კარგი განწყობა თასისთვის

AutoSharing Option
სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. "ბაიამ" ბევრი იბრძოლა, მაგრამ "ტორპედო" უკეთ გამოიყურებოდა (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) და კარგი თამაში ლოგიკური გამარჯვებით დააგვირგვინა. ამ მოგებით ქუთათურებმა სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად "ზესტაფონთან" თასის ნახევარფინალური თამაშის წინ კარგი განწყობაც შეიქმნეს.

შეხვედრა საკმაოდ დუნედ დაიწყო, შემდეგ კი მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა. მე-7 წუთზე ცენტრში ვართაგავა შეცდა, ბურთი დოლიძეს მიუვიდა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრი ირბინა, მცველები მოატყუა, კარშიც დაარტყა, მაგრამ სომხიშვილს არ გასჭირვებია ბურთის აღება. ტაიმის შუაწელამდე ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და
30-ე წუთამდე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

თამაში კვარაცხელია-დიღმელაშვილი-ფოფხაძის მწვავე კომბინაციამ გამოაცოცხლა, ფოფხაძის ჩაწოდებულ ბურთს კვარაცხელია ვერ შესწვდა და მდგომარეობა განიმუხტა. რიონისპირელებმა მალე გოლიც გაიტანეს. 32-ე წუთზე დოლიძემ სეთურიძეს გადააწოდა, მის ჩაწოდებულზე კი კვარაცხელიამ იმარჯვა და მცველებთან ორთაბრძოლაში შედეგიანად დაარტყა. ქუთათურებს ანგარიშის გაზრდა მალევე შეეძლოთ, მაგრამ სეთურიძის ჩაწოდებულს დოლიძემ ვერ მიაყოლა საგოლე დარტყმა. ზუგდიდელებიც არ ყოფილან გულხელდაკრეფილნი, ისინი პერიოდულად საკმაოდ სახიფათო უტევდნენ. განსაკუთებით აქტიურობდნენ წურწუმია და რიგვავა. ამ უკანასკნელმა 38-ე წუთზე კარგ პოზიციაზე გაიყვანა ლომია, რომელმაც ზუსტად ვერ დაარტყა. მე-40 წუთზე ჩიკვილაძის 50 მეტრიანი პასი კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მას მცველები უშლიდნენ ხელს. მერე კი ფარულავა-დოლიძის კომბინაცია მეგრელაძემ ვერ დააგვირგვინა, რომელიც ამ ეპიზოდში ბურთს ვერ შესწვდა.

მეორე ნახევარი "ტორპედოს" დიდი უპირატესობით დაიწყო და შედეგმაც არ დაახანა. 50-ე წუთზე დოლიძემ მეგრელაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, სომხიშვილმა ქუთაისელთა ბომბარდირი წესების დარღვევით შეაჩერა და პენალტთან ერთად ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. თერთმეტმეტრიანი მეგრელაძემვე შეასრულა და მონაგარს კიდევ ერთი გოლი შემატა. 53-ე წუთზე დიღმელაშვილის საჯარიმო დარტყმა ასცდა ხარიხას. იქვე დოლიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ სეთურიძემ ძელი "მოიკითხა".

ამის შემდეგ "ტორპედო" მოეშვა და ზუგდიდელებს გატანის შანსები გაუჩნდათ. წურწუმიამ შეცვლაზე შესული ეხვაია ორჯერ გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ორივეჯერ მიგინეიშვილმა იმარჯვა. ბოლო აკორდი ქუთათურებისა იყო - დიღმელაშვილის კუთხურისა და ჩიკვილაძის თავურის შემდეგ ბურთი ძელისა და ხარიხის გადაკვეთას მოხვდა, შემდეგ კი საქმეში მეკარე ჩაერთო და გუნდი მესამე გოლისგან იხსნა.


ქუთაისი. ცენტრალური, 5000 მაყურებელი
ტორპედო-ბაია 2:0
1:0 კვარაცხელია (32.სეთურიძის პასით) 2:0 მეგრელაძე (50. პენ)

ტორპედო ბაია
4-4-2 4-5-1
მიგინეიშვილი სომხიშვილი
ფოფხაძე აფაქიძე
ფარულავა აქუბარდია
ს. თოდუა რ. ონიანი
ჩიკვილაძე გამრეკლიძე
გ. სეთურიძე სიხარულია
დიღმელაშვილი რიგვავა
ქებაძე წურწუმია
დოლიძე შ. ლომია
ვ. კვარაცხელია ვართაგავა
მეგრელაძე ქობალია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გიგატაძე ე.ქომეთიანი

46.თარხნიშვილი-ქებაძე
59. მეგრელაძე-საბანაძე
67. დოლიძე-გ.ჩხეტიანი
სათადარიგოები: ქვილითაია, გოცირიძე, მაჭავარიანი, ბაკურაძე

53. გამრეკლიძე - ქვარცხავა
53. ვართაგავა - ეხვაია
69. ლომი - შონია
სათადარიგოები: მაქაცარია, სვირავა, ჩანგელია, სამუშია
გაფრთხილება: გამრეკლიძე (14), წურწუმია (37), სომხიშვილი (50), დიღმელაშვილი (66), სიხარულია (79), საბანაძე (85)

არბიტრი: ა.ნონიკაშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
19_ში უნდა მოვიგოთ ბიჭებო :*:*:*:*
gabro
10:15 16-04-2011
0

სიახლეები პოპულარული