სანაკრებო ინტერესი

AutoSharing Option

ხვალინდელი მატჩების მერე საქართველოს ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება; მიზეზი კი სანაკრებო თამაშებია: შეგახსენებთ, რომ 26 და 30 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს ხორვატიასთან და ისრაელთან; ამას გარდა, ორშაბათს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, სანაკრებო მატჩებს საქართველოს ჩემპიონატზე არანაირი ზეგავლენა არ ჰქონდა (ჩვენს უპირველეს გუნდში აქ მოასპარეზე ფეხბურთელთაგან ერთეულებს თუ მიიწვევდნენ-ხლომე). ამჟამად კი სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა: თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ექვს ფეხბურთელს (გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე,
გიორგი ხიდეშელი, კახა ალადაშვილი, ბუბა დაუშვილი, ირაკლი მოდებაძე) უხმო, ოთარ გაბელიამ კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უმაღლესი ლიგის რვა მოთამაშე (თორნიკე ზარქუა, ლევან კაკუბავა, ნიკა აფაქიძე, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე, მამუკა კობახიძე, გიორგი ოთარაშვილი, ირაკლი ქობალია) გამოიძახა. სხვათა შორის, უმაღლესი ლიგა შემთხვევით არ გვიხსენებია: ახალგაზრდულ ნაკრებში პირველი ლიგის ერთი წარმომადგენელიც არის (ბათუმის „დინამოს“ მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი) და ერთიც სარეზერვო სიაშია (მარტვილის „მერანის“ მცველი თორნიკე კაკუშაძე). ვერაფერს ვიტყვით: საქართველოს ჩემპიონატისთვის მართლაც სოლიდური წარმომადგენლობაა და ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია, რომ არც ისეთი დაბალი დონის პირველობას ვატარებთ...
სანაკრებო პაუზამდე კი მართლაც საინტერესო ტური გველოდება: მეგრული „დერბით“, ბოლო წლების პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებითა და ასე შემდეგ...


ბაია-კოლხეთი
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში კვლავ აღდგა ზუგდიდისა და ფოთის გუნდების დაპირისპირება და ძველი მეტოქეების ხვალინდელი პაექრობაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით წყვილში ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ; თანაც მეორე ეტაპის დაწყებიდან ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე სამი მატჩი ჩაატარა და სამივე ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია! ასეთმა წარმატებულმა ასპარეზობამ „ბაია“, ფაქტობრივად, საბოლოოდ დააშორა გასავარდნ ზონას, სადაც დღემდე იმყოფება ხვალინდელი მეტოქე. აი, ვის სჭირდება ქულები, თუ სჭირდება, მით უფრო, რომ ბოლო ორ ტურში „კოლხეთმა“ მართლაც სენსაციურ შედეგებს მიაღწია ჩემპიონატის ფავორიტებთან შეხვედრებში. მოკლედ, ძველ-ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოასპარეზე „კოლხეთი“ ჩინებული განწყობით უნდა ესტუმროს ზუგდიდს და ამ სეზონში პირველი საგარეო გამარჯვება ფოთელებმა სწორედ „ბაიასთან“ შეხვედრაში რომ მოიპოვონ, არც ეს ფაქტი უნდა გაუკვირდეს ვინმეს...
ხვალინდელი მეტოქეების პირველი წრის შეხვედრა მეტად საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა: პირველ ტაიმში ანგარიში „კოლხეთის“ შემტევმა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ გახსნა; შესვენების შემდეგ კი მასპინძლები გააქტიურდნენ და ჯერ ვეტერანმა გიორგი მეგრელაძემ გამოიჩინა თავი, მატჩის მიწურულს კი ახალგაზრდა ნიკა კვეკვესკირმა ზუგდიდურ გუნდს გამარჯვება მოუტანა. მეგრელაძე და კვეკვესკირი ამჟამად სხვა გუნდების ღირსებას იცავენ. თუმცა ამ ბოლო დროს საიმედოდ მოასპარეზე „კოლხეთის“ მეკარე ლაშა ძაგანია (ორ ფავორიტთან შეხვედრაში კარი მშრალად რომ შეინახა) საფრთხეს სხვისგან უნდა ელოდოს — „ბაიას“ ახალგაზრდა ფორვარდი ირაკლი ქობალია თამაშიდან-თამაშამდე ავლენს თავის ბომბარდირულ თვისებებს.


სპარტაკი-ტორპედო

მოტივაციის ნაკლებობას არც ეს წყვილი უნდა უჩიოდეს: „სპარტაკი“ კვლავაც გასავარდნ ზონაშია, „ტორპედოს“ ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა თუ ამ გუნდის მრავალრიცხოვან ქომაგებს არა გვგონია, დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა აკმაყოფილებდეთ. რა თქმა უნდა, ქუთათურებს პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ ფინანსურად უზრუნველყოფილ და კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდისგან „ტორპედოს“ გულშემატიკვარი ბევრად უკეთეს შედეგს რომ მოელოდა, ესეც ფაქტია. სამწუხაროდ, „ტორპედოს“ არასტაბილურობა დასჩემდა: ერთი-ორ წარმატებულ მატჩს მერე გარკვეულ ჩავარდნას მიაყოლებს-ხოლმე. არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი სოლიდური შემადგენლობით გუნდს თავისუფლად შეეძლო პირველ სამეულში მოხვედრისათვის ებრძოლა, მაგრამ...
პირველი ეტაპის მიწურულსა და მეორის დასაწყისში „სპარტაკს“ ერთობ წარმატებული პერიოდი ჰქონდა და ყოველივე ეს შედეგზეც აისახა: სეზონის დაწყებიდან პირველად მოხდა, გუნდმა ჯერ ბოლო ადგილს, მერე კი გასავარდნ ზონას თავი რომ დააღწია. თუმცა ამას ზედიზედ სამი წაგება მოჰყვა და ბადრი კვარაცხელიას გუნდი კვლავაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ამ გუნდებს შორის წინა ორივე დაპირისპირება ქუთათურთა გამარჯვებით დასრულდა: პირველ წრეში „ტორპედომ“ ახალგაზრდა ფორვარდის ლაშა კემუხტაშვილის „დუბლის“ წყალობით მოიგო. სხვათა შორის, 29 სექტემბერს ჩატარებულ იმ შეხვედრაში „ტორპედო“ მოედანზე ახლმა მწვრთნელმა, გია გიგატაძემ გამოიყვანა და დებიუტიც ორმაგად წარმატებული გამოდგა — ქუთაისელებმა ხომ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს!
აი, მეორე წრის შეხვედრა ქუთაისელ ქომაგებსაც და... „სპარტაკის“ გამოცდილ მეკარეს სოსო გრიშიკაშვილს, ალბათ, დიდხანს ემახსოვრებათ: უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები იწურებოდა, „ტორპედოს“ მცველმა თენგიზ ჩიკვილაძემ დაახლოებით 40 მეტრიდან იშვიათი სილამაზის გოლი რომ გაიტანა სტუმართა კარში...



ოლიმპი-სამტრედია
აი, ეს კი ის შემთხვევაა, როცა კონკრეტულ წყვილში უპირობო ფავორიტია: მართლაც რა ან როგორ უნდა მოხდეს, ჩემპიონმა „დაგეგმილი“ 3 ქულა რომ ვერ მოიპოვოს. თანაც, წინა ტურში მოულოდნელი წაფორხილების შემდეგ, რის შედეგადაც „ოლიმპი“ ახლა უკვე სამი ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერს „ზესტაფონს“ დაა ამას გარდა, „ზურგსუკან“ მოყოჩაღებული „დინამოს“ „აჩრდილიც მოსდევს“. იმის გარდა, რომ ხვალინდელ მატჩში ერთმანეთს გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი და გამოკვეთილი აუტსაიდერი ხვდებიან, მასპინძელთა სასარგებლოდ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს: წინა ექვსი დაპირისპირებიდან „სამტრედიამ“ მხოლოდ ერთხელ შეძლო რუსთაველებთან ქულის მოპოვება, ამას გარდა, საკუთარ მოედანზე საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ „ოლიმპს“ აქვს. თუმცა, სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც რომ არ დავეყრდნოთ, ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოსადგენია უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი „სამტრედიისაგან“ სასწაულის მოხდენა; არადა, ლევან ანჯაფარიძის გუნდს ბრძოლისუნარიანობას ვერავინ რომ დაუწუნებს, წინა ტურშიც დამტკიცდა, როცა „სამტრედია“ მხოლოდ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა „ზესტაფონთან“.
ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრა „ოლიმპის“ დამაჯერებელი გამარჯვებით (3:0) დამთავრდა და აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი მატჩის პირველ ტაიმში გავიდა. თანაც, სტუმართა კარში სამივე ბურთი „ოლიმპის“ ცენტრფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ გაიტანა (საერთოდაც, ეს იყო XXII ჩემპიონატის პირველი „ჰეთ-თრიქი“). აი, მეორე წრის მატჩი კი, მართლაც მოულოდნელი შედეგით დამთავრდა: გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე „სამტრედიამ“ ფავორიტ მეტოქესთან დიდი აღმავლობით ითამაშა და სენსაციურ ფრესაც მიაღწია. თუმცა, 5 დეკემბერს ჩატარებული იმ მატჩის შემდეგ ორივე გუნდში არაერთი საკადრო ცვლილება მოხდა; თანაც, ეს ცვლილებები ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბსაც შეეხო და ფეხბურთელებსაც...


ზესტაფონი-სიონი
ერთი კვირის წინ ზესტაფონელ ქომაგებს, ალბათ, ვერაფრით აეხსნათ, თუ როგორ ვერ შეძლო საჩემპიონოდ „მომართულმა“ მათმა საყვარელ გუნდმა საშინაო მატჩში ერთ-ერთი აუტსაიდერის „კოლხეთის“ დამარცხება. თუმცა, ეს რომ დროებითი ჩავარდნა იყო, მომდევნო ტურმაც დაამტკიცა და „ზესტაფონის“ საჩემპიონო ამბიცია დღესდღეობითაც რეალურზე-რეალურია. ერთი შეხედვით, მასპინძლები ხვალინდელ მატჩშიც უპირობო ფავორიტად უნდა მიგვეჩნია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მეტოქის ბოლოდროინდელ წარუმატებელ ასპარეზობას: ბოლო ხუთ შეხვედრაში „სიონმა“ მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა. ბოლნისელთა ბედად, კონკურენტებიც თამაშს-თამაშზე აგებდნენ, თორემ უმაღლეს ლიგაში 16-წლიანი ყოფნისას „სიონს“ პირველად დაემუქრებოდა პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე. ზედიზედ ოთხ მარცხს კი... საკადრო ცვლილებები მოჰყვა: როგორც გუშინ გვაცნობა ბოლნისური კლუბის პრესსამსახურის უფროსმა ჯემალ ჭიპაშვილმა, ამიერიდან „სიონის“ მთავარ მწვრთნელად ხვიჩა ქასრაშვილი იმუშავებს. სხვათა შორის, ქასრაშვილის ბოლო გუნდი... „სიონი“ იყო, საიდანაც წინა სეზონის დასრულების შემდეგ წამოვიდა და მას მერე ეს სპეციალისტი უმუშევარი იყო. და აი, თავის ძველ გუნდში დაბრუნება, თანაც როგორ მეტოქესთან და როგორი საკადრო პრობლემებით; შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია გამოცდილი მეკარე მირზა მერლანი, ხოლო მინდია ბობღიაშვილი წინა ტურში „დინამოსთან“ მატჩში გააძევეს და ახლა, ალბათ, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს. ორი ასეთი გამოცდილი მეკარის არყოფნა, რაღა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია და ბოლნისელთა გუნდის ძველ-ახალი მწვრთნელი, ალბათ, დავით ლეგაშვილს დააყენებს კარში — საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარეს უმაღლეს ლიგაში დებიუტი წინა ტურში, „დინამოსთან“ მატჩში ჰქონდა. სხვათა შორის, ბობღიაშვილის გარდა დისკვალიფიცირებულია „სიონის“ ორი გამოცდილი მცველიც: გივი დიდავა და მიხეილ კობაური.



დინამო-ვიტ ჯორჯია (გადაიდო)
ეს მატჩი ამ ტურის მშვენება უნდა ყოფილიყო: იმის გარდა, რომ ბოლო წლებში „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ დაპირისპირებები უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა, არანაკლებ საინტერესო იქნებოდა... მარტის ორი გამორჩეული გუნდის პაექრობაც. შეგახსენებთ, რომ ამ თვეში უდანაკარგოდ მხოლოდ „დინამო“ და „ვიტ ჯორჯია“ ასპარეზობდა, თანაც „ვეტერინარებს“ ზედიზედ ხუთი გამარჯვებაც ჰქონდათ მოპოვებული, მაგრამ დედაქალაქური „დერბი“... გადაიდო! ამის მიზეზი კი, ისევ და ისევ, სანკარებო ინტერესებია: ეროვნულ სტადიონს ხორვატიასთან მატჩამდე „ასვენებენ“, „დინამო“-„ვიტ ჯორჯიას“ ერთი დღით გვიან ჩატარებაც გამორიცხული იყო (დინამოელთა ხუთი ფეხბურთელი ხომ საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული). საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ეს მატჩი 27 აპრილს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული