დილა-შუქურა 4:0 - ბრაზილიურად ჩაბარებული გამოცდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ მატჩს რამდენიმე ქვეტექსტი ჰქონდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ახალგაზრდა მწვრთნელი - გიორგი შაშიაშვილი და გიორგი დეკანოსიძე. ისინი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მინდორზე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, არიან ერთი თაობის ფეხბურთელები და მეგობრები. ახლა კი მათი საფეხბურთო იდეების ჯახი ვიხილეთ...

დეკანოსიძე ამ ეტაპზე "დილას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია. პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ის ზივ არიემ დატოვა. შეხვედრას სრული შემადგენლობით დაესწრო "დილას" ახალი ხელმძღვ
ანელობა. მათ უნდა გადაწყვიტონ: "სამტრედიასთან" მორიგი ტურის მატჩის შემდეგ დეკანოსიძე ან დარჩება "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ან გორულ კლუბს სხვა დამრიგებელი დამოძღვრავს. პირველი გამოცდა "დეკამ" კარგად ჩააბარა.

მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ მისი რამდენიმე მიგნება აშკარად მოსაწონი იყო. მაგალითად, მან მარჯვენა მცველად გაამწესა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი პაპავა. უნივერსალური თვისებებით გამორჩეულმა ფეხბურთელმა მშვენივრად ითამაშა.

დეკანოსიძემ შეცვლაც გამოიცნო - სიერალეონელმა სალიუ ტარავალიემ თავი გოლით გამოიჩინა. ზოგადად კი, მოგვეჩვენა, რომ "დილას" მწვრთნელმა გაცილებით სწრაფი ფეხბურთი ათამაშა გუნდს, ვიდრე ეს ზივ არიეს დროს იყო.

მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა "დილას" მცველის, გიორგი ფოფხაძის მხარდასაჭერი ბანერი გამოფინეს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა "ლოკომოტივთან" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და მკურნალობს...

თამაშს რაც შეეხება, "დილამ" საწყის 25 წუთში მოათავა საქმე. ჯერ იყო და, დავით კირკიტაძის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ფლავიო ნუბიომ მაღალ ნახტომში დაჯაბნა მეურვე და მძლავრი თავურით გახსნა ანგარიში...

მალევე ქობულეთელებმა უწყინარ სიტუაციაში საჯარიმოში ხელით ითამაშეს და 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა ლეანდრო რიბეირომ. შეცვლაზე შესული ილია სტურუა ბურთს კი შესწვდა, მაგრამ მოგერიება ვერ მოახერხა.

საინტერესოა, რომ "დილა" კიდევ ორ შემთხვევაში ითხოვდა პენალტს. ერთ შემთხვევაში ჩანდა, რომ სტუმარმა ფეხბურთელმა ხელით ითამაშა...

მეორე ტაიმის შუაწელში გამარჯვებული საბოლოოდ გაირკვა. ქობულეთელმა უკანახაზელებმა უპატიებელი შეცდომების მთელი კასკადი დაუშვეს. ამან საშუალება მისცა თენგიზ წიქარიძეს, ჯერ მიეღო ბურთი, მერე დაემუშავებინა და გაეტანა. შემდეგ იყო სალიუ ტარავალიეს ზუსტი "გასროლა".

"შუქურას" ახალგაზრდა დამრიგებელ გიორგი შაშიაშვილს ვერ გავაკრიტიკებთ. ცხადია, შედეგი მისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის საკადრო პრობლემები, რომლებიც ამჟამად არის "შუქურაში".

გუნდი განახლების გზაზეა. ამ შეხვედრის წინ "შუქურა" რამდენიმე ლეგიონერმა დატოვა. ამას დაემატა ისიც, რომ გუნდს მატჩის დასაწყისშივე დააკლდა ძირითადი მეკარე და ერთ-ერთი ლიდერი აზამატ ჯიოევი. ის ტრავმირებული იყო, ახლახან გამოჯანმრთელდა, მაგრამ ისევ დაშავდა.

"შუქურაში" კიდევ გამოჩნდებიან ახალი ფეხბურთელები, მანამდე კი ქობულეთურ კლუბში ორმა ახალწვეულმა ითამაშა. გამოცდილ გიორგი კახელიშვილს გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. რაც შეეხება რომან პომაზანს, ის 22 წლის უკრაინელი მცველია, ვისაც ადრე ზაპოროჟიეს "მეტალურგისა" და ხარკოვის "ჰელიოსის" ღირსება დაუცავს.

საბოლოო ჯამში, "შუქურამ" მატჩი ისე ჩაამთავრა, რომ აშკარა საგოლე მომენტი რასაც ჰქვია, მხოლოდ ერთი ჰქონდა: ჟეფინიოს შესანიშნავი პასის შემდეგ კობა შალამბერიძემ ვერ შეაგდო. რა თქმა უნდა, გუნდს აშკარად სჭირდება გაძლიერება.

მატჩის სტენოგრამა
17' - წიქარიძის საჯარიმო. სტურუა ადგილზეა.
18' - გოლი! 1:0! კირკიტაძის ფლანგური გადაცემა, ფლავიომ საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო მცველს და მძლავრი თავურით გაიტანა.
25' - გოლი! 2:0! "დილას" კუთხურის შემდეგ ქობულეთელებმა საჯარიმო მოედანში ითამაშეს ხელით. ლეანდრო რიბეირომ ზუსტად დაარტყა. სტურუა ბურთს კი მისწვდა, მაგრამ... თავისიანები ვეღარ იხსნა.
34' - ჟეფინიოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შალამბერიძეს მუჯრიშვილმა აუღო.
38' - კირკიტაძის დარტყმის შემდეგ "შუქურა" ხარიხამ გადაარჩინა.
46' - სტურუამ წიქარიძეს არ გაატანინა.
61' - კლიმიაშვილის ჯარიმას მუჯრიშვილი ადგილზე დახვდა.
62' - კირკიტაძის დარტყმას სტურუა გადაეღობა.
65' - არქანიას დარტყმა და მუჯრიშვილის საიმედო თამაში.
66' - გოლი! 3:0. წიქარიძეს ქობულეთელმა მცველებმა ბურთის მშვიდად მიღების, დამუშავებისა და გატანის საშუალება მისცეს.
69' - ლეანდრომ ქობულეთელთა კარის ძელს გაარტყა ბურთი.
79' - გოლი! 4:0! ტარავალიემ მცველთან ბრძოლაში დაარტყა და გაიტანა.
82' - საბაძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

ეროვნული ლიგა. XVII ტური
16.06. თბილისი. "დინამო არენა"
დილა-შუქურა 4:0
გოლები: 1:0 ფლავიო (18), 2:0 ლეანდრო (25), 3:0 წიქარიძე (66), 4:0 ტარავალიე (79)
დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - პაპავა, ქარქუზაშვილი, კვახაძე, გაგოშიძე - კირკიტაძე (83. ნონიკაშვილი), წიქარიძე, ძარია, რაზმაძე, ლეანდრო რიბეირო (66. ტარავალიე) - ფლავიო ნუბიო (79. მათიაშვილი).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ეტუ, აბუბაქარი, დერეტი.
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
შუქურა (4-5-1): ჯიოევი (8. სტურუა) - ჩაჩუა, პომაზანი, მამულაშვილი, ჯაფარიძე - კახელიშვილი, გურული, კლიმიაშვილი, ჯეფინიო (74. საბაძე), შალამბერიძე (60. არქანია) - კუტალია.
სათადარიგოები: ცეცხლაძე, კალანდაძე, ჭანუყვაძე, მალაზონია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გაფრთხილება: რაზმაძე (38), მამულაშვილი (77)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მომდევნო ტური
20 ივნისი
ჩიხურა-ლოკომოტივი 17:30
სამტრედია-დილა 18:30

21 ივნისი
შუქურა-საბურთალო 18:00
დინამო (ბთ)-კოლხეთი 19:00
დინამო (თბ)-ტორპედო 21:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული