმყოფებიან, აბსოლუტურად ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ. ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ დღევანდელი მეტოქეები თასზეც წარმატებით ასპარეზობენ და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ. თუმცა, "ვიტ ჯორჯიამ" მეორე ეტაპი თუ მართლაც შთამბეჭდავად დაიწყო (გუნდი დღემდე ზედიზედ ოთხი გამარჯვებით მოვიდა), ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით "ტორპედოზე" - ქუთათურთა საყვარელი გუნდის მთავარი "სენი" კვლავაც არასტაბილურობაა; აღარაფერს ვამბობთ მწირ შედეგიანობაზე, მაგრამ ამ მხრივ პირველ ეტაპთან შედარებით სიტუაცია მაინც დადებითისკენ შეიცვალა - "ტორპედოს" ვეტერანი ახალწვეული გიორგი მეგრელაძე ბოლო მატჩებია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

დღევანდელ მეტოქეებს კიდევ ერთი "განმასხვავებელი ნიშანიც" აქვთ: მასპინძლები კვლავაც რჩებიან უმაღლესი ლიგის ყველაზე უკომპრომისო გუნდად (მხოლოდ ერთი ფრე აქვთ), მაშინ როცა "ტორპედომ" ყველაზე მეტი, რვა მატჩი დაასრულა საყაიმო ანგარიშით. აშკარად თანაბარი სიძლიერის მეტოქეთა დაპირისპირებაში მართლაც ძნელია რომელიმე გუნდს ფავორიტობა მივაკუთვნოთ, თუმცა ფსიქოლოგიური უპირატესობა რომ მასპინძელთა მხარეს იქნება, ამაზე წინა შეხვედრებიც მოწმობს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი და მეორე წრის მატჩები ერთნაირი ანგარიშით (1:0) დამთავრდა და ორივეჯერ გამარჯვება მერაბ კოჭლაშვილის "ვიტ ჯორჯიას" დარჩა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ორივეჯერ მართლაც ეფექტური გოლები ვიხილეთ: 24 სექტემბერს ბესიკ ჩიმაკაძემ რუსთავში მახვილი კუთხიდან გაიტანა, ხოლო 27 ნოემბერს ქუთაისში ჯაბა ლიპარტიამ, ალბათ, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ბურთი შეაგდო. მოკლედ, დღესაც ლამაზი გოლების მოლოდინში ვართ.



სამტრედია-ზესტაფონი
დღევანდელი მეტოქეები უმაღლეს ლიგაში აქამდე ექვსჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და "ზესტაფონის" უპირატესობა აშკარაზე მეტია: ექვსივე გამარჯვება და ბურთების მართლაც შთამბეჭდავი სხვაობა (24-6). ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ წინა სეზონის პირველი წრის მატჩის გარდა, ყველა დანარჩენი დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა;

ასე იყო ამ სეზონშიც: "ზესტაფონმა" პირველ წრეში სტუმრად 3:1 (დუბლი თორნიკე აფციაურმა შეასრულა, ერთი გოლიც გიორგი ონიანმა გაიტანა) გაიმარჯვა, აი, საშინაო შეხვედრაში კი XXII ჩემპიონატის სარეკორდო ანგარიშიც დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 26 ნოემბერს გია გეგუჩაძის გუნდმა "იმერულ დერბიში" მეტოქის კარში შვიდი უპასუხო გოლი გაიტანა! თანაც, ეს შვიდივე გოლი "ზესტაფონისა" და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებმა "გადაინაწილეს": ნიკოლოზ გელაშვილმა "ჰეთ-თრიქი" შეასრულა, ჯაბა დვალმა და რატი წინამძღვრიშვილმა კი ორ-ორი გოლი გაიტანეს.

თუმცა, ნურც ის ფაქტი დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონატის ლიდერთან მატჩი "სამტრედიამ" ცხრა ფეხბურთელით დაამთავრა; თანაც, მოედნის ნაადრევად დატოვება "სამტრედიას" ორივე ცენტრალურ მცველს (სპარტაკ გოგია, გიორგი ხუმარაშვილი) მოუწია და, აქედან გამომდინარე, ასეთი სხვაობით დამარცხება, მთლად მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, "სამტრედია" დღესაც სავალალო მდგომარეობაშია და ძნელი სათქმელია, თუ როგორ შეძლებს მძიმე ფინანსური სიტუაციაში მყოფი გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი აშკარა ფავორიტისთვის წინაააღმდეგობის გაწევას. თანაც, გვეეჭვება, რომ "ზესტაფონმა" წინა ტურის მსგავსად კვლავაც ვერ შეძლოს ერთ-ერთი აუტსაიდერის დამარცხება...



ბაია-სპარტაკი
"ბაიამ" და "სპარტაკმა" მეორე ეტაპი წარმატებით დაიწყეს, მაგრამ ბოლო ორ ტურში ვერც ერთი ქულა ვერ მოიპოვეს. "ბაია", ასე თუ ისე, მაინც უხიფათო ზონაშია, აი, "სპარტაკის" ზედიზედ ორი მარცხი კი მაშინათვე აისახა ამ გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე. მართალია, "სპარტაკი" ამჟამად მერვე საფეხურზე იმყოფება, მაგრამ თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს "კოლხეთს" მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლით უსწრებს.

ისე, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბადრი კვარაცხელიას ამ ბოლო დროს საკადრო პრობლემებიც მოეძალა: ტრავმირებულია და თანაგუნდელებს ვერ ეხმარება "სპარტაკის" ერთ-ერთი ლიდერი თემურ შონია, წინა ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ზვიად მეტრეველმა. ახლაც, "ბაიასთან" შეხვედრაში სწორედ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელები: ლევან ჭაფოძე და ტიერი-ანს კლოვისი.

სამაგიეროდ, მასპინძლები უდანაკარგოდ ხვდებიან დღევანდელ შეხვედრას და, ალბათ, ყველა ღონეს იხმარენ, თავიანთთვის სასურველი სტატისტიკა რომ გააუმჯობესონ. ამ შემთხვევაში კი იმას ვგულისხმობთ, რომ უმაღლეს ლიგაში საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი სწორედ ელგუჯა ქომეთიანის გუნდს აქვს, - ზუგდიდში "ბაიას" სიძლიერე კი, სეზონის დასაწყისიდან თითქმის ყველა გუნდმა "გამოსცადა". მოკლედ, ამ ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრის მსგავსად, ამ წყვილის მეტოქეებსაც მოტივაციის მხრივ არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული