უცხოელები ქართულ ფეხბურთში

AutoSharing Option
ეს სეზონი ახალი დაწყებული იყო, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე უცხოელი ფეხბურთელების კლებადობის ტენდენციაზე რომ ვისაუბრეთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წინა ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ) ჩვენთან 25-მა უცხოელმა ფეხბურთელმა ითამაშა. ამ სეზონის დაწყების წინ კი ხუთიღა შემოგვრჩა: პორტუგალიელი ედნილსონი, ბრაზილიელი რობერტინიო, კამერუნელი ჯუისი (სამივე-"დინამო"), კამერუნელი ბოიომო, კოტ-დივუარელი კლოვისი (ორივე-"სპარტაკი").

უცხოელ ფეხბურთელთა ნაკადის შემცირებას მაშინ ერთადერთი მიზეზი მოვუძებნეთ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას რეკომენდაციით, XXII ჩემპიონატში ყოველი ახალი ლეგიონერის დამატებაზე კლუბს ფედერაციის ბიუჯეტში 15000 ლარი უნდა შეეტანა. ოღონდ, ეს თანხა უმაღლესი ლიგის
გუნდებისთვის იყო განკუთვნილი, რამეთუ პირველ და მეორე ლიგის გუნდებს ბევრად ნაკლები უნდა გადაეხადათ (შესაბამისად, 5000 და 2000 ლარი). სწორედ ამის გამოც იყო, რომ ერთობ პესიმისტური პროგნოზი გავაკეთეთ: ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერთა მოზღვავებას არ უნდა ველოდოთ-მეთქი.

ასეც მოხდა: ზემოთნახსენებ ხუთეულს კიდევ ექვსი უცხოელი ფეხბურთელი დაემატა და დღესდღეობით უმაღლეს ლიგაში 11 ლეგიონერი ასპარეზობს. ყველაზე მეტი "დინამოს" ჰყავს: 28 წლის სერბი მცველი მარკო მაროვიჩი, 30 წლის ჩეხი მცველი ირჟი ჰომოლა, 24 წლის სერბი ნახევარმცველი სამირ ჰაჯიბულიჩი, 28 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ედნილსონი, 21 წლის კამერუნელი შემტევი დონალდ ჯუისი, 22 წლის ბრაზილიელი გარემარბი რობერტინიო და 24 წლის ბოსნიელი თავდამსხმელი პეტარ ელიჩი. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ლეგიონერად ითვლება "დინამოს" ახალწვეულთაგან, უდავოდ საუკეთესო, ზურაბ არზიანი - 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი რუსეთის მოქალაქეა.

კიდევ ერთი უცხოელი "ზესტაფონში" გამოჩნდა, თუმცა 25 წლის ხორვატ მცველს გორან გრუიცას საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია. მოკლედ, ლეგიონერებზე დაწესებულმა ლიმიტმა მეტ-ნაკლებად ამბიციური გუნდების ხელმძღვანელები სერიოზულად დააფიქრა: თითოეულ უცხოელ ფეხბურთელზე 15000 ლარის გადახდას, ისევ ქართველების დამატება რომ ამჯობინეს, ალბათ, არავის უნდა გაჰკვირვებოდა. თანაც, ლეგიონერებსაც ხომ გააჩნია, - რამდენჯერ ყოფილა, როცა დიდი "ზარ-ზეიმით" ჩამოყვანილ უცხოელ ფეხბურთელს... "ელემენტარული რაღაცებიც" კი არ სცოდნია. თუმცა, ამ საკითხზე ადრეც არაერთხელ გვისაუბრია და ასეთ "ვითომ-ლეგიონერებს" ერთი-ორჯერ სპეციალური რუბრიკაც ("სიცრუის დეტექტორი") მივუძღვენით. უფრო ზუსტად, აქ ჩამოსული უცხოელები რომ "გვაბრუებდნენ" ხოლმე - ჩემი ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში მაქვს ნათამაშები და ეროვნულშიც რამდენიმე მატჩი ჩამიტარებიაო (მერე, იმათ მონაყოლს გადავამოწმებდით და აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს ვიღებდით).

თუმცა, რაღა ზოგადად ვსაუბრობთ: "დინამოს" ნახევარმცველმა ედნილსონმა ინტერვიუში გვითხრა, პორტუგალიის ნაკრებში რამდენიმე მატჩი მაქვს ნათამაშებიო, მაგრამ თარიღი და მეტოქეები ვერაფრით გაიხსენა. ახლა კი, ეს არცთუ ურიგო საყრდენი ნახევარმცველი აფრიკის თასზე მოასპარეზე... გვინეა-ბისაუს ნაკრებშია მიწვეული. არადა, ედნილსონს "მთლად ურცხვად" არ მოუტყუებივართ: პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა და ეროვნულ გუნდშიც რამდენჯერმე იყო გამოძახებული, უბრალოდ, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.


სხვადასხვა დონე
XXII ჩემპიონატი იმითაც არის "განსაკუთრებული", რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა, როცა უმაღლეს ლიგაში უცხოელი სპეციალისტი არ მოღვაწეობს! არადა, პირველი ჩემპიონატიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს არაერთ უცხოელ მწვრთნელს უმუშავია ჩვენთან და მათ შორის ისეთებიც ყოფილან, ქართულ ფეხბურთში გარკვეული კვალი რომ დაუტოვებიათ; თუმცა, საპირისპირო შემთხვევებიც (თანაც, უფრო მეტი) მრავლად გვახსოვს, როცა უცხოეთიდან ჩამოყვანილი "გაპიარებული" მწვრთნელები ჩვენ სპეციალისტებს არათუ ვერაფერში ჯობდნენ, კვალიფიკაციაში ბევრად ჩამოუვარდებოდნენ კიდეც.

ხვდებით, ალბათ, რომ საკლუბო დონეზე ვსაუბრობთ, თორემ იგივე კლაუს ტოპმიოლერისა თუ ექტორ კუპერის "მოღვაწეობის" დროს საქართველოს ნაკრებს რა წინსვლაც ჰქონდა, იმედია, ჯერ კიდევ ყველას კარგად ახსოვს. იოჰან ბოსკამპი (ჰოლანდია), ვლადიმერ ზემლიანოი, ალექსანდრ შტელინი, ვიქტორ კაშჩეი, ანატოლი პისკოვეცი (ყველა-უკრაინა), ივო შუშაკი (ხორვატია), ლუის ცაკარიასი (პერუ), დუშან უჰრინი (ჩეხეთი), რაინერ ცობელი (გერმანია), ანდრეი ჩერნიშოვი (რუსეთი), ჯანი კარნევალე (იტალია) - აი ის უცხოელი მწვრთნელებიც, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა წარმატებით რომ მუშაობდნენ საქართველოს ჩემპიონატში.

თუმცა, ამ სეზონში ერთი ლეგიონერი მწვრთნელი კიდევ "შემოგვრჩა": იმის მიუხედავად, რომ "გაგრა" პირველ ლიგაში დაქვეითდა, ამ გუნდის უკრაინელმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა კვლავაც საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. ისე, კლუბის ხელმძღვანელებმა ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება მიიღეს, ამ გამოცდილ სპეციალისტს კონტრაქტის გახანგრძლივება რომ შესთავაზეს: ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით "გაგრა" დამაჯერებლად ლიდერობს პირველი ლიგის გათამაშებას და, ალბათ, სასწაული უნდა მოხდეს, გუნდი უმაღლეს ლიგაში რომ არ დაბრუნდეს.

ამას გარდა, "გაგრამ" სხვა, უფრო ზუსტად "ნაღდი" სასწაული უკვე მოახდინა, როცა თასის მეოთხედფინალში თბილისის "დინამოს" აჯობა ორრაუნდიან დაპირისპირებაში და ამჟამად ნახევარფინალშია გასული! როგორ გგონიათ, პირველ ლიგაში მხოლოდ პისკოვეცია ერთადერთი ლეგიონერი? ჯერ მარტო "გაგრაში" სამი ლეგიონერი ასპარეზობს: 29 წლის მიკოლა ნაკონეჩნი, 25 წლის ვლადიმირ ორდინსკი (ორივე-უკრაინა) და 18 წლის აბაიომო ოვონიკოკო (ნიგერია). ამათ გარდა, პირველ ლიგაში სხვა ლეგიონერებიც ასპარეზობენ: განაცხადში ყველაზე მეტი უცხოელი კიდევ ერთ ლიდერს, მარტვილის "მერანს" ჰყავს: 36 წლის ადონის პაპადოპულოსი (საბერძნეთი) პირველ ეტაპზე მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ, 20 წლის მელოდეკი ზონი (კოტ-დივუარი) და ასევე 20 წლის ლორენცო ლარკი (ლიბერია) მეორე წრეში, ფაქტობრივად, აღარ სჩანან ძირითადში, სამაგიეროდ, 20 წლის ჟოელ იატრო და 22 წლის მუგნინი ტაპე (ორივე - კოტ-დივუარი) ამ გუნდის წამყვან ფეხბურთელებად მიიჩნევიან.


რეკორდსმენი და გეოგრაფია
1990 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ჩემპიონატში 250-მდე უცხოელ ფეხბურთელს უთამაშია; რა თქმა უნდა, გამორჩეული ოსტატებიც გვახსოვს, ჩვენს პირველობას ეშხსა და ლაზათს რომ მატებდნენ: ზაურ ხაპოვი (რუსეთი), რობერტას ფრიდრიკასი, არვიდას კონციავიჩუსი, ვირგილიუს ბალტუშნიკასი, რიმას მაჟეიკისი (ყველა-ლიტვა), დე პორასი (არგენტინა), ტიაგო, კარლოსი, ვიეირა, აკინო ფრაგა (ყველა-ბრაზილია), ანდრეი პოროშინი (უკრაინა), პოლ კესანი, დიდიე ოვონო, ჯორჯ აკირემი, ერნესტ აკუასაგა (ყველა-გაბონი), ერიკ-რომეო ჩასემი (კამერუნი), დენი დონდტი (ბელგია), მილოშ კრშკო (სლოვაკეთი), ნედ ზელიჩი (ავსტრალია) და ასე შემდეგ; ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა ამ 21 წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში სხვა ეროვნების ფეხბურთელებსაც უასპარეზიათ: რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უზბეკეთი, ნიგერია, განა, პერუ, ეკვადორი, ჩერნოგორია, კორეა, ჩეხეთი, კონგო, სერბეთი, მაკედონია, ზამბია, კოტ-დივუარი, პორტუგალია, საფრანგეთი და ასე შემდეგ.

ამ სეზონში, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერთა გეოგრაფია რომ გაიზარდოს; მანამდე კი, რეკორდსმენი-ლეგიონერები ვახსენოთ: უკრაინელმა ანდრეი პოროშინმა სამი სეზონის განმავლობაში 27 გოლი გაიტანა (საუკეთესო შედეგია), ხოლო ანდერსონ აკინომ წინა სეზონში 31 მატჩში 26 გოლი გაიტანა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და "ლელოს" ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელიც. თუმცა, აბსოლუტური რეკორდსმენი მაინც ცხინვალის "სპარტაკის" 28 წლის მცველი ფრიდოლინ ბოიომო გახლავთ: სამ ქართულ გუნდშიც იასპარეზა (მანამდე ჯერ "სიონში" თამაშობდა, მერე - "ზესტაფონში") და საერთოდაც ერთადერთი ლეგიონერია, ვინც ხუთ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ბოიომოს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის - პირველი ლეგიონერია, ვინც საქართველოს ჩემპიონატში ასზე მეტი (სულ-104) მატჩი ჩაატარა!..






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული