დაძაბულობა არის, ხარისხი?..

AutoSharing Option
გახსოვთ, როგორ ვივარაუდეთ? აპრილში დაძაბულობა პიკს მიაღწევსო და ასეც არის, - გადახედეთ სატურნირო ცხრილის ზედა და ქვედა სამეულებს და ყველაფერში თავად დარწმუნდებით.

რა თქმა უნდა, გასავარდ ზონაში მყოფი გუნდების მიერ ჩატარებული თითოეული მატჩი დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ, საჩემპიონო რბოლა რომ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ბოლოს და ბოლოს, მართლაც გადაჩვეული ვართ ისეთ სიტუაციას, როცა ჩემპიონობისთვის ერთდროულად სამი გუნდი იბრძვის; ეგ კი არა, ვერაფრით გაგვიხსენებია, თუ როდის გვქონდა ისეთი ჩემპიონატი, ფინიშამდე რვა ტურით ადრე ასეთი ინტრიგა რომ
იყო შენარჩუნებული.

ისე, ინტრიგას მართლაც არაფერი სჯობს, - კონკრეტული ტური დასრულებული არ არის, უკვე მომდევნო მატჩების მოლოდინში რომ ვართ. აქვე, კიდევ ერთი დადებითი ფაქტორიც: 10 აპრილიდან საქართველოს ტელევიიზის პირველი არხის ეთერით ჩვენი ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციები აღდგება. თანაც, ამ თვის ბოლომდე თამაშები გველოდება, თქვენი მოწონებული: "ზესტაფონი"-"დინამო", "დინამო"-"ოლიმპი", "ოლიმპი"-"ზესტაფონი"! ანუ, ორი კვირის განმავლობაში ფეხბურთის მოყვარულები ჩემპიონობის სამივე ფავორიტის ურთიერთდაპირისპირებებს ნახავენ და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ სამივე ზემოთნახსენები მატჩი მხოლოდ "დაძაბულობის ხარისხით" არ იქნება გამორჩეული; ამ შემთხვევაში კი, რაღა თქმა უნდა, სანახაობრივ ფეხბურთსაც ვგულისხმობთ (მეტ-ნაკლები დოზით) და, რაც მთავარია, ისეთ სტადიონებსაც, სადაც მოთამაშეებსაც, გულშემატკივრებსაც და ჟურნალისტებსაც ელემენტარული პირობები ექნებათ შექმნილი. სტადიონების თემა კი კვლავაც რომ აქტუალურია ქართულ ფეხბურთში, ნამდვილად არახალია და გასულ ტურში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით...


ეს, ფეხბურთის შეურაცხყოფაა!..
საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების და კერძოდ, სტადიონების თემას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც შეეხო; ვერაფერს ვიტყვით, - მართლაც მისასალმებელია, როცა ქვეყნის პირველი პირი ასეთი აქტუალური პრობლემით ინტერესდება. ისიც დადებით ფაქტად მიგვაჩნია, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ტელეეკრანიდან თუ პრესის ფურცლებიდან ჩვენი სტადიონების თემას მუდამ ერთ-ერთ პრიორიტეტულად რომ განიხილავს-ხოლმე; ისიც კარგად გვენიშნა, ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სულ ახლახანს საქართველოს ჩემპიონატის მნიშვნელობასა თუ მიმდინარეობაზე ასე ვრცლად და საქმეში ჩახედულად რომ ისაუბრა.

თუმცა, არ დავმალავთ და მართლაც გვაინტერესებს ერთი საკითხი; უფრო ზუსტად, "ლელოს" საშუალებით გვინდა კონკრეტული კითხვა დავუსვათ ბატონ ზვიად სიჭინავას: იმ სტადიონებიდან, სადაც საქართველოს ჩემპიონატის მატჩები ტარდება, რამდენი აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს? "სადმე", პერიფერიაში რომელიმე სტადიონის მინდვრის საფარი რომ ვერავითარ კრიტიკას უძლებდეს, ამას კიდევ რაიმე "ახსნა" მოეძებნებოდა, მაგრამ დედაქალაქში (ეროვნული სტადიონის გარდა) უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება რომ მხოლოდ და მხოლოდ სირცხვილია, ნეტავ ეს თუ იცის ბატონმა სიჭინავამ?

"სირცხვილი" ის სიტყვა არ არის - სპორტკომპლექს "შატილის" ხელოვნურსაფარიან სტადიონზე უმაღლესი ლიგის გუნდების შეხვედრა არ უნდა იმართებოდეს! არადა, არ დავმალავთ და ჩვენც გაგვიხარდა, დედაქალაქში კიდევ ერთი სარბიელი რომ კეთილმოეწყო: გავერანებული და ყველასგან მიტოვებული "სიხარულის" სტადიონმა აბსოლუტურად განსხვავებული სახე მიიღო, შემოიღობა ტერიტორია, დაიგო ხელოვნური საფარი, აიგო ადმინისტრაციული შენობა, გაკეთდა ტრიბუნები და ასე შემდეგ.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ მოვლენები ცოტა "სხვანაირად" განვითარდა და იმ ადამიანს, ვინც ამ კეთილ საქმეს სათავეში ედგა, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ სტადიონი ბოლომდე კეთილმოწყობილი არ არის და ამისთვის, რაღა თქმა უნდა, ჯერჯერობით არავის სცალია; თუმცა, ის კი ვერაფრით აგვიხსნია, თუ ვინ და რატომ დართო ნება ამ დაუმთავრებელ სარბიელზე უმაღლესი ლიგის ოფიციალური მატჩები ჩატარებულიყო? თან, თუ წვიმა წამოვიდა, მაშინ ხომ, საერთოდ, კომიკური სიტუაცია იქმნება: დაუმთავრებელ სტადიონზე არც პრესლოჟაა, არც - საკომენტატორო ჯიხურები და აღარაფერს ვამბობთ ტელეოპერატორისათვის განკუთვნილ ადგილებზე!

მოკლედ, "შატილზე" რომელიმე მატჩის დროს წვიმა თუ წამოვიდა, ერთადერთ თავშესაფრად ადმინისტრაციული შენობის მცირე მონაკვეთი (გასახდელებს შორის) თუ გამოგვადგება. ჰოდა, უნდა ნახოთ, მცირე პერიმეტრზე როგორ დგანან გვერდი-გვერდ მეტოქე გუნდების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები, შეხვედრის დელეგატი და სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური პირები.

კიდევ ვიმეორებთ, სტადიონის დირექციასთან რა პრეტენზია უნდა გვქონდეს: პირიქით, კარგი საქმე წამოიწყეს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს ზემონახსენები მიზეზის გამო; თუმცა, იმ გუნდებისაც გაგვკვირვებია: ამ სტადიონზე რომ თამაშობენ და პრეტენზიას არ გამოთქვამენ; არადა, ჟურნალისტები როგორმე "ავიტანთ" და თითოეული ჩვენთაგანისათვის მართლაც შეუფერებელ პირობებშიც ვიმუშავებთ, მაგრამ აი, იმას რა ვუყოთ, რომ ამ სტადიონზე (განსაკუთრებით - უამინდობის დროს) უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება უბრალოდ, სირცხვილია და სხვა არაფერი. თანაც, მოედნის ხელოვნურ საფარსაც იდეალური ნამდვილად არ ეთქმის...


ცვლილ(ებ)-ის ფასი
მეთექვსმეტე სეზონია, "სიონი" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში ერთეული შემთხვევები თუ ყოფილა, ერთსა და იმავე მწვრთნელს სეზონი დაეწყოს და დაემთავრებინოს (ანზორ გრძელიძე, თემურ მახარაძე, კახა ცხადაძე); ანუ, ბოლნისურ კლუბში სეზონის განმავლობაში სამწვრთნელო გადაადგილებებს მიჩვეული ვიყავით-მეთქი, რბილად ნათქვამი გამოგვივა.

გამონაკლისი არც XXII ჩემპიონატია: "სიონის" ფეხბურთელებს სეზონის დაწყებიდან უკვე მესამე მწვრთნელის "გაცნობა" მოუწიათ! ხვიჩა ქასრაშვილისთვის "სიონი" უცხო გარემო ნამდვილად არ ყოფილა და გუნდში მესამედ მიბრუნებულმა მწვრთნელმა ამ არასრული ერთი თვის განმავლობაში ჩინებული შედეგი უჩვენა: ფრე გასვლით შეხვედრაში "ზესტაფონთან" და ზედიზედ ორი საშინაო გამარჯვება (ჯერ, ქვეყნის ჩემპიონ "ოლიმპთან", ახლა კი "ბაიასთან"). აღსანიშნავია, რომ ორივე გამარჯვებას "სიონმა" მწვრთნელის მიერ გაკეთებული შეცვლების ხარჯზე მიაღწია: წინა ტურში ბოლნისელებს 3 ქულა კობა შალამბერიძემ მოუტანა, ახლა კი - ირაკლი ჩირიკაშვილმა. ორივე ეს ნახევარმცველი თამაშში შესვენების მერე ჩაერთო და სწორედ ამ ეფექტიანმა შეცვლებმაც განაპირობა კიდეც ბოლნისური გუნდის ზედიზედ ორი მოგება.


დაბრუნებულნი...
კობა შალამბერიძე ვახსენეთ და ეს ვერცხლისწყალივით მოძრავი ნახევარმცველი საქართველოს ჩემპიონატს ერთწლიანი პაუზის მერე წინა ტურში დაუბრუნდა. 26 წლის სწრაფმა გარემარბმა "ოლიმპთან" შეხვედრაში ეფექტური გოლი ხომ გაიტანა, ახლაც, "ბაიასთან" შეხვედრაშიც ჩინებულად შემოვიდა შეცვლაზე და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავის გუნდის გამარჯვებაში.

ასევე წინა ტურში დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს ლაშა ჯაკობიაც - ცხინვალის "სპარტაკის" თავდამსხმელმა ჩვენ პირველობაზე ბოლოს... 8 წლის წინათ ითამაშა ("თბილისის" შემადგენლობაში), შემდეგ კი უკრაინაში გამოდიოდა; და აი, 30 წლის თავდამსხმელმა თავის ახალი კლუბის შემადგენლობაში პირველი გოლიც გაიტანა, თუმცა მასპინძელთათვის ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო - "სპარტაკი" შინ "დინამოსთან" 1:3 დამარცხდა.

ისე, ამ მატჩის გამარჯვებულზეც უნდა ვთქვათ: იმის გარდა, რომ "დინამომ" უაღრესად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, "დუბლით" გამოირჩა გუნდის კაპიტანი და ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, 29 წლის ალექსანდრე კოშკაძე, ვინც მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს. კოშკაძის გარდა აღნიშვნის ღირსია ლევან ხმალაძეც, - ამპლუით მარცხენა მცველი 7 გოლით კვლავაც რომ რჩება "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირად. თანაც, 6 აპრილს ხმალაძეს დაბადების დღე ჰქონდა - 26 წელი შეუსრულდა!

დაბოლოს, კიდევ ერთ თავგამოჩენილ "დაბრუნებულზეც": თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა "დინამოს" თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმაც; 27 წლის ფორვარდი ეროვნულ ჩემპიონატს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და "დინამოს" ერთგულ ქომაგებს იმის დიდი იმედიც აქვთ, რომ ტატანაშვილი ისეთივე და იმდენივე საჭირო გოლს გაიტანს, როგორც "ამერში" ასპარეზობის დროს.





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოიძიეთ ოლიმპი და ვიტ ჯორჯიას გარიგება, 12 ქულა რომ დაუთმო ოლიმპს, რომლის მოედანსაც იყენებდა საშინაო თამაშებისთვის. ხომ ყველამ იცის? სადაა რეაგირება.
fexburti
12:02 08-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული