შთამბეჭდავი დაბრუნება

AutoSharing Option
ვერაფერს ვიტყვით: მართლაც უხვგოლიანი და უკომპრომისო ტური გვქონდა; რა თქმა უნდა, შედეგიანობის მომატებაც გვახარებს: ზედიზედ სამი ტურის განმავლობაში ექვსზე მეტი გოლი არ გადიოდა, ახლა კი ხუთ შეხვედრაში 12 გოლი ვნახეთ.

მეორე ეტაპი რაც დაიწყო, ამაზე მაღალი შედეგიანობა ორჯერ დაფიქსირდა: XXIV ტურში 13 გოლი გავიდა, XXIII ტურში კი - 14. ისე, ახლაც არ ველოდით განსაკუთრებულ გოლთაცვენას, მაგრამ ბოლნისის "სიონმა" პირველ ლიგაში დაქვეითებისათვის განწირული "სამტრედია" არ დაინდო და ყველანაირად გაჭირვებული მეტოქის კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანა.

საინტერესო დეტალიც: ამ სეზონში თუ რომელიმე
გუნდი იყო დაბალშედეგიანი, სწორედ "სიონზე" ითქმის; თავად განსაჯეთ: აქამდე ჩატარებულ 29 მატჩში ბოლნისურ გუნდს მეტოქეთა კარში 18 გოლი (მხოლოდ და მხოლოდ, "კოლხეთს" ჯობდა ამ მაჩვენებლით) ჰქონდა გატანილი და საერთოდაც, უმეტესწილად მინიმალური სხვაობით იმარჯვებდა. უფრო მეტიც: ბოლო სამბურთიანი სხვაობით "სიონმა" წინა სეზონის დასაწყისში გაიმარჯვა, როცა თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით... "სამტრედია" დაამარცხა! ეგ კი არა, ბოლნისურმა გუნდმა ასეთივე ანგარიშით (5:0) უკანასკნელად სამი წლის წინათ გაიმარჯვა, - "სიონს" იმ დროისათვის გიორგი ყიფშიძე თავკაცობდა, მეტოქე კი თბილისის "მერანი" იყო. ქვემოქართლურ გუნდზე საუბარს კი ამ სეზონში "სიონის" ყველაზე შთამბეჭდავი ანგარიშით დამთავრებული მატჩით დავასრულებთ: 30 წლის რევაზ ჯიქიამ "დუბლი" შეასრულა და 4 გოლით ბოლნისელთა საუკეთესო ბომბარდირიც გახდა; თითო-თითო გოლი კი 20 წლის ვილი ისიანმა და საქართველოს ჩემპიონატის მართლაც დამსახურებულმა ვეტერანებმა, 34 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილმა და 35 წლის გივი დიდავამ გაიტანეს.


საჯარო პრეტენზიები და ანტირეკორდი
ბოლნისურმა გუნდმა უკვე ხუთი მატჩი ჩაატარა ხვიჩა ქასრაშვილის ხელმძვანელობით და ამ ხნის განმავლობაში პროგრესი სახეზეა: "სიონმა" ათი ქულა (3 გამარჯვება, 1 ფრე, 1 წაგება) შემატა თავის აქტივს.

აი, მეორე ქვემოქართლურ გუნდს კი ამ ბოლო დროს საამაყო თუ თავმოსაწონი არაფერი აქვს: ბოლო ოთხი მატჩიდან "ოლიაპმა" სამი წააგო და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა ოთხივე ეს შეხვედრა სტუმრად ჩაატარა; მაგრამ, ამის მიუხედავად, "ოლიმპის" ქომაგები ძნელად თუ წარმოიდგენდნენ მოვლენების ისეთ განვითარებას, როცა ამ გადამწყვეტ ეტაპზე გუნდი ოთხ შეხვედრაში მხოლოდ სამ ქულას მოიპოვებდა.

ასეთ წარუმატებელ პერიოდს, რაღა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა: თითქმის ყველა მატჩში "ოლიმპი" არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა. ოღონდ, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები არაფერ შუაშია, - რუსთავული გუნდის მოთამაშეები დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ შეხვედრებს. სწორედ ამაზე განაცხადა საჯაროდ "დინამოსთან" პრინციპული მატჩის მერე "ოლიმპის" მწვრთნელ-სელექციონერმა და ამავდროულად, გენერალურმა დირექტორმა თორნიკე მაისურაძემ, - მეორე ეტაპი რაც დაიწყო, მსაჯების მხრიდან ჩვენი გუნდი არნახულ ზეწოლას განიცდისო.

ახალგაზრდა სპეციალისტმა "ზეწოლაში" "ოლიმპის" ფეხბურთელების ხშირ-ხშირად და უსაფუძვლოდ "გაყვითლება", მეტოქის კარში არდანიშნული პენალტ(ებ)ი და კიდევ "სხვა" იგულისხმა; არავის ადვოკატობას არ ვაპირებთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ "ოლიმპს" ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება - ლიდერ "ზესტაფონს" უკვე ექვსი ქულით ჩამორჩება და ამას გარდა, გამოტოვებული მატჩების გათვალისწინებით, დიდი შანსია, მეორე ადგილიც დაკარგოს. თუმცა, საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობისას ყველაზე უარესი შედეგის (მეოთხე ადგილი) "გაუმჯობესება" გუნდს არ ემუქრება; სამაგიეროდ, "ოლიმპმა" სხვა ანტირეკორდი დაამყარა: ერთი სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი წაგება (ექვსი) გუნდს 2007-2008 წლების სეზონში ჰქონდა, ახლა კი ერთით მეტი აქვს...


საერთო კმაყოფილება
19 თებერვალს "დინამომ" ეროვნულ სტადიონზე "ზესტაფონს" უმასპინძლა და აი, თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ ჩვენ ყველაზე ტიტულიან გუნდს მხოლოდ ამ ტურში მიეცა საშუალება კვლავაც ამ არენაზე რომ ეთამაშა. მართლაც შთამბეჭდავი დაბრუნება გამოვიდა და "დინამოს" უაღრესად მოტივირებული თამაშის გარდა, 15 აპრილის საღამოს სხვაც ბევრი იყო აღსანიშნავ-დასამახსოვრებელი; უპირველეს ყოვლისა, მოედნის საფარი და, რაღა თქმა უნდა, დინამოელთა მონდომებაც, - უამრავი საპატიო სტუმრისა თუ კლუბის ხელმძღვანელთა თვალწინ ძლიერ მეტოქეს დამსახურებულად რომ აჯობეს.

"ლელოს" შაბათის ნომერში ამ მატჩის შესახებ ვრცლად ვისაუბრეთ და ამჯერად მხოლოდ ერთი-ორ გამორჩეულ ფაქტზე შევჩერდებით. უბრალოდ, იმას კი გავიმეორებთ, რომ როგორც იქნა, თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნეს 22 წლის რობერტინიომ და 21 წლის დონალდ ჯუისმა, რომელთა ზეაქტიურმა თამაშმაც დიდად განაპირობა "დინამოს" წარმატება. აი, გუნდის ორ უდავო ლიდერზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ: 25 წლის გიორგი ლორია და 29 წლის ალექსანდრე კოშკაძე მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებენ და ორივეს უდიდესი დამსახურებაა, კახა კაჭარავას გუნდი კვლავაც რომ აგრძელებს
ჩემპიონობისათვის ბრძოლას.

...ტურის ცენტრალური მატჩის წინ "დინამოს" ხელმძღვანელობა კლუბის სასიქადულო ვეტერანებს შეხვდა; იმ საინტერესო თავყრილობაზე "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა კლუბის ვეტერანებთან აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა და ერთი საინტერესო ფრაზაც ახსენა: "დინამოს" ხელმძღვანელის რანგში ეროვნულ სტადიონზე პირველად ვარ და ეს მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულიაო; ჰოდა, "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებმაც თავიანთი საქმე მაღალპროფესიულად შეასრულეს და ზურაბ პოლოლიკაშვილის მსგავსად, კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფიაც და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძეც უაღრესად კმაყოფილი ტოვებდნენ ჩვენს უმთავრეს და უპირველეს საფეხბურთო არენას...


კვლავაც ბომბარდირთა დავაზე...
საჩემპიონო რბოლაც დიდ ინტრიგას გვპირდება, "გასავარდნ ზონაშიც" ჯერ არაფერია გარკვეული და არანაკლებ ინტერესს იწვევს ბომბარდირთა შორის დავაც. ორმატჩიანი იძულებითი (დისკვალიფიკაციის გამო) უქმობის მერე "ზესტაფონის" თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი "მორიგი" გოლით დაბრუნდა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავას (15 გოლით) სწორედ ეს 25 წლის ფორვარდი ლიდერობს. გელაშვილის მსგავსად "სპარტაკთან" მატჩში თავი გამოიჩინა "ზესტაფონის" კიდევ ერთმა თავდამსხმელმა, 23 წლის რატი წინამძღვრიშვილმაც, ვინც სეზონში მე-12 გოლი გაიტანა და თორმეტივე შემთხვევაში შეცვლაზე შემოსულმა მოახერხა! თუმცა იმას ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავა მხოლოდ "ზესტაფონის" თავდამსხელების "საშინაო საქმე" იქნებაო; ყოველ შემთხვევაში, ქუთაისის "ტორპედოსა" და საერთოდ, ქართული ფეხბურთის მართლაც გამორჩეული ვეტერანი , 32 წლის გიორგი მეგრელაძე კვლავაც აგრძელებს თავისი ქომაგების გახარებას და ამ ტურში სეზონში მეცამეტე გოლიც გაიტანა.

სხვათა შორის, "სიონის" მსგავსად", "ტორპედოც" არ ანებივრებდა საკუთარ გულშემატკივარს განსაკუთრებულად შედეგიანი თამაშით, მაგრამ ზედიზედ მეორე ტურია მეტოქის კარში ორ-ორი გოლი გააქვს. თანაც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თავის გამოჩენა შეძლო ვახტანგ კვარაცხელიამ - არადა, 23 წლის თავდამსხმელს... ხუთთვიანი "მშრალი სერია" ჰქონდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული