როცა მარტი უცნაურია

AutoSharing Option
დაიწყო მარტი და საქართველოს ჩემპიონატში მოულოდნელმა შედეგებმაც მოიმატა! ოღონდ, ისიც ვთქვათ, რომ ყველაფრის მარტის ჭირვეულობაზე „გადაბრალებაც“ არასწორი იქნებოდა; ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, გადამწყვეტი ფაქტორი ხომ სატურნირო მდგომარეობას უნდა მივანიჭოთ და მოდი, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ, სულ მცირე, აპრილის შუა რიცხვებამდე მეტ-ნაკლებად მოულოდნელი შედეგით დამთავრებულ მატჩებსა თუ ბევრად უფრო ხმაურიან სენსაციებს კიდევ უნდა ველოდოთ.

აი, ერთი თვის მერე კი, დიდი ალბათობით, ლოგიკამ და კანონზომიერებამ უნდა „იზეიმოს“; ოღონდ, იმ დროისათვის ამა თუ იმ გუნდის სათამაშო კლასსა თუ სიძლიერეს კი არ ექნება გადამწყვეტი
მნიშვნელობა, არამედ კონკრეტულ მომენტში რომელ გუნდს უფრო დასჭირდება ქულები. რა თქმა უნდა, „ხელაღებით“ არაფერს ვამტკიცებთ, გინდა თუ არა, სეზონის ბოლოსკენ „უცნაური“ მატჩები მოგვიმრავლდებაო, უბრალოდ, ნამდვილად არ გვინდა მოვლენები ასეთი „სცენარით“ რომ განვითარდეს. არადა, ბოლო წლების სტატისტიკა საპირისპიროს „ამტკიცებს“ და საქართველოს ჩემპიონატი ამ მხრივ „განსაკუთრებულად გამორჩეული“ (ანუ, ერთადერთი) სულაც არ არის.

ახლა კი გასული ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გავიხსენოთ და უპირველესად ის ვთქვათ, რომ სეზონის ბოლომდე საქართველოს ჩემპიონატს ინტრიგა გარანტირებული აქვს! თანაც, ეს ინტრიგა თუ დაძაბულობა საჩემპიონო რბოლაშიც იგრძნობა და ცხრილის ქვედა ნაწილშიც...


შეხვედრა წარსულთან
ზედიზედ მეორე ტურია ფოთის „კოლხეთი“ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია: უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლმა გუნდმა ჯერ „ზესტაფონთან“ მატჩში შეძლო სენსაციის მოხდენა და ერთპიროვნულ ლიდერთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ქულა მოიპოვა; ამჯერად კი ჩემპიონობის მეორე კანდიდატს, რუსთავის „ოლიმპს“ დაუხვდა მედგრად და ამ შემთხვევაშიც ქულა მოიპოვა. ისე, მართლაც უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ამ სეზონში „კოლხეთს“ მოქმედ ჩემპიონთან... დადებითი ბალანსი აქვს! ეგ კი არა, პირველ წრეში ფოთელთა სარეკორდო გამარჯვება (5:1) დღემდე რჩება XXII ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სენსაციად...

ზედიზედ მეორე ტურია ჩინებულად ასპარეზობს „კოლხეთის“ მეკარე ლაშა ძაგანია - ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველ ეტაპზეც რამდენიმე შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა (ოღონდ, იმ პერიოდში „სამტრედიაში“ გამოდიოდა) და აი, ახალ გუნდშიც აგრძელებს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას. გასაგებია, რომ მხოლოდ მეკარის დამაჯერებელი თამაშით სასურველი შედეგის მიღწევა რთულია, მაგრამ დამსახურებაც არავის უნდა დავუკარგოთ და ძაგანიაც (სრულიად დამსახურებულად) ზედიზედ მეორედ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შევიყვანეთ. ასევე ზედიზედ მეორედ „ტურის მწვრთნელად“ ფოთის „კოლხეთის“ თავკაცი მივიჩნიეთ: წინა ტურში ეს პატივი დავით მახარაძეს ერგო, ამჯერად კი მის უფროს კოლეგას - სოსო ფილიას. ისე, მცირე განმარტებაც გვინდა გავაკეთოთ: დავით მახარაძის ხელმძღვანელობით „კოლხეთმა“ ზესტაფონიდან ქულა რომ წამოიღო, ამ სპეციალისტს, რატომღაც უმაღლესი ლიგის დებიუტანტი-მწვრთნელი უწოდეს. არადა, მახარაძე ჯერ კიდევ 8 წლის წინათ (!) ხელმძღვანელობდა „კოლხეთს“; იმაზე ხომ საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი, რომ უმაღლეს ლიგაში ფოთელთა გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ დავით მახარაძე გახლავთ...

ტურის წინათქმაში ვრცლად ვისაუბრეთ „კოლხეთის“ ახალ მთავარ მწვრთნელზე; და აი, უმაღლეს ლიგაში დღესდღეობით ყველაზე გამოცდილ სპეციალისტს სოსო ფილიას მართლაც ჩინებული დაბრუნება გამოუვიდა: ჩემპიონატის ერთ-ერთ რეალურ ფავორიტთან მატჩში „კოლხეთმა“ უმნიშვნელოვანესი ქულა აიღო!

2006 წლის 9 მაისს, XVII ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში სოსო ფილიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე „კოლხეთმა“„ საკუთარ მოედანზე „ცხინვალს“ დიდი ანგარიშით (3:0) მოუგო; იმ დროს ვერავინ იფიქრებდა, „კოლხეთს“ სულ მალე რა უსიამოვნებაც ელოდა: ფინანსური პრობლემების გამო მომავალ სეზონში გუნდს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი ეთქვა; შემდეგ უფრო უარესი მოხდა - „კოლხეთი“ რეგიონალურ ლიგამდე დაქვეითდა და ადგილობრივი ბიზნესმენის, თემურ ბარქაიასა და ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელისა და მერე მწვრთნელის ზაზა ინიაშვილის დიდი ძალისხმევით 2010 წლის ზაფხულიდან ფოთელთა საყვარელი გუნდი კვლავაც დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ „კოლხეთის“ სატურნირო მდგომარეობას კრიტიკულს და სავალალოს ვუწოდებდით, - ის კი არა, ლამის იყო გუნდს პირველი ლიგის საგზურიც წინასწარ „გამოვუწერეთ“. მაგრამ ჩემპიონატის ორ გამორჩეულ გუნდთან (გნებავთ, ფავორიტებთან) მოპოვებულმა ორმა ქულამ „კოლხეთის“ არამხოლოდ სატურნირო მდგომარეობა გააუმჯობესა, არამედ იმის იმედიც გაუჩინა ფოთელებს, რომ მათ საყვარელ გუნდს მომავალ სეზონშიც უმაღლეს ლიგაში იხილავენ. ამის წინაპირობას სხვა დამაიმედებელ ფინანსურ გარანტიებთან ერთად მწვრთნელების ფაქტორიც იძლევა: დავით მახარაძესთან ერთად სამწვრთნელო შტაბში აგრეთვე იმუშავებენ ამ ქალაქისათვის და ამ გუნდისთვის კარგად ნაცნობი სახეები ნუგზარ მიქაბერიძე და მამუკა მიქავა.


სტაბილურობა და ფუფუნება
ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო „დინამომ“ და ლიდერ „ზესტაფონთან“ რვაქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, კლუბში ჩემპიონობის თემა კვლავაც აქტუალურია. ანდა, რატომ არ უნდა იყოს? იმის გარდა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდს ქულების აქეთ-იქით „დარიგების“ უფლება აღარ აქვს, ხომ შეიძლება კონკურენტებმაც, ამ და წინა ტურის მსგავსად, გზადაგზა სადმე წაიფორხილონ? ისე, „დინამოზე“ და ამ გუნდის ახალწვეულებზე მეორე ეტაპის დაწყებიდან უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ და აი, მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც, ეტყობა, საბოლოოდ მიაგნო კიდეც მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ შემადგენლობას; ყოველ შემთხვევაში, ზამთრის პაუზის მერე პირველად მოხდა, როცა ზედიზედ ორი მატჩი „დინამომ“ ერთი და იგივე შემადგენლობით იასპარეზა, - სტაბილურობის შედეგი კი სატურნირო ცხრილსაც „დაეტყო“, მით უფრო, როცა გუნდს კონკურენტებთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კაჭარავას პირველ ეტაპზეც და წინა სეზონშიც მუდამ ჰქონდა გრძელი სათადარიგოთა სკამის პრობლემა; ახლა კი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და პირველად ბოლო წლების განმავლობაში, „დინამოში“ მართლაც არნახული კონკურენციაა. თავად განსაჯეთ: ზედიზედ ორი ტურია, 18-კაციან განაცხადში ვერ ვხედავთ გია კვარაცხელიასა და ედნილსონს, ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებიან შოთა კაშია და გულვერდ თომაშვილი, თადარიგში ყოფნა უწევს ზოგიერთ ახალწვეულსაც (ნიკა კვეკვესკირი, მარკო მაროვიჩი, დიმიტრი ტატანაშვილი, დავით ციმაკურიძე), ჰოდა, ყოველივე ამას, ალბათ, ფუფუნებაც უნდა ეწოდოს.

გასულ ტურში „დინამოს“ იოლი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია: ტაიმების ბოლოს თითრ-თითო გატანილი გოლით, „სიონის“ წინააღმდეგობა დაძლია. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინის თავი ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა. სხვათა შორის, ხმალაძეს ამ სეზონში უკვე 7 გოლი დაუგროვდა და დღესდღეობით „დინამოს“ საუკეთესო ბომბარდირია; აი, ჯუისმა კი, ისე როგორც წინა ტურში „სამტრედიასთან“ შეხვედრაში, ამჯერადაც შეცვლაზე შემოსულმა შეძლო გოლის გატანა.


ახალი ვეტერინარები
პირველი ეტაპის დასრულების შემდენ „ვიტ ჯორჯია“, ერთი შეხედვით, კომფორტულ პოზიციაზე (V ადგილზე) კი იმყოფებოდა, მაგრამ გუნდის სატურნირო მდგომარეობას დამაიმედებელი ნამდვილად არ ეთქმოდა - „ვეტერინარებს“ გასავარდნ ზონასთან მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა აშორებდა და აი, მეორე ეტაპის დაწყებიდან 7 ტური გავიდა და „ვიტ ჯორჯია“ სახიფათო და, რაც მთავარია, თავისთვის შეუფერებელ გასავარდნ ზონას უკვე 15 ქულით დაშორდა! ჰო, ეს უკვე მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობაა - მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო და აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ სეზონში მსგავსი მიღწევა მხოლოდ „ზესტაფონს“ ჰქონდა.

არადა, ბევრი ფიქრობდა, რომ მეორე ეტაპზე, კერძოდ, ჩემპიონატის მატჩებში „ვეტერინარები“ თავს დიდად არ შეიწუხებდნენ და ძირითად აქცენტს თასის გათამაშებაზე აიღებდნენ („ვიტ ჯორჯია“ თასის ნახევარფინალშია გასული). ამას გარდა, არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტორი, როცა ზამთრის პაუზის დროს გუნდი ერთდროულად სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა (ჯაბა ლიპარტია, ირაკლი კლიმიაშვილი, დავით ლომაია) დატოვა, თუმცა სანაცვლოდ ძირითადი შემადგენლობისკენ გზა ბევრ ახალგაზრდა „ვეტერინარებს“ გაეხსნა. ის კი არა, ტური არ გავა, „ვიტ ჯორჯიას“ რომელიმე ახალგაზრდა ფეხუბრთელმა თავი არ გამოიჩინოს: ორი ტურის წინ ბოლნისში უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გურამ გურეშიძემ გაიტანა, ახლა კი იგივე მიღწევა გიორგი კორიფაძემ გაიმეორა.

რაც მთავარია, „ვიტ ჯორჯია“ არ ღალატობს სამართლიანი თამაშის პრინციპებს - მეორე ეტაპზე ისეთი მეტოქეები დაამარცხა, რომელთა უმრავლესობასაც ქულები მეტად და მეტად სჭირდებოდა. საერთოდ კი, რახან ლაპარაკი მეტოქეებზე ჩამოვარდა, ისიც ვთქვათ, რომ „ტორპედოსთვის“ ამ სეზონში ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე სწორედ „ვიტ ჯორჯიაა“: სამივე შეხვედრა „ვეტერინართა“ გამარჯვებით დამთავრდა! ქუთათურებს ერთადერთ „ნუგეშად“, ალბათ, მათი ძველ-ახალი ბომბარდირისა და საერთოდაც, მთავარი იმედის, გიორგი მეგრელაძის მორიგი გოლი იყო...


ქება ქობალიას
ტური არ გავა, ზუგდიდის „ბაიას“ ჭაბუკ ფორვარდზე, ირაკლი ქობალიაზე ქების სიტყვები არ ვთქვათ; ამ ათლეტურ თავდამსხმელს ასაკთან შეუფერებელი (19 წელი ახლახანს შეუსრულდა) „ცივსისხლიანობის“ გარდა ბევრი ის თვისებაც გააჩნია, მაღალი კლასის თავდამსხმელად ჩამოყალიბებას რომ სჭირდება. ქობალიას სისწრაფეც არ დაეწუნება, პოზიციასაც კარგად ირჩევს, ორთაბრძოლებშიც უშიშრად შედის და, რაც მთავარია, სათამაშო ეპიზოდებში სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. სხვათა შორის, მეორე ეტაპის დაწყებამდე „ბაიას“ მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა „ლელოსთან“ ინტერვიუში ახალწვეულებზე საუბრისას ამ ბიჭის სახელი და გვარი ახსენა და ხაზგასმით აღნიშნა კიდეც: ირაკლი ქობალია ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა უნდა გახდესო. ჯერჯერობით ყველაფერი მართლაც აქეთკენ მიდის და დებიუტანტი ფორვარდის ანგარიშზე უკვე 4 გოლია;

რაც მთავარია, „ბაია“ კვლავაც წარმატებით აგრძელებს საკუთარ მოედანზე თამაშს (მეორე ეტაზე ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს) და, ალბათ, სასწაული უნდა მოხდეს, ზუგდიდურ გუნდს უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე რომ დაემუქროს. არადა, „ბაიას“ დალხენილ-უზრუნველყოფილი ფინანსური პირობები აქვსო, ამას მართლაც ვერავინ იტყვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ზუგდიდური გუნდი ღირსეულად ასპარეზობს. რაც, სამწუხაროდ „სამტრედიაზე“ არ ითქმის - ყველასგან მიტოვებული ეს დიდი ტრადიციის მქონე გუნდი ზედიზედ მეხუთე მარცხით, ფაქტობრივად, პირველ ლიგაში გავარდნის ერთ-ერთ რეალურ კანიდატად უნდა განვიხილოთ.

ახალგაზრდა მწვრთნელის, ლევან ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე „სამტრედიამ“ წინა ტურის განსხვავებით ამჯერად მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ჩემპიონობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატს, მაგრამ „ზესტაფონი“ ზედიზედ მეორედ რომ არ დაკარგავდა ქულებს, ამაში, ალბათ, ყველა დარწმუნებული იყო. ასეც მოხდა: ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ნიკოლოზ გელაშვილის ერთადერთი გოლით გია გეგუჩაძის გუნდმა მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა და უახლოეს მდევარს „ოლიმპს“ ახლა უკვე სამი ქულით უსწრებს...


ფოტო: fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული