ხუთი მოკვეთეს, მთავარი თუ მოიკვეთება?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომამ დაახლოებით ორ საათს გასტანა. სხდომა მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო ღია, ისიც მხოლოდ ტელეოპერატორებისთვის, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში კი აღმასკომის წევრებმა დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს და ფედერაციის შენობიდან გამოსულმა ზვიად სიჭინავამ გადაწყვეტილება გაგვაცნო.

"აღმასკომმა საფეხბურთო მაქინაციებზე ბევრი იმსჯელა და როცა საქმე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანაზე მიდგა, ყველაფერი ერთმა ხმამ გადაწყვიტა. აღმასკომის რვა წევრი გარიგების მონაწილე ფეხბურთელებისთვის ხუთწლიან დისკვალიფიკაციას ითხოვდა, ცხრამ კი ხმა მათ სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცა და ხმათა უმეტესობით, ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.

ხუთი მოკვეთილი ფეხბურთელის გვარი ბოლო დღეებში ყველას პირზე აკერია, მაგრამ მათ ვინაობას მაინც შეგახსენებთ: გიგა ბეჭვაია (ვიტ ჯორჯია), როინ ონიანი, ლევან ვართაგავა (ორივე - ბაია), სპარტაკ გოგია, კახაბერ კირთაძე (ორივე - სამტრედია).

სიჭინავამ იქვე დასძინა, რომ ხუთეულის სამუდამო დისკვალიფიკაცია მხოლოდ საქართველოს კი არა, ფიფას წევრი ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდება. დასჯილებს აღმასკომის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.

აღმასკომის წევრებმა განაჩენი გამოიტანეს სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე პუნქტზე დაყრდნობით, სადაც ნათქვამია: "პირი, რომელიც შეეცდება სფფ-ის ორგანოს, მატჩის ოფიციალური პირის, ფეხბურთელის ან ოფიციალური პირის მოსყიდვას ან მოისყიდის მათ ან ეცდება პირდაპირ ან ირიბად მოახდინოს ზემოქმედება მათზე (მაგ: თხოვნა, დაპირება, გაუმართლებელი სარგებლის მიღება და სხვა) მატჩის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, დაჯარიმდება: პუნქტი 2 - სერიოზულ შემთხვევებში სანქცია შეიძლება იყოს სამუდამო."

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აღმასკომის წევრებმა კიდევ ერთხელ ნახეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები, შემდეგ სიჭინავამ მათ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელთა წერილი გააცნო, სადაც ისინი თანაგუნდელის მიმართ ლოიალობის გამოჩენას ითხოვდნენ. აღმასკომის წევრები ასევე გაეცნენ უეფას მიერ მსგავს შემთხვევებში დაწესებული სანქციების ჩამონათვალსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას.

გუშინდელ აღმასკომზე ასევე დადგინდა, რომ აღმასკომის მომდევნო სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება: აღმასკომის წევრები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად მომავალი სეზონის ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურაზე იმსჯელებენ.

ეს იყო და ეს, გუშინდელი დღისგან მეტს არც არაფერს ველოდით და, სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე მომხდარ სკანდალს კანტიკუნტად თუ გაიხსენებენ. ყველაფერი იქით მიდის, რომ მკვდარი წერტილიდან დაძრული პროცესი ამაზე დიდ მასშტაბს ვერ (და არ) შეიძენს და პრაქტიკულად, ისევ იმ მკვდარ წერტილს დაუბრუნდება, რომელსაც ათწლეულებია, ქართული ფეხბურთი ვერ გასცდენია.

ნაკლებად უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ დიდი ხნის ნანატრ კონკრეტულ ფაქტებს უახლოეს მომავალში სხვა მამხილებელი საბუთები შეემატება, არადა, სხვა საეჭვო სიტუაციებზე რომ არაფერი ვთქვათ, თვით ეს საქმეც იძლეოდა იმის რეალურ შანსს, რომ ყველაფერი მხოლოდ ხუთი ფეხბურთელის მოკვეთით კი არ დასრულებულიყო, ბინძური საფეხბურთო მაქინაციების კიდევ არაერთი მონაწილე გამოვლენილიყო.

"ჩვენ ვიმსჯელეთ მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომლებიც გავრცელებული ვიდეომასალით გამოაშკარავდა", - ასეთი განცხადებები გააკეთეს აღმასკომის წევრებმა და, რასაკვირველია, უნდა დავეთანხმოთ იმაში, რომ ფაქტების გარეშე ისინი ვერაფერზე ილაპარაკებდნენ.

სამაგიეროდ, ჩნდება კითხვა, რატომ მიაქციეს აღმასკომის წევრებმა ყურადღება ფარული კამერით გადაღებული პირების საუბრის მხოლოდ გარკვეულ ფრაგმენტებს და რატომ არ უხსენებია არავის ბევრი ის ფრაზა, რომელიც ამავე ჩანაწერებში გარკვევით ჟღერს?

მით უფრო, ამ ფრაზებზე ყურადღება "ლელოს" 4 მაისის ნომერში გავამახვილეთ სწორედ იმ იმედით, რომ ისინი განხილვის საგნად იქცეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საგაზეთო პუბლიკაციამ სიბნელის გამოაშკარავებას ხელი ვერც ამჯერად წააშველა.

ამის მიუხედავად, მაინც საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ფარული ჩანაწერის იმ ნიშანდობლივ მონაკვეთებს, რომლებიც აღმასკომის განხილვის საგნად არ ქცეულა.

1
"ბაიას" კაპიტანი როინ ონიანი გარიგების მონაწილე გაბედავას ამას ჰპირდება:
"მე-10 წამზეც იქნება "ზამენა" თუ საჭირო იქნება, მაგის პრობლემა არ არის... მე-10 წამზე კი არა, რომ ვხედავდე, რომ ცვლიან, მანამდე შევცვლით ჩვენ თავს, რა პრობლემაა..."
მეათე წამზე არა, მაგრამ ონიანის დაპირება მაინც შესრულდა და "დინამო"-"ბაიას" მატჩში პირველი შეცვლა ზუგდიდელებმა განახორციელეს. მოედანი ტრავმისა თუ ტრავმის მომიზეზებით "ბაიას" მცველმა მაკარ აქუბარდიამ დატოვა, რომელიც ეჭვის საფუძველზე გუნდიდან დროებით მოკვეთეს, მაგრამ მალევე დააბრუნეს.

2
ონიანის მეორე დაპირება:
"მე გეუბნები, ეგ უეჭველია, რასაც ვიტყვი... თუ საჭიროა, ჩვენ თუ ჩავთვლით ხო, რომ გეთქვათ, ჩვენ ორ პენალტსაც ავიკიდებთ, მაგასაც ავიღებთ... ჩვენ ეგ შეიძლება პირველ ტაიმში მოვაყომაროთ... მეორე ტაიმში უეჭველი იქნება რა..."
მატჩის მიწურულს "ბაიას" კარში პენალტი დაინიშნა, "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი ქირიამ წააქცია. აქუბარდიას მსგავსად, "ბაიას" ისიც რამდენიმე დღით ჩამოაშორეს და შემდეგ დააბრუნეს.

3
"პირველ ტაიმში შეცვლას გიკეთებ", - დაჰპირდა "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი გიგა ბეჭვაია გაბედავას.
"სიონთან" შეხვედრის მე-14 წუთზე "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში შეცვლა განხორციელდა. ოფიციალური მიზეზი აქაც ტრავმაა. მოედანი ლაშა კასრაძემ დატოვა, რომელზეც, აქუბარდიასა და ქირიასგან განსხვავებით, საკუთარი კლუბის ხელმძღვანელობას ეჭვი საჯაროდ არ მიუტანია.

4
ბეჭვაიას მეორე დაპირება: "პირველ ყვითელს გიკეთებ".
ეს "ამოცანა" წარმატებით თავად ბეჭვაიამ გადაჭრა. "სიონს" გოლი მე-7 წუთზე გაუტანა, მაისურა გაიხადა და გაფრთხილებაც მიიღო.

5
ბეჭვაიას მესამე დაპირება: "პირველ ტაიმში ჩვენი მეტი აუტი იქნება, სადღაც 15 აუტს ჩავაწვდით... ბოლნისის ხალხს ეცოდინება და გადაყრიან და გადაყრიან".
"ვიტ ჯორჯია"-"სიონის" პირველ ტაიმში დაპირებულ 15 აუტზე მეტი, 16 ჩაწოდდა. ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, "ბოლნისის ხალხს" ამ 16-დან 14 აუტი რომ არ "გამოემუშავებინა".

6
გაბედავა: "უკვე ორი კაცი ვართ სტადიონზე... ტრენერი თავისთავად ჩვენია".
ორ კაცში გოგია და კირთაძე უნდა იგულისხმებოდნენ, და "სამტრედიას" რომელი "ტრენერი"? ეს შეკითხვა, რატომღაც, არავის გასჩენია.

7
გაბედავა: "ეგენი მელოდებიან რო პენალი გვინდა... ჰა პენალი და შეცვლა გავაკეთოთ..."
"სამტრედიამ" "პენალიც" აიკიდა და მეტოქეს შეცვლაც დაასწრო. პენალტი დასჯილთაგან ერთ-ერთის ხელით თამაშს მოჰყვა, შეცვლით კი სამტრედიელი რუხაია შეცვალეს.


ვიმეორებთ, ჩვენ ხელს არავის ვადებთ, მაგრამ ეს ფრაზები ნამდვილად ღირდა იმად, აღმასკომს გულდასმით რომ გამოეკვლია. იმას კი ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა გამოძიება და კონკრეტულად რომელი ეპიზოდებია სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის სფეროში.

საქართველოს ჩემპიონატში "ცუდი სუნი" უამრავ მატჩს უდიოდა, მაგრამ რაკი უკანონო გარიგებათა ფაქტი მხოლოდ ახლა გამოაშკარავდა, ამჯერად ძველს თავი გავანებოთ და დავსვათ ლოგიკური შეკითხვა - რატომ აღარ უჩანს გაგრძელების პირი იმ საქმეს, რომელსაც შეეძლო, გაცილებით უფრო მსხვილმასშტაბიანი მაქინაციები გამოევლინა და დასჯილთა რიცხვი ხუთით არ შემოფარგლულიყო. ამ ფეხბურთელებმა კუთვნილი სასჯელი მიიღეს, მაგრამ, საუბედუროდ, ყველაფერი იქით მიდის, რომ მათზე გაცილებით დიდი დამნაშავეები ქართულ ფეხბურთში "მოღვაწეობასა" და მის ლაფში გასვრას გააგრძელებენ.

ძალიან გვეეჭვება, სასჯელს მხოლოდ ფეხბურთელები იყვნენ გადარჩენილები. არ არის გამორიცხული, საფეხბურთო მაქინაციები ზოგიერთი კლუბის მაღალრანგოსნებისთვის ძალიან ჩვეული საქმიანობა იყოს და შესაძლოა, სკანდალს გაგრძელება იმიტომაც არ მოჰყვეს, რომ ასეთ შემთხვევაში სფფ-ს უმაღლესი ლიგიდან არა ერთი და ორი კლუბის მოკვეთა დასჭირდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი დამნაშავე ფეხბურთელების გამოვლენა გამოძიებას კლუბების "მაღალ ეშელონებამდე" მიიყვანდა...

დღეს კი ყველა კმაყოფილია - ვინ მოთვლის, რამდენმა მაქინატორმა ამოისუნთქა შვებით. ქართული ფეხბურთი არსებობას ბეჭვაიას, ონიანის, ვართაგავას, გოგიასა და კირთაძის გარეშე განაგრძობს, მათზე დიდი დამნაშავეები კი საფეხბურთო ოჯახის გავლენიან წევრებად რჩებიან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბატონო ლევან,ასე მგონია სამართალ დამცავებს სხვა ფარული მასალაც აქვთ,სადაც ალბათ ბევრი სხვა ფეხბურთელი და გუნდების ხელმძღვანელობაც არის მოხსენიებული.სანამ უფულო,უპატრონო გუნდები იქნებიან ასე იქნება და სამწუხაროდ ამაზე არავინ არ თქვა,
davit berekashvili
10:14 11-05-2011
0
ასეთი კლუბების პრეზიდენტებს და მწვრთნელებს ბევრჯერ უთქვამთ ჟურნალისტებთან,თქვენც პირადათ გექნებათ მოსმენილი ბატონო ლევან რომ,ნასესხები ფულით დადიან გასვლით თამაშებზე და ასევე ამ გზით აგვარებენ კვების საკითხსაც და რითი ისთუმრებენ ამ ვალს,ასეთი მაიმუნობის გარდა?
davit berekashvili
10:20 11-05-2011
0

სიახლეები პოპულარული