შოთა კაშია და ჯაკობია ბრუნდებიან?

AutoSharing Option
წინა სეზონში, კერძოდ, მეორე ეტაპის დასაწყისში, ცხინვალის `სპარტაკმა~ ორი მეტად ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა: საქართველოს ნაკრების ორი ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე და ლადო ბურდული დაიმატა! ორივე ამ გამოცდილი ფეხბურთელის დამატება კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა: `სპარტაკი~ საქართველოს თასის ნახევარფინალში იყო გასული და დემეტრაძე-ბურდულის `დუეტი~ გუნდს ფინალის საგზურის მოპოვებაში უნდა დახმარებოდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ `სპარტაკი~ თასის ნახევარფინალში `დინამოსთან~ დამარცხდა და სეზონის დასრულებისთანავე ორივე გამოცდილი მოთამაშე გუნდს დაემშვიდობა.
და აი, ახალი სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, `სპარტაკის~ სატრანსფერო კამპანია კვლავაც მოექცა ყურადღების ცენტრში: ამას
წინათ უკვე გამცნეთ, რომ გუნდში ვარჯიშობდა ვეტერანი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი, რომელიც ბოლო ორი წელიწადის განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდა სომხურ `მიკაში~; თუმცა, `სპარტაკის~ სატრანსფერო სიახლეები ამით არ ამოწურულა: უკვე ორი დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობენ ფეხბურთის ქართველ ქომაგთათვის საკმაოდ ცნობადი სახეები: შოთა კაშია და ლაშა ჯაკობია!

25 წლის შოთა კაშიას კარიერა აქამდე მხოლოდ ერთადერთ გუნდთან, თბილისის `დინამოსთან~ იყო დაკავშირებული. ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბში კაშია 16 წლის ასაკში ჩაირიცხა და მას შემდეგ ცხრა (!) სეზონი `დინამოს~ ერთგულად ემსახურა. ამ ბოლო დროს, ჩვენ საკლუბო ფეხბურთში მეტად უცნაური `ტენდენცია~ შეინიშნება: მოთამაშეების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველ ექვს თვეში გუნდს იცვლის; ჰოდა, სწორედ აქედან გამომდინარე არის დასაფასებელი კიდეც უფროსი კაშიას ერთგულება `დინამოსადმი~. ეგაც რომ არ იყოს, უკანასკნელი ოთხი სეზონის განმავლობაში შოთა კაშია `დინამოს~ შეუცვლელი ფეხბურთელი და ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ; ამას გარდა, გარკვეული პერიოდი `დინამოს~ კაპიტანიც იყო...

...გია გეგუჩაძე, ხვიჩა ქასრაშვილი, კახა ცხადაძე, დუშან უჰრინი, რაინერ ცობელი, კახა კაჭარავა, _ შოთა კაშია `დინამოში~ სხვადასხვა დროს ამ ექვსი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა და პრობლემა არც ერთ სპეციალისტთან არ ჰქონია (ისე როგორც თავის დროზე საქართველოს 19-წლამდელთა თუ 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის დროს). შოთა კაშიას უნივერსალური თვისებებიც არ უნდა დაგვავიწყდეს: ერთნაირი წარმატებით თამაშობდა ცენტრალურ მცველად, მარჯვენა მცველად თუ საყრდენ ნახევარმცველად; ბოლო სეზონი კი კახა კაჭარავა ძირითადად მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ათამაშებდა. სხვათა შორის, წინა სეზონში დინამოელთაგან ყველაზ მეტი მატჩი სწორედ შოთა კაშიამ ჩაატარა _ 36 შეხვედრიდან მხოლოდ ერთის გამოტოვება მოუხდა...

ფაქტია, რომ ცხინვალის `სპარტაკს~ კაშიას უნივერსალიზმი და გამოცდილება დიდად წაადგება: ჰო, ტიტულებიც არ დავივიწყოთ: 25 წლის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონიც არის, სამგზის ვერცხლის პრიზიორი და ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. ამას გარდა, `დინამოსთან~ ერთად ორჯერ საქართველოს თასს დაეუფლა, და განსაკუთრებით ფასეულია ალბათ, სულ პირველი ტიტული იქნება. 2004 წლის 23 მაისს, საქართველოს თასის ფინალში `დინამო~ ქუთაისის `ტორპედოსთან~ 0:1-ს აგებდა, როცა 19 წლის შოთა კაშიამ შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მერე, `დინამომ~ მეორე გოლიც გაიტანა და თასსაც დაეუფლა...

შოთა კაშიას `სპარტაკში~ ჩარიცხვა ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, აი, ლაშა ჯაკობიას შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარად არის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 29 წლის თავდამსხმელს, სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლო ორი სეზონი ხომ, ფაქტობრივად, გაუცდა. არადა, გასული საუკუნის 90-იან წლების ბოლოს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და იმედისმომცემ მოთამაშედ მიიჩნეოდა. საქართველოს 16 და 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც იყო: ჩვენმა ჭაბუკთა ნაკრებმა პორტუგალიაში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე რომ გაიმარჯვეს, საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ჯაკობია გახლდათ. ლიდერი იყო საქართველოს 18-წლიანთა ნაკრებშიც და ამ გუნდში ჯაკობიას ჩატარებული ერთი მატჩი დღესაც გვახსოვს: 1997 წლის 7 სექტემბერს, რუსთავში, 5000-მდე გულშემაკივარმა კოკისპირული წვიმის `თანხლებით~ მართლაც, ლამაზი შეხვედრა იხილა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ერთმანეთს საქართველოსა და რუმინეთის ჭაბუკთა ნაკრებები ხვდებოდნენ. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის ვახტანგ კოპალეიშვილის განკარგულებაში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა: ზურაბ ბათიაშვილი, ვალერი აბრამიძე, გიორგი შაშიაშვილი, მამუკა წერეთელი, გია კვარაცხელია, თორნიკე აფციაური, ლევან კორღალიძე; თუმცა, ჯაკობია მაინც ერთ-ერთი გამორჩეული იყო თანაგუნდელებშიც და საერთოდ, იმ შეხვედრაში: მეტოქის კარში კი ისეთი ზღაპრული გოლი გაიტანა, ბევრ ვარსკვლავს რომ შეშურდებოდა. მართალაც, სასწაული მატჩი იყო: დაძაბულობითა და ემოციებით, საბოლოოდ ჩვენი გამარჯვებით რომ დამთავრდა. თუმცა, იმ საღამოს, ჯაკობიას გარდა მოედანზე კიდევ ერთი ჭაბუკი აოცებდა სტადიონზე შეკრებილ ქომაგს _ სტუმართა მეათე ნომერი, რომლის სახელი და გვარი... ადრიან მუტუ გახლდათ! სამწუხაროდ, ჯაკობიას და მუტუს შემდგომი კარიერა არაერთგვაროვნად წარიმართა...

...შესაძლოა, ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია: ლაშა ჯაკობიას საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ... 18 მატჩი აქვს ჩატარებული! აქედან ერთი შეხვედრა `დინამო~ მაისურით იასპარეზა (2002-03 წლების სეზონის მიწურულს), მომდევნო ჩემპიონატი კი `თბილისში~ დაიწყო და მერე კვლავაც უცხოეთში გაემგზავრა _ ამჯერად უკვე საბერძნეთში (გარკვეული პერიოდი იქაურ `იანინაში~ თამაშობდა). საქართველოში დაბრუნებამდე კი 6 სეზონი ბელგიაში ასპარეზობდა, სადაც 17 წლის ასაკში გაემგზავრა და თავდაპირველად ამ ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში `სტანდარდში~ ირიცხებოდა. მერე, სხვადასხვა დროს განათხოვრებული იყო ბელგიურ კლუბებში: `ვიზეში~, `ლიეჟში~, `მონსში~, `აალსტში~; თუმცა, ჯაკობია-ფეხბურთელის საუკეთესო წლები, ალბათ, მაინც უკრაინის ჩემპიონატს უკავშირდება. განსაკუთრებით კი ხარკოვის `მეტალისტზე~ ითქმის _ სამი სეზონის განმავლობაში ქართველი ფორვარდი ამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახლდათ. გარკვეული დრო სხვა უკრაინულ კლუბშიც აქვს გატარებული _ კიევის `არსენალში~, სადაც მასზე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ შარშან `გაუგებრობაში~ მოჰყვა და უკვე მეორე წელია, რაც უფეხბურთოდ არის.

...2004 წლის 18 აგვისტოს საქართველოს ნაკრებში სადებიუტო თამაში ჩაატარა; ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ალენ ჟირესმა კიდევ ორჯერ მისცა თავის გამოჩენის შანსი; ამას უკვე პირველი სანაკრებო გოლიც მოჰყვა: ბულგარეთში დიდი ანგარიშით (2:6) რომ წავაგეთ, იმ შეხვედრაში შეცვლაზე შემოსულმა გოლი გაიტანა. ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი მაინც კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით ჩაატარა; ეგ კი არა, 2006 წლის 22 მარტს, ალბანეთი-საქართველოს ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების კაპიტანი სწორედ ლაშა ჯაკობია გახლდათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული