საინტერესო სტატისტიკა: 257 572 მოწონება ქართულ ფეხბურთს

AutoSharing Option
XXI საუკუნეში საზოგადოებასთან ურთიერთობა მხოლოდ პრესკონფერენციებითა და პრესრელიზებით წარმოუდგენელია - საამისოდ, სოციალური ქსელების დახმარება მიღებული და დამკვიდრებული მეთოდია.

ინტერნეტსივრცეში ფეხბურთელები და გუნდები განცხადებებს აკეთებენ, ამა თუ იმ მოვლენის მიმართ დამოკიდებულებას აფიქსირებენ...

ამ საქმის მოწინავეებს ჩვენ ჯერ საგრძნობლად ჩამოვრჩებით. ბევრი კლუბისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა ისეთივე ბუნდოვანი თემაა, როგორც - ჩინური იეროგლიფები და ამას ვალდებულებად არც თვლიან. მაგრამ სოციალურ ქსელში აქტიურობამ ნელ-ნელა ფეხი საქართველოშიც მოიკიდა.

ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში შემოგთავაზეთ სტატისტიკა, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საქართველოს უმაღლესი ლიგის რომელი კლუბის ოფიციალური გვერდი რამდენ ადამიანს
მოსწონს - ეს ციფრი ყველა მათგანის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული.

ახლა ეს ციფრები შეიცვალა და კლუბების მხარდამჭერთა რაოდენობაც გაიზარდა. ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, თუ რომელი გუნდია სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული.

ჩვენ ამ სტატისტიკის განახლებულ ვარიანტს გთავაზობთ: ნომინაციაში უდავო ლიდერი კვლავ თბილისის "დინამოა", რომელიც უფრო მეტი მოწონებით სარგებლობს, ვიდრე ყველა დანარჩენი კლუბი ერთად აღებული. ეს იმის შედეგიც არის, რომ თბილისურ კლუბს საქართველოს გარეთ ყველა დანარჩენზე უკეთ იცნობენ.

კლუბი მოწონება
დინამო თბ 167 975
დილა 13 860
ტორპედო 13 573
დინამო ბთ 12 562
საბურთალო 13 524
ლოკომოტივი 13 194
ჩიხურა 8 754
კოლხეთი 7 816
სამტრედია 3 523
შუქურა 2 791

სულ, ყველა ქართულმა გუნდმა 257 572 მოწონება დაიმსახურა, რაც პატარა ციფრი არ არის. მსგავს მაჩვენებელს ვერც ერთ სახეობაში ვერ ნახავთ. ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა კლუბის პოპულარობაზე მეტად იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად აქტიურია ეროვნული ლიგის ესა თუ ის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში. ზოგიერთი ურთიერთობების ამ ფორმას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

ახლა რაც შეეხება იანვრის მონაცემებთან შედარებით არსებულ სხვაობას. ვერ გეტყვით, მას შემდეგ მოსაწონი ვინ რა გააკეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა გუნდის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

ლიდერი კი თბილისის "ლოკომოტივია", რომლის ნოვაციური მიდგომები და აქტიურობა ნამდვილად დასაფასებელია.

კლუბი მოწონება
ლოკომოტივი +3216
დინამო ბთ +2284
ტორპედო +1702
სამტრედია +1554
კოლხეთი +1388
საბურთალო +1278
დილა +1016
ჩიხურა +884
დინამო თბ +431
შუქურა +420

ჩვენ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა მიუთითებს, რომ კლუბებს ინტერნეტში ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე ტრიბუნაზე. ამ კუთხით თბილისური კლუბები მძიმე მდგომარეობაში არიან.

არადა, გულშემატკივრების რაოდენობით, წესით, აბსოლუტური უპირატესობა უნდა ჰქონდეთ.

თუმცა, რეალურად, ეს ვირტუალური, პასიური მხარდამჭერია, რაც ტრიბუნაზე არ აისახება - სამი დედაქალაქური კლუბის 194 693 მხარდამჭერიდან ეროვნული ლიგის მატჩებს ფიზიკურად მესამედიც არ ესწრება.

არადა, ტრიბუნაზე მათი 10 პროცენტიც რომ მივიდეს, სტადიონზე ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო გარანტირებული იქნება.

რეალურ და ინტერნეტგულშემატკივრებს შორის გაცილებით ნაკლები სხვაობაა რეგიონებში - გორში, ბათუმში, სამტრედიაში, ქუთაისსა და ივანწმინდაში ეროვნული ლიგის თამაშებს ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე დედაქალაქში.

ისე, დასაფიქრებელია: ხალხს ფეხბურთი როგორ უყვარს, რომ ბოლო ევროთასებზე ჩვენი კლუბების სამარცხვინო გამოსვლების შემდეგ, სტადიონზე მაინც დადის. გასულ უქმეებზე ბათუმის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" თამაში ეროვნული ლიგის ნამდვილი მშვენება იყო.

ამ დამოკიდებულების შენარჩუნება ქართული კლუბების მთავარი ამოცანაა. დროა, მათი განვითარება და წინსვლა დაიწყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Xalxi yovel dge mushaobs agaraaqvs dasvenebis dgeebi marto kviras ro isveneben stadionze misvlas ojaxtan iuos yvelas urchevnia shabati da kvira kanonit unda oyos dasvenebis dgeee
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული