"დინამოს" უხერხული და პრინციპული მეტოქე

AutoSharing Option
ცხრა დღეში ჩატარებული სამი მატჩი და სამი გამარჯვება, - "დინამოს" ბოლოდროინდელმა წარმატებულმა ასპარეზობამ საჩემპიონო რბოლას უფრო მეტი ინტრიგა შემატა. არადა, კახა კაჭარავას გუნდს ადრეც რომ ასე ეთამაშა, კონკურენტის "სადმე ფეხის დაცდენის" იმედად აღარ იქნებოდა. ამას კი იმიტომ ვამბობთ, რომ "დინამო" დღევანდელი მატჩის მოგების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე დარჩება და მხოლოდ ქულათა სხვაობას თუ შეამცირებს ლიდერ "ზესტაფონთან".

არადა, ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ოთხქულიანი სხვაობა არც ბევრია და არც - ცოტა; ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონკურენტთა დარჩენილი მატჩების განრიგსაც და იმასაც,
თუ როგორი ფსიქოლოგიური განწყობით შეხვდებიან "ზესტაფონისა" და "დინამოს" ფეხბურთელები სეზონის დასკვნით ნაწილს.

ისე, უშუალო კონკურენტისგან განსხვავებით, "დინამო" მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და ამ ფაქტორის გამოყენებასაც შეეცდება. თუმცა, იმასაც ვერავინ იტყვის, დარჩენილ შეხვედრებში "დინამოს" იოლი გასეირნება ელოდებაო და ამის დასტურად თუნდაც დღევანდელი მატჩი გამოდგება.

შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 20 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დედაქალაქური დერბი გადაიდო. მიზეზი სანაკრებო ინტერესები იყო: ეროვნულ სტადიონს საქართველო-ხორვატიის მატჩისთვის "ასვენებდნენ"; ამ შეხვედრის ერთი დღით გვიან ჩატარებაც გამოირიცხა, რადგან "დინამოს" ხუთი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში იყო გამოძახებული. არადა, 20 მარტის მატჩისადმი დიდი მოლოდინი გვქონდა: იმ თვეში ხომ მხოლოდ "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" ასპარეზობდნენ დაუმარცხებლად.

თუმცა ამის შემდეგ ორივე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა: "ვეტერინარებმა" საშინაო მატჩში "ზესტაფონთან" ფრედ რომ ითამაშეს, იმის მერე ჩემპიონატში ზედიზედ სამი შეხვედრა წააგეს, თანაც მტკივნეული მარცხი იწვნიეს თასის ნახევარფინალშიც. ყოველივე ამას საკადრო ცვლილებაც მოჰყვა და უკანასკნელ ტურში "ვიტ ჯორჯიას" ახალი მწვრთნელი, ზურაბ ბერიძე მოძღვრავდა; ვიტელეთა თავკაცად შვიდწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა ბერიძემ თავის ახალგაზრდულ გუნდს მოგების გემო გაახსენა: "ვიტ ჯორჯიამ" ლამის ერთთვიანი მოუგებელი სერია "სამტრედიასთან" სტუმრად გამარჯვებით დაასრულა.

"დინამოს" კი მართლაც ურთულესი გრაფიკით უწევდა აპრილში ასპარეზობა: 24 დღეში 6 მატჩი იოლი საქმე ნამდვილად არ არის (თან არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ ოთხ დღეში დინამოელებს კიდევ ორი შეხვედრის გამართვაც მოუწევთ).

"დინამოს" ქომაგთა სამწუხაროდ, ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა აპრილის და, ალბათ, სეზონის უმთავრესი მატჩი უშუალო კონკურენტ "ზესტაფონთან" წააგო; თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინამოელები დანებებას არ აპირებენ და გულის სიღრმეში, ალბათ, იმის იმედადაც არიან, "ზესტაფონს" სადმე "ფეხი რომ დაუცდეს". მაგრამ, მეტოქეთა შეუფასებლობაც რომ არ შეიძლება, "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს კარგად ეცოდინებათ: აბა, "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრის წინ სიტყვა "მოტივაციის" ხსენება ხომ ყოვლად უადგილოა.

ასეა უკვე წლების განმავლობაში და თუ რომელიმე გუნდზე შეიძლება "უხერხული მეტოქის" თქმა, უპირველესად, "ვიტ ჯორჯიაზე". ეგ კი არა, ამ სეზონში ჩატარებულ ორივე მატჩში მოგების გამოა, ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში "დინამო" ოდნავ რომ დაწინაურდა: 14 მოგება, 16 ფრე და 11 წაგება. ამ სეზონში "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო თავის პრინციპულ მეტოქეს: პირველ წრეში გივი კვარაცხელიასა და ალექსანდრე კოშკაძის გოლებით, მეორე წრეში კი შეხვედრის ბედი დავით მუჯირის მართლაც "საფირმო" შორეულმა დარტყმამ გადაწყვიტა. ერთი შეხედვით, დღევანდელ მატჩშიც ფავორიტად დინამოელები უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ახალგაზრდა "ვეტერინარები" უბრძოლველად რომ არაფერს დათმობენ, ფაქტია. მოკლედ, საინტერესო და უშეღავათო მატჩის მოლოდინში ვართ...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული