ტურის მწვრთნელი - ხვიჩა ქასრაშვილი

AutoSharing Option
გასული ტურის მთავარი მოულოდნელობა ბოლნისის „სიონის“ სტუმრად მოპოვებული ქულა იყო: ქვემოქართლელებმა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ „ზესტაფონთან“ ღირსეულად ითამაშეს და ძლიერ მეტოქესთან პაექრობაში სასურველ შედეგს მიაღწიეს.

ამ მატჩში „სიონი“ მოედანზე ახალმა მწვრთნელმა, ხვიჩა ქასრაშვილმა გაიყვანა; ახალი მწვრთნელის ფაქტორს კი, მოგეხსენებათ, თითქმის უმეტეს შემთხვევაში, დადებითი ეფექტი აქვს და ასე მოხდა ახლაც. თუმცა, ქასრაშვილისთვის „სიონი“ ახალი კლუბი ვერასდროს იქნება: პირველად, ექვსი წლის წინათ ხელმძღვანელობდა ბოლნისის გუნდს, მეორედ კი წინა სეზონში, ზამთრის პაუზის წინ დაბრუნდა.

„სიონის“ გარდა ქასრაშვილს სხვადასხვა დროს უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებიც გაუწვრთნია:
თბილისის „დინამო“, რუსთავის „ოლიმპი“, საჩხერის „ჩიხურა“; შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული კი დაუსაქმებელი იყო და აი, „სიონში“ მესამე დაბრუნება წარმატებული გამოდგა - XXVI ტურის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ ხვიჩა ქასრაშვილი მივიჩნიეთ. ბოლნისელთა ძველ-ახალ მწვრთნელს გუშინ შევხვდით და ბოლო ტურის მატჩის შეფასების გარდა, რაღა თქმა უნდა, „სიონის“ მიზნებზეც ვესაუბრეთ.

- ამ ბოლო რვა თვის განმავლობაში რას საქმიანობდით?
- მართალია, არსად ვმუშაობდი, მაგრამ ფეხბურთიდან არ წავსულვარ: თამაშებს ვესწრებოდი, ამას გარდა, თეორიულ ცოდნასაც ვიღრმავებდი.

- „სიონში“ დაბრუნების შემოთავაზება როდის მიიღეთ?
- 17 მარტს საღამოს დამიკავშირდა ბოლნისური კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნუგზარ ლომთაძე და „სიონის“ გაწვრთნა შემომთავაზა. 18-ში გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩავატარე, ორ დღეში კი „ზესტაფონთან“ სტუმრად მატჩი გველოდა.

- ბოლნისში ადრეც გიმუშავიათ, მაგრამ წინა ორი შემთხვევისაგან განსხვავებით, „სიონი“ ამჟამად გასავარდნ ზონაში იმყოფება...
- პირველად რომ ჩავიბარე „სიონი“, მაშინ მართლაც განსხვავებული მიზანი გვქონდა; აი, მეორედ რომ მივედი ბოლნისში, თითქმის დღევანდელი სიტუაცია იყო: მაშინაც 2 ქულა გვაშორებდა გასავარდნ ზონას. უბრალოდ, სეზონის ბოლომდე მაშინ 18 მატჩი იყო დარჩენილი, ახლა კი - 11; ამას გარდა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპიც წინ გვქონდა მაშინ და ჩემთვის სასურველი ფეხბურთელების დამატებაც შემეძლო, ახლა კი „გახურებულ“ სეზონში მომიწია გუნდის ჩაბარება.

- მეთექვსმეტე სეზონია, „სიონი“ უმაღლეს ლიგაში რომ ასპარეზობს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, ალბათ, არც არასდროს ყოფილა...
- დარწმუნებული ვარ, რომ გუნდში არსებული კონტიგენტით „სიონს“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება; საერთოდაც, ამ ამოცანის შესრულების რომ არ მჯეროდეს, „სიონში“ არც მოვიდოდი. თანაც, ახლა ჩემპიონატში შესვენებაა და ამ პერიოდსაც მაქსიმალურად გამოვიყენებ გუნდის უკეთ გასაცნობად.

- „გასაცნობი“ ვიღაა, - ფეხბურთელთა უმეტესობას წინა სეზონშიც ავარჯიშებდით; ეგ კი არა, 6-7 ისეთი ფეხბურთელიც არის, ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ თქვენი ხელმძღვანელობით რომ თამაშობდნენ „სიონში“.
- მაგაში გეთანხმებით, თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას საკმაოდ კარგად ვიცნობ; თუმცა, არის კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელი, რომელთა შესაძლებლობებშიც აი, ამ პაუზის დროს დავრწმუნდები.

- „ზესტაფონთან“ მატჩამდე, ფაქტობრივად, ერთადერთი ვარჯიშის ჩატარებას მოასწრებდით. ასეთ ძლიერ მეტოქესთან მატჩის წინ „სიონის“ ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად გასაუბრების დროც, ალბათ, არც გექნებოდათ.
- რა უნდა მომესწრო? ერთადერთი, რაც ბიჭებს ვუთხარი, წინასწარ განწირულები არა ვართ-თქო; აბა, მატჩამდე ერთი დღით ადრე დანიშნულ მწვრთნელს, ფსიქოლოგიური განწყობის შეცვლის გარდა, სხვა რა უნდა გამეკეთებინა?

- თუმცა, ჩემპიონატის ლიდერთან შეხვედრაში „სიონის“ შემადგენლობაში რამდენიმე სიახლეც იყო: ნიკა კვასხვაძისთვის ამპლუის შეცვლასა და ძირითადში ახალგაზრდა საბა ადამაშვილის გამოჩენას ვგულისხმობთ.
- კვასხვაძე ვარჯიშზე მოვსინჯე მარჯვენა მცველის პოზიციაზე და მიმაჩნია, რომ ამ ფეხბურთელის სისწრაფის გათვალისწინებით, ოპტიმალური ამპლუა შევურჩიე; ასევე გაამართლა ახალგაზრდა ადამაშვილმაც, რომელსაც დაცვის მარცხენა ფლანგი ვანდე. კვასხვაძისა და ადამაშვილის მსგავსად, ადრე ძირითადში ხშირად თამაში გიორგი ქუცურუასაც არ უწევდა, თუმცა ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებში ჯერ კიდევ თბილისის „დინამოში“ მუშაობის დროიდან ვიყავი დარწმუნებული. გარკვეული ცვლილებები კიდევ იქნება, - ხომ გითხარით, ჯერ ყველა ფეხბურთელი „ახლოდან“ არ გამიცვნია.

- ამ მატჩის თვითმხილველთა თქმით, ჩინებულად უთამაშია „სიონის“ ახალგაზრდა მეკარეს დავით ლეგაშვილს, უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მეორე მატჩს რომ ატარებდა.
- ლეგაშვილმა თუ ასე გააგრძელა, მართლაც სერიოზული დონის მეკარე დადგება; „ზესტაფონთან“ მატჩი უშეცდომოდ ხომ ჩაატარა, მაგრამ ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ ეს ახალგაზდა ბიჭი კარში უშიშრად იდგა. არადა, ნებისმიერი მწვრთნელისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, როცა მეკარის პოზიციაზე არ ნერვიულობს - „ზესტაფონის“ წინააღმდეგ ლეგაშვილის ასეთი დამაჯერებელი თამაში კი ამის ნათელი მაგალითი იყო.

- სხვა რგოლზეც გვინდა შეგეკითხოთ: უმაღლესი ლიგის გუნდებიდან მეტოქის კარში ყველაზე ნაკლები გოლი „სიონსა“ და „კოლხეთს“ აქვს გატანილი. ანუ, გვეთანხმებით, რომ თქვენი გუნდის თავდასხმის ხაზი უკეთესის სურვილს უნდა ტოვებდეს?
- ფაქტობრივად, დღესდღეობით „სიონში“ ერთადერთი ფორვარდი გვყავს - გამოცდილი რევაზ ჯიქია, რომლის შესაძლებლობებსაც კარგად ვიცნობ. სხვებიც არიან, თუნდაც გიორგი რეხვიაშვილი, ოღონდ, ამ თავდამსხმელის „საქმეში ნახვა“ ჯერ ვერ მოვასწარი; არის კიდევ ახალგაზრდა ვილი ისიანი, რომელიც მე თავდამსხმელად წარმომიდგენია, თუმცა ადრე რატომღაც ნახევარდაცვაში ათამაშებდნენ...

- გულახდილად გვიპასუხეთ: გჯეროდათ, ჩემპიონატის ლიდერთან მატჩში თქვენთვის სასურველ შედეგს რომ მიაღწევდით?
- „ზესტაფონმა“ ჩვენამდე ფოთის „კოლხეთს“ ვერ მოუგო საშინაო მატჩი და ამიტომაც დარწმუნებული ვიყავი, რომ „სიონთან“ შეხვედრაში ბევრად უფრო მობილიზებული იქნებოდნენ. ამიტომაც, მთავარი იყო ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა და არც იმას დავმალავ, რომ ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს შეგნებულად დავუთმეთ; სამაგიეროდ სწრაფ კონტრშეტევებზე ავაწყეთ თამაში. და ვინც ეს მატჩი იხილა უნდა დამეთანხმოს: რასაც ასპროცენტიანი მომენტები ჰქვია, მეტოქესთან შედარებით ჩვენ უფრო მეტი გვქონდა.

- 2009 წლის დეკემბრამდე, ანუ, ვიდრე „სიონის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდით, „ზესტაფონში“ მუშაობდით და კარგად გვახსოვს, იმერული კლუბის ხელმძღვანელობა როგორ უკმაყოფილებას გამოხატავდა თქვენი წასვლის გამო. ეგ კი არა, თქვენგან გარკვეული კომპენსაციის გადახდასაც ითხოვდა...
- მოდი, ასე ვიტყვი: ყველაფერი უბრალო გაუგებრობა იყო და წარსულს ჩაბარდა; იმასაც გეტყვით, რომ „ზესტაფონიდან“ დაუკითხავად არ წამოვსულვარ და აზრადაც არ მომსვლია ვინმეს განაწყენება. პირიქით, დღემდე მადლიერებით ვიხსენებ „ზესტაფონში“ გატარებულ პერიოდს და საერთოდაც, ამ კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული