ძნელია "დინამოს" მწვრთნელობა...

AutoSharing Option
ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ სამჯერ მეორე ადგილზე გასვლა ნებისმიერი ქართული გუნდისთვის შთამბეჭდავ შედეგად თუ მიიჩნევა, მაგრამ თბილისის "დინამოსთვის" ასეთი მაჩვენებელი, არც მეტი, არც ნაკლები, ქრონიკულ წარუმატებლობად უნდა შეფასდეს!

"დინამო" რომ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ჩემპიონი ვერ ხდებოდა, რა თქმა უნდა, უამრავი ობიექტური მიზეზი არსებობდა; უპირველეს ყოვლისა კი, არცთუ სახარბიელო ფინანსური გარემო უნდა აღვნიშნოთ, რის გამოც გუნდის წამყვანი ფეხბურთელების მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა.

ცალკე საუბრის თემაა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაც, - სხვადასხვა ქართული გუნდებიდან დიდი "ზარ-ზეიმით" გადმოყვანილ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა
"დინამოში" ჩარიცხვის დღიდანვე პროფესიულ ზრდას შეწყვეტდა ხოლმე; ანუ, ადრე ("დინამოში" გადმოსვლამდე) თუ "დაფრინავდნენ", ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში უკვე ჩვეულებრივ და სხვებისგან არაფრით გამორჩეულ ფეხბურთელებად ყალიბდებოდნენ. უცხოელი ლეგიონერები ხომ, საერთოდ, ბევრად უფრო ვრცელი თემაა: ბოლო 13 წლის განმავლობაში "დინამოში" რომელი ქვეყნის წარმომადგენელს არ უასპარეზია, მაგრამ რამდენიმე ათეული იმ უცხოელიდან მხოლოდ ერთეულები (ნედ ზელიჩი, მილოშ კრშკო, დიდიე ოვონო, კარლოსი, დენი დონდტი) თუ ამტკიცებდნენ თავიანთ მაღალ კლასს.

ბოლო 13 წელიწადიც შემთხვევით არ გვიხსენებია: ამ დროის განმავლობაში "დინამო" ოთხჯერ გავიდა მესამე ადგილზე და ხუთჯერ - მეორეზე. აი, ტიტულებს რაც შეეხება, სამჯერ თასი მოიპოვა და ასევე სამჯერ ჩემპიონობა: 2003 წელს ივო შუშაკის ხელმძღვანელობით, 2005 წელს - კახა ცხადაძის თავკაცობით და 2008 წელს - დუშან უჰრინთან ერთად. არადა, მანამდე (ანუ, 1990-99 წლებში) "დინამომ" თასი ექვსჯერ მოიპოვა და, რაც მთავარია, ზედიზედ ათჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა!

სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში ეს შედეგი ევროპაში საუკეთესო იყო, ვიდრე ნორვეგიული "რუსენბორგი" და ლატვიური "სკონტო" არ გააუმჯობესებდა. ახლა კი "დინამოს" ერთგულ ქომაგებს მხოლოდ იმითღა შეუძლიათ იამაყონ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "დინამოა" ერთადერთი გუნდი, პირველიდან მოყოლებული, ყველა გათამაშებაში რომ მონაწილეობს.

და ალბათ, იმითაც, რომ მხოლოდ "დინამოა" ასევე ერთადერთი გუნდი, ჩემპიონატი მესამე ადგილს ქვემოთ რომ არ დაუმთავრებია. თუმცა, ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისიდან (უფრო ზუსტად, 1994 წლიდან) "დინამოში" ერთობ უცნაური ტენდენციაც დამკვიდრდა: ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდში "გადაბმულად" 2 სეზონი დავით ყიფიანის გარდა, სხვა არც ერთ მწვრთნელს არ უმუშავია! ჰოდა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას: იქნებ "დინამოს" ახალმა მწვრთნელმა, ესპანელმა ალექს გარსიამ დაარღვიოს ეს მართლაც უცნაური "ტრადიცია"...

დატრიალდა კარუსელი!
პირველ და მეორე ეროვნულ ჩემპიონატში "დინამოს" დავით ყიფიანი თავკაცობდა და გუნდმა ორივე სეზონი პირველ ადგილზე დაამთავრა. ამის შემდეგ ყიფიანი კარიერის გასაგრძელებლად კვიპროსზე გაემგზავრა და მის ნაცვლად "დინამოს" მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი დანიშნა - გუნდმა ჩემპიონატი უპრობლემოდ მოიგო. "დინამომ" მეოთხე ეროვნული ჩემპიონატიც ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, მაგრამ 1994 წლის გაზაფხულიდან გუნდს უკვე გივი ნოდია თავკაცობდა, რომელმაც ის სეზონი ჩაამთავრა და მომდევნოშიც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

აი, 1994-95 წლების სეზონი კი "დინამოს" არსებობის ისტორიაში მართლაც "განსაკუთრებული" იყო: ერთი, არასრული წლის განმავლობაში გუნდში 5 სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა! სეზონი გივი ნოდიამ დაიწყო, შემდეგ დროებით გუნდს თემურ ჩხაიძე ხელმძღვანელობდა, ვინც მერე სერგო კუტივაძემ შეცვალა, თუმცა 1995 წლის დასაწყისში დსთ-ს თასის დამთავრებისთანავე კუტივაძის ნაცვლად ცოტა ხნით ვაჟა ჟვანია გახლდათ "დინამოს" თავკაცი, ვიდრე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ გუნდს დავით ყიფიანი ჩაიბარებდა! ასეთი სამწვრთნელო "კარუსელის" მიუხედავად "დინამომ" ის სეზონი პირველ ადგილზე დაამთავრა, თანაც შედეგიანობის მხრივ, თუ არ ვცდებით, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელიც ჰქონდა: თითო მატჩში საშუალოდ... ოთხ ბურთზე მეტი გაჰქონდა! ყიფიანმა ამის შემდეგ "გადაბმულად" კიდევ 2 სეზონი იმუშავა, 1997-98 წლების ჩემპიონატიც მისი ხელმძღვანელობით დაიწყო "დინამომ"; თუმცა უკვე ფინიშისკენ, ყიფიანი რუსეთში (კერძოდ, იაროსლავლის "შინიკში") გაემგზავრა და "დინამოს" ცოტა ხნით ნოდარ აკობია წვრთნიდა, ჩემპიონობა კი გუნდმა მურთაზ ხურცილავას ხელმძღვანელობით მოიპოვა.

აი, ამის შემდეგ კი მართლაც თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები თუ იყო, როცა რომელიმე მწვრთნელს "დინამოში" სეზონის სრულად ჩამთავრების საშუალება ეძლეოდა. 1998-99 წლების სეზონი მურთაზ ხურცილავამ დაიწყო, ვინც შემდეგ ჰოლანდიელმა იოჰან ბოსკამპმა შეცვალა - პირველმა უცხოელმა მწვრთნელმა "დინამოს" ისტორიაში (რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდს ვგულისხმობთ). სწორედ ამ დროს დასრულდა კიდეც ქართულ საკლუბო ფეხბურთში "დინამოს" ჰეგემონიის ხანა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო 13 წლის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ სამჯერ შეძლო ჩემპიონობის მოპოვება...
1999-2000 წლები სეზონის პირველი მატჩი "დინამომ" იმ დროისათვის 34 წლის სპეციალისტის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ჩაატარა; ამის შემდეგ გუნდს ოთარ კორღალიძე წვრთნიდა, სეზონი კი, "დინამომ" ჯემალ ჩიმაკაძის ხელმძღვანელობით ჩაამთავრა და სატურნირო ცხრილში... მესამე ადგილი დაიკავა.

ანალოგიური შედეგი ჰქონდა გუნდს მომდევნო ორ ჩემპიონატშიც: 2000-01 წლების სეზონში "დინამოს" ჯერ რევაზ არველაძე ხელმძღვანელობდა, შემდე კი გოჩა ტყებუჩავა. მომდევნო სეზონში "დინამოს" ჯერ გივი ნოდია თავკაცობდა, 2002 წლის დასაწყისიდან კი გუნდის მთავარ მწვრთნელად ხორვატი ივო შუშაკი დაინიშნა. სამწლიანი პაუზის მერე ტიტულები მომდევნო სეზონში მოვიდა: შუშაკის ხელმძღვანელობით 2003 წელს "დინამომ" "დუბლი" შეასრულა; თუმცა, მომდევნო ჩემპიონატში "დინამოში" კვლავ ორი მწვრთნელი მოღვაწეოდა: 2004 წლის გაზაფხულზე შუშაკის ნაცვლად გია გეგუჩაძე დაინიშნა. საქართველოს თასი და უეფას ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, - აი, ასეთი იყო გეგუჩაძის მონაგარი; თუმცა 2005 წლის გაზაფხულზე "დინამოში" კვლავ მოხდა სამწვრთნელო გადაადგილება: მცირე ხნით გუნდს ხვიჩა ქასრაშვილი ავარჯიშებდა, ორწლიანი პაუზის მერე საჩემპიონო ტიტული კი "დინამოს" კახა ცხადაძემ მოაპოვებინა.

2006 წლის იანვარში კი "დინამოში" კიდევ ერთი უცხოელი მწვრთნელი დაინიშნა, თუმცა ანდრეი ჩერნიშოვის ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო. 2006 წლის ზაფხულში "დინამოში" მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა მოვიდა, ვინც რამდენიმე ტურის მერე გუნდის ახალი თავკაცის ასისტენტი გახდა. ახალი თავკაცი კი, ცნობილი ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი იყო, ვინც მხოლოდ მეორე სეზონში შეძლო ჩემპიონობის მოპოვება. ეს 2008 წელს იყო, თანაც საქმეს არც მწვრთნელების გაუთავებელი ცვლა შველოდა: 2008 წლის ზაფხულში დანიშნულმა გერმანელმა რაინერ ცობელმა გუნდში ერთი წელიც ვერ გაძლო და დამსახურებულადაც გააცილეს თბილისის აეროპორტში. ის სეზონი "დინამომ" კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით ჩაამთავრა და ხუთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს თასიც მოიპოვა.

მომდევნო სეზონში კაჭარავა პირველიდან ბოლო ტურამდე ხელმძღვანელობდა "დინამოს", XXII ჩემპიონატიც გუნდმა მისი ხელმძღვანელობით დაიწყო, მაგრამ შარშან, კონკრეტულად კი 5 ნოემბრის მატჩის ("დინამო"-"ბაია") შემდეგ თანამდებობა დატოვა. პირველი ეტაპის ბოლომდე "დინამოს" თამაზ სამხარაძე წვრთნიდა, 2011 წლის იანვრიდპნ კი ისევ კახა კაჭარავამ ჩაიბარა ეს ურთულესი და საპასუხისმგებლო პოსტი. აი, დღეიდან კი "დინამოს" ალექს გარსია დამოძღვრავს, - ესპანელმა სპეციალისტმა საქარვველომ ყველაზე ტიტულიან გუნდთან სამწლიანი (2+1) კონტრაქტი გააფორმა!

1990 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მწვრთნელი ორჯერ და სამჯერ მობრუნებულა "დინამოში"; სულ კი დღემდე 22 სპეციალისტს გაუწვრთნია ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი და ესპანელი ალექს გარსია 23-ე გახლავთ...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გთხოვთ დააბრუნოთ ქართული წარწერა ლოგოზე.
Burton
20:06 03-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული