თამაშმა გაცემული ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა. ამის მიზეზი მოედნის საფარი და ცუდი ამინდიც იყო. გუნდებმა სანახაობრივი ფეხბურთი ვერ აჩვენეს, მცირე იყო საგოლე ეპიზოდებიც, თუმცა ბრძოლა და დაძაბულობა შეხვედრას ბოლო წუთებამდე არ ჩამცხრალა.
პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევა მასპინძლებმა განახორციელეს. მე-10 წუთზე გიორგი
ზესტაფონელები ფლანგებიდან შეტვას ცდილობდნენ, მაგრამ მასპინძლებს საკუთარი საჯარიმოს მისადგომები კარგად ჰქონდათ ამოკეტილი. ფეროელებმა მიგინეიშვილი პირველად 23-ე წუთზე შეაწუხეს, როცა "ტორპედოს" კიპერმა გრიგალაშვილის რთული დარტყმა მოიგერია. ხუთიოდე წუთში მასპინძლებმა მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ შემობრუნებით ჩააგდო ბურთი მეკარის ბაქანთან, სადაც საბანაძე იბრძოდა, თუმცა თავდამსხმელს ონიანმა დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა. პირველ ტაიმში დასამახსოვრებელი არარაფერი მომხდარა, გუნდები ერთფეროვნად, უგერგილოდ უტევდნენ და მეკარეებს საქმე აღარ ჰქონიათ.
მეორე ნახევარი შედარებით სანახაობრივი გამოდგა. ტემპმაც იმატა და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც ვიხილეთ. 55-ე წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა აშკარა საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან – ბაბუნაშვილის ჯარიმის შემდეგ ფარულავა შეცდა და ბურთი რატის მიუვიდა, თუმცა 5-6 მეტრიდან ძალიან სუსტად დაარტყა და მიგინეიშვილს არ გასჭირვებია ბურთის დაუფლება. იქვე ბენაშვილმა გაისროლა შორიდან და ხარიხას გადააცილა. გია გიგატაძემ მდგომარეობის გამოსწორება მეგრელაძის გამოყვანით სცადა და ქუთაისელთა ვეტერანი ფორვარდი მართლაც კარგად ჩაერთო თამაშში. 67-ე წუთზე მისი სახიფათო ჩაწოდების შემდეგ კვარაცხელია შემობრუნებით ურტყამდა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა. უპირატესობა ქუთათურების მხარეს გადავიდა. მათი შეტევები სულ უფრო მწვავე ხდებოდა.
69-ე წუთზე თარხნიშვილმა გაიბრწყინა, მარცხენა ფლანგზე რამდენიმე მცველს გასცდა და მეგრელაძეს თავზე დაასვა ბურთი, თუმცა ქუთაისელთა მთავარმეგოლემ მცირედით ააცილა -"ზესტაფონი" აშკარად გადარჩა. გატანის რეალური შანსი ჰქონდათ ზესტაფონელებსაც: 79-ე წუთზე გორგიაშვილის ჩაწოდების შემდეგ საბა ლომია ნახტომში თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი ამჯერადაც მცირედით ასცდა მიზანს. ტორპედოელთაგან ბევრს აქტიურობდა გიორგი სეთურიძე, რომელმაც ორჯერ ეფექტური სოლორეიდიც განახორციელა, მაგრამ მის გარჯას შესაფერისი გაგრძელება არ მოჰყოლია. ბევრი მცდელობის მიუხედავად, გუნდებმა ერთმანეთის კარებს გასაღები ვერ მოუძებნეს და შეხვედრაც ლოგიკური ფრით დასრულდა. ეს შედეგი განსაკუთრებით მტკივნეული "ზესტაფონისთვის" იყო, რომელსაც მდევრები წამოეწივნენ.
გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "სამ ქულას ვგეგმავდით, მაგრამ ამოცანის შესრულება არ გამოგვივიდა. მოედანი არ იყო სათანადო დონეზე და შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ. თანაც, "ტორპედო" კარგი გუნდია, დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და თამაშიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა."
გია გიგატაძე (ტორპედო): "საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით. სამი ქულა გვინდოდა, იყო ერთი-ორი ეპიზოდი, როცა გატანა შეგვეძლო, თუმცა მთლიანობაში ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არა ვარ."
ქუთაისი. ცენტრალური, 4500 მაყურებელი
ტორპედო-ზესტაფონი 0:0
ტორპედო ზესტაფონი
4-4-2 4-4-1-1
მიგინეიშვილი რ.კვასხვაძე
ფოფხაძე ალადაშვილი
ფარულავა გ. ონიანი
თოდუა ხიდეშელი
ჩიკვილაძე ელიავა
სეთურიძე ბენაშვილი
დიღმელაშვილი გორგიაშვილი
თარხნიშვილი ძარია
დათუნაიშვილი ბაბუნაშვილი
კვარაცხელია გრიგალაშვილი
საბანაძე წინამძღვრიშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ.გიგატაძე გ. გეგუჩაძე
ტორპედო
58. საბანაძე-მეგრელაძე
71. თარხნიშვილი-დოლიძე
81. დიღმელაშვილი-ქებაძე
სათადარიგოები: ქვილითაია, გოცირიძე, მაჭავარიანი, გუგუჩია
ზესტაფონი
58. ბენაშვილი-აფციაური
61. წინამძღვრიშვილი-ლომია
სათადარიგოები: მეშველიანი, კობახიძე, გ.ფოფხაძე, გრუიცა, ჭანკოტაძე
გაფრთხილება: ხიდეშელი (47)
არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი