არც ერთი უმოტივაციო

AutoSharing Option
... უკვე არახალ ამბავზე გვინდა გიამბოთ და იმედია, ჩვენი ფეხბურთელებიც მეტ-ნაკლებად შეგუებულები იქნებიან ერთობ შემჭიდროებული გრაფიკით ასპარეზობას. ანუ, "ბოქსინგ-დეი" მხოლოდ ინგლისში (ისიც, წინასაახალწლო-წინასაშობაო დღეებში) კი არ არის, არამედ უკვე მეორე-მესამე სეზონია საქართველოს ჩემპონატშიც დამკვიდრდა.

თანაც, მიმდინარე სეზონში ჩვენს ფეხბურთელებს უკვე მეორედ მოუწევთ "გამძლეობის ტესტის" ჩაბარება და ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალური მატჩების თავისთვის სასურველი შედეგით დამთავრების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რაღა თქმა უნდა, გრძელი სათადარიგოთა სკამი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდების მწვრთნელთა უმრავლესობა ნამდვილად არ არის განებივრებული ისეთი ფუფუნებით, შემადგენლობის ხშირი და,
რაც მთავარია, ეფექტიანი როტაცია რომ მოახდინოს.

ასეა თუ ისე, სეზონის მეორე "ბოქსინგ-დეი" მართლაც მოულოდნელობებით დაიწყო (წინა ტურს ვგულისხმობთ, როცა ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მოიგო) და აპრილის ბოლომდე, ალბათ, კვლავაც რამდენიმე სენსაციას ვნახავთ. შედარებისათვის: პირველ ეტაპზე რომ გვქონდა მსგავსი გადატვირთული კალენდარი, 10 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით თითოეულ გუნდს ხუთ-ხუთი მატჩის ჩატარება მოუწია; ახლა კი, ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე, 2-დან 30 აპრილამდე ზოგ გუნდს რვა (!) შეხვედრის ჩატარება მოუწევს, ზოგს - შვიდის, დანარჩენებს კი ექვს-ექვსის.

მოკლედ, ის დრო დგება, რასაც "გადამწყვეტი მატჩების პერიოდს" ვუწოდებთ-ხოლმე. თანაც, დღეიდან ხომ ჩემპიონატის დასკვნითი, მეოთხე წრე იწყება და საერთოდაც, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ სატურნირო თვალსაზრისით სწორედ აპრილმა უნდა გაარკვიოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თითქმის ყოველ ტურში უშუალო კონკურენტების პაექრობები გველოდება და, რაც მთავარია, წინა სეზონებისგან განსხვავებით, ეს ჩემპიონატი არნახულად დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. თანაც, ეს დაძაბულობაც და ინტერესიც ცხრილის ზედა ნაწილშიც იგრძნობა და გასავარდნ ზონაშიც, - ანუ, ფაქტობრივად, ჩემპიონატში უმოტივაციო გუნდი ჯერჯერობით არც ერთია და იმედი დავიტოვოთ, რომ სეზონის ბოლომდეც ასე გაგრძელდება...


ტორპედო-ზესტაფონი
ტურის ცენტრალური დაპირისპირება ქუთაისში შედგება და "იმერული დერბი" მართლაც დიდ ინტერესს იწვევს. ერთი შეხედვით, დღევანდელ მეტოქეებს ჩემპიონატში განსხვავებული მიზნები აქვთ: "ტორპედო" პირველ სამეულს გვარიანად ჩამორჩება და არც პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე უნდა დაემუქროს; "ზესტაფონი" კი სეზონის სტარტიდან მოყოლებული ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას და ნამდვილად არ იყო შემთხვევითი ის ფაქტი, რომ სამი წრის შემდეგ ცხრილის სათავეში სწორედ გია გეგუჩაძის გუნდი იმყოფება. თუმცა, ამ ბოლო დროს "ზესტაფონს", ცოტა არ იყოს, არასტაბილურობა დასჩემდა - უკანასკნელი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო და სამი ფრედ დაამთავრა.

ვერც "ტორპედოს" ქომაგები იქნებიან კმაყოფილნი თავიანთი საყვარელი გუნდის ბოლოდროინდელი ასპარეზობით - გია გიგატაძის შეგირდებმა უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა შემატეს თავის არქივს.

ამ სეზონში დღევანდელი მეტოქეების წინა სამივე დაპირისპირება უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და სამივე შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა; პირველ წრეში "ტორპედო" ახლოს იყო ხმაურიან სენსაციამდე (თენგიზ ჩიკვილაძის გოლით იგებდა), მაგრამ მატჩის მიწურულს ბუბა დაუშვილის "დუბლმა" "ზესტაფონს" რთული გამარჯვება მოუტანა. მესამე წრის მატჩშიც მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა: გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა (აღსანიშნავია, რომ დღევანდელ "იმერულ დერბის" დისკვალიფიკაციის გამო დაუშვილიც დააკლდება და დვალიც). აი, რაც შეეხება "ტორპედოს" ერთადერთ გამარჯვებას პრინციპულ მეტოქესთან, ამ შემთხვევაშიც ერთი გოლი აღმოჩნდა საკმარისი - 17 ოქტომბერს ჩატარებულ მატჩში თავი 17 წლის ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა გამოიჩინა.

დაბოლოს, ამ წყვილის კიდევ ერთ "თავისებურებაზეც: "ტორპედო" და "ზესტაფონი" სეზონის ბოლომდე კიდევ ორჯერ დაუპირისპირდება ერთმანეთს; თანაც, ამ ორი გუნდის მონაწილეობით, საქართველოს თასის ნახევარფინალში, არანაკლები მნიშვნელობის მატჩები გველოდება.


ვიტ ჯორჯია-ოლიმპი
"იმერული დერბის" მსგავსად, არანაკლებ ინტერესს იწვევს თბილისური მატჩიც, სადაც მეორე ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი "ვიტ ჯორჯია" ქვეყნის ჩემპიონს უმასპინძლებს. 12 თებერვალს, მეორე ეტაპის საწყის ტურში "ოლიმპმა" დაძაბულ ბრძოლაში აჯობა "ვიტ ჯორჯიას" და აი, იმის მერე "ვეტერინარებს" თამაში არ წაუგიათ! არადა, რამდენს ეგონა, რომ ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მერაბ კოჭლაშვილის გუნდი ნაკლებადმოტივირებული იასპარეზებდა და მთელ ყურადღებას სათასო პაექრობებს დაუთმობდა ("ვიტ ჯორჯია" ნახევარფინალშია გასული); თუმცა, ერთიანად გაახალგაზრდავებული გუნდი არც ერთ მეტოქეს არ ეპუება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე თვეა წაუგებლად ასპარეზობს.

ასეთ შემთხვევაში მთელი გუნდი ქებას იმსახურებს, მაგრამ განსაკუთრებით გვინდა "ვეტერინართა" ახალი კაპიტნის, გიგა ბეჭვაიას შედეგიანი თამაში აღვნიშნოთ, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველ ტურში გოლით ან საგოლე პასით უნდა გამოირჩეს-ხოლმე.

ამ სეზონის დაწყებამდე "ვიტ ჯორჯიას" ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა ჰქონდა "ოლიმპთან"; ეგ კი არა, აქამდე არასდროს მომხდარა, რომ "ვეტერინარებს" კონკრეტულ სეზონში ყველა მატჩი წაეგოთ "ოლიმპთან" და აი, ამ ჩემპიონატში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: რუსთაველებმა სამივე დაპირისპირებაში აჯობეს თავისთვის მუდამ უხერხულ მეტოქეს.

მოკლედ, მართლაც საინტერესო მატჩი გველოდება და ისიც საინტერესოა, როდის უნდა დაარღვიოს ჩემპიონმა მართლაც უსიამოვნო ტრადიცია: 20 ნოემბრის შემდეგ გუნდს სტუმრად არ მოუგია! ამასაც თავი რომ დავანებოთ, "ვეტერინარებთან" შეხვედრის შემდეგ თორნიკე მაისურაძის გუნდს სამი ურთულესი მატჩი ელოდება: "ტორპედოსთან", "დინამოსთან" და "ზესტაფონთან"...


სპარტაკი-დინამო
ცხრილის სხვადასხვა პოლუსზე მყოფი გუნდების დაპირისპირებაშიც ძნელია რომელიმე მეტოქეს ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ - უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ "სპარტაკსაც" ჭირდება ქულები და საჩემპიონო რბოლაში ჩართულ "დინამოსაც". თანაც, ამ სეზონში "სპარტაკმა" უკვე ორჯერ მოახერხა და თავისზე ბევრად ძლიერ მეტოქეს ფრედ ეთამაშა (მეორე და მესამე წრეში).

საერთოდაც, ამ ბოლო წლებში "დინამოსთვის" ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ სწორედ "სპარტაკი" მიიჩნევა - სეზონი არ გავა, ჩვენმა მარადიულმა ფავორიტმა რომ ცხინვალის გუნდთან ქულები არ დაკარგოს. დღევანდელი მეტოქეების "განსაკუთრებული ურთიერთობის" სხვა დეტალებიც უნდა ვახსენოთ: "სპარტაკში" არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, სხვადასხვა დროს "დინამოში" რომ ასპარეზობდა; ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კი, მოგეხსენებათ, ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ასპარეზობს და ამის ნათელი დადასტურებაც იყო დღევანდელი მეტოქეების ბოლო შეხვედრა, სადაც "დინამოს" კარში გოლი ზვიად მეტრეველმა გაიტანა. ეს ფორვარდი ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე "დინამოში" ასპარეზობდა, თუმცა ჩემპიონატში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა; სამაგიეროდ, "სპარტაკში" გადასულს "გოლის გემო" გაახსენდა და დღესდღეობით ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ.

თუმცა, "დინამოს" სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს დღევანდელ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ - კახა კაჭარავას გუნდს ხომ ამის შემდეგ ორი უპრინციპულესი მატჩი ელოდება თავის უშუალო კონკურენტებთან ("ზესტაფონთან" და "ოლიმპთან").


სიონი-ბაია
ზედიზედ ორი მატჩია "სიონი" თავის ერთგულ ქომაგებსაც ახარებს და ქართული სპორტული მასმედიის ყურადღების ცენტრშიც არის მოქცეული; აბა, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ჯერ ზესტაფონიდან ქულის წამოღება და მერე უკვე შინ, ქვეყნის ჩემპიონის "ოლიმპის" დამარცხება?! ამ ბოლო ორ შეხვედრაში მოპოვებული ოთხი ქულა ბოლნისელების სატურნირო მდგომარეობაზეც დადებითად აისახა, თორემ საწინააღმდეგო შემთხვევაში ქვემოქართლური კლუბი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდებოდა.

მოკლედ, "სიონს" მართლაც მოუხდა მორიგი საკადრო გადაადგილება: თავის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბოლნისში მესამედ მისულმა ხვიჩა ქასრაშვილმა ძირითად შემადგენლობაშიც რამდენიმე ცვლილება მოახდინა, "გზადაგზა" ერთი-ორი ახალწვეულიც (კობა შალამბერიძე, ვლადიმერ ზუხბაია) დაიმატა და შედეგიც სახეზეა. თუმცა, ორ ფავორიტთან მოპოვებული 4 ქულა იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ "სიონის" მდგომარეობას "მშვიდი" ვუწოდოთ - წინ ხომ მთელი წრეა სათამაშო.

სხვათა შორის, ამ სეზონში "სიონმა" თითქმის ყველა ფავორიტის გამწარება "მოასწრო", მაგრამ დაუგეგმავი ქულებიც მრავლად დაკარგა და დღესაც თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს ხვდება. თავად განსაჯეთ: ამ სეზონში ჩატარებული წინა სამი მატჩიდან ორი შეხვედრა, "ბაიამ" მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა. საერთოდაც, "ბაიას" ერთადერთი გამარჯვება აქვს სტუმრად მოპოვებული და ისიც... ბოლნისში! არადა, ელგუჯა ქომეთიანის გუნდი გასვლით მატჩებსაც ისე რომ ატარებდეს, როგორც საშინაო შეხვედრებს, ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდა. თუმცა, ამ ეტაპისათვის "ბაია" ერთობ "კომფორტულ", მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და არა გვგონია, რომ ზუგდიდურ გუნდს პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე დაემუქროს.


სამტრედია-კოლხეთი
წინა ტურამდე "სამტრედიას" მართლაც რომ საშინელი სტატისტიკა ჰქონდა: მეორე ეტაპის დაწყებიდან გუნდმა 8 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულა მოაგროვა! ალბათ, ამიტომაც იყო, რომ, ცოტა არ იყოს, ავჩქარდით და "სამტრედიას" სატურნირო მდგომარეობა უიმედოდ შევაფასეთ. ამასობაში კი, ლევან ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ასე ნანატრი გამარჯვება (პირველად, 11 დეკემბრის შემდეგ) მოიპოვა და სატურნირო ცხრილს თუ შევხედავთ, უკვე ვეღარავინ იტყვის, რომ "სამტრედიას" მდგომარეობა კატასტროფულად უიმედოაო.

თანაც, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ სწორედ დღევანდელმა და მომავალმა ტურმა უნდა გაარკვიოს: "სამტრედიას" ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა ელოდება თავის უშუალო კონკურენტებთან ("კოლხეთთან" და "სპარტაკთან"). მოკლედ, ამ ორმა "ექვსქულიანმა" მატჩმა ცხრილის ქვედა ნაწილში ძალიან ბევრი რამ უნდა გაარკვიოს;

ისე, "სამტრედიის" ხანგრძლივი მოუგებელი სერია ვახსენეთ და ამ მხრივ, არც "კოლხეთს" აქვს საქმე "საამაყოდ": ფოთელებმა უკანასკნელად მეორე ეტაპის საწყის ტურში (12 თებერვალს) მოიგეს და მეტოქე... "სამტრედია" იყო. ბოლო პერიოდში "კოლხეთმა" რამდენიმე სიურპრიზი კი შემოგვთავაზა, საკუთარ კარში ძალიან ცოტა გოლსაც უშვებს, მაგრამ აი, მეტოქის კარის დალაშქვრისა კი რა მოგახსენოთ. თავად განსაჯეთ: 12 თებერვლის მატჩი რომ ვახსენეთ, იმის შემდეგ "კოლხეთმა" 8 მატჩი ჩაატარა და მოწინააღმდეგის კარში არც ერთი გოლი აღარ გაუტანია...






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული