სამხრეთ კორეა უკეთეს ფორმაშია, მაგრამ როცა საჭიროა, ბერძნები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან ხოლმე
სამხრეთ კორეა: ვუნ-ჟაე ლი - დუ-რი ჩა, იუნ-ჰიუონ ჩო, ჰიუნ-ილ კიმი, იან-პიო ლი - ჩუნ-იონ ლი, იუნ-ვუ კიმი, სუნ-იონ კი, ჟი-სუნ პარკი - დონ-კუგ ლი, ჩუ-იან პარკი.
საბერძნეთი: ცორვასი - პაპასტატოპულოსი, კაცურანისი, კირიაკოსი - ვინტრა, ციოლისი, კარაგუნისი, ტოროსიდისი - ხარისტეასი, გეკასი, სამარასი.
არბიტრი: მაიკლ ესტერი (ახ. ზელანდია)
თუ სამხრეთ კორეის ან საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელებს უნდათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზონ, პროგრამა მინიმუმი შეასრულონ და ჯგუფიდან გავიდნენ, პირველი მატჩის მოგება
სამხრეთ კორეელთა მწვრთნელი იუნ-მუ ჰუ ტიპურ 4-4-2 ტაქტიკურ სქემას ანიჭებს უპირატესობას, რადგან ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფლანგის მოთამაშეები ჰყავს. დაცვაში, მარჯვნიდან დუ-რი ჩა, მარცხნიდან კი იან-იო ლი უტევენ, ნახევარდაცვაში კი ფლანგებს ჟი-სუნ პარკი და ჩუნ-იონ ლი ცვლიან ხოლმე. მწვრთნელი 2002 წლის მუნდიალის გმირს იუნ-ხვან ანს, რომელმაც იტალია დაასამარა, ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ამწესებს და უმეტესად, დონ-კუგ ლისა და ჩუ-იან პარკს ენდობა ხოლმე.
ბერძნების თავკაცი ოტო რეჰაგელი კი თავის შეგირდებს უმეტესად სამი ცენტრალური მცველით ათამაშებს და მართალია, ოტოს ტაქტიკა გრაფაში 3-4-3-ად აისახება, მაგრამ როცა ბერძნები თავს იცავენ, სქემა 5-4-1 არის ხოლმე და მხოლოდ შეტევის დროს ხდება 3-4-3.
მართალია, აზიელებმა მხოლოდ ორივე ტესტ-მატჩი წააგეს (ბელორუსთან და ესპანეთთან), მაგრამ მანამდე ზედიზედ ოთხი შეხვედრის მოგება შეძლეს - დაამარცხეს იაპონია და კოტ დ’ივუარი. რაც მთავარია, კორეელებს მთავარი ფეხბურთელები მწყობრში და კარგ ფორმაში ჰყავთ. ბერძნებს, ტესტ-მატჩებში განსაკუთრებით დაცვაში უჭირდათ. არადა, უკანა ხაზი ყოველთვის რეჰაგელის გუნდის უმთავრეს კოზირად მიიჩნეოდა. კარგ ფორმაშია თავდამსხმელი თეოფანის გეკასი და მის გარდა, ოტოს ვეტერანი კარაგუნისისა და ახალგაზრდა ნინისის იმედი აქვს.
სამხრეთ კორეა და საბერძნეთი ერთმანეთს ბოლოს 2007 წელს შეხვდნენ და მაშინ აზიელებმა 1:0 გაიმარჯვეს. მანამდე კი, კერძოდ 2006-ში, სამხრეთ კორეა და საბერძნეთი ერთმანეთს დრით დაშორდნენ. საბერძნეთს სამხრეთ კორეისთვის არასდროს მოუგია.
"ჩემი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. საბერძნეთთან აუცილებლად მოგება გვინდა," - განაცხადა მატჩის წინ კორეელთა დამრიგებელმა იუნ-მუ ჰუმ.
"ჩემთვის, 2004 წლის ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი უდიდესი გამოწვევაა. ასეთი მოტივირებული არასდროს ვყოფილვარ. მთელი გუნდი მონდომებულია," - ეს კი ბერძნების მცველის, კოსტას კაცურანისის სიტყვებია.
გოტფრიდ ლენცი