სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი: ჯეიმსი - ჯონსონი, ტერი, კინგი, ე. კოული - ლენონი, ჯერარდი, ლემპარდი, ე. კოული (ან მილნერი) - კრაუჩი, რუნი.
აშშ: ჰოვარდი - ჩერუნდოლო, სპექტორი, ონიევუ, ბოკანეგრა - ჰოლდენი, ბისლი - ბრედლი, დონოვანი - დემპსი, ბადლი.
არბიტრი: კარლუშ სიმონი (ბრაზილია)
დღეიდან უკვე ჩემპიონატის ფავორიტებსაც ვნახავთ: 18 საათზე არგენტინის ნაკრები იასპარეზებს, ღამის თამაშში კი ფაბიო კაპელოს დამოძღვრილი ინგლისელები ჯგუფის მეტ-ნაკლებად სერიოზულ კონკურენტს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს შეხვდებიან. ერთი შეხედვით, ინგლისელები რთულ ჯგუფში ნამდვილად არ მოხვდნენ: ამერიკელთა გარდა აქ ალჟირი და სლოვენია
ახალი რა უნდა ვთქვათ: ნებისმიერი მნიშვნელოვანი ტურნირის დაწყების წინ ინგლისელებს მუდამ ფავორიტის სტატუსი აქვთ; თუმცა, ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლებმა მხოლოდ ერთხელ (1966 წელს) შესძლეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება. ინგლისური ფეხბურთის ქომაგთა სამწუხაროდ, ბობი ჩარლტონის, ბობი მურის, გორდონ ბენქსის, ჯეფრი ჰერსტისა და ალან ბოლის თაობის ტრიუმფი შემდეგში აღარ განმეორდა. არადა, ვერავინ იტყვის, ინგლისელებს უკანასკნელი 44 წლის განმავლობაში მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყავდათო; თუმცა, კევინ კიგანის, გარი ლინეკერის, პიტერ შილტონის, გლენ ჰოდლის, სტივ უოდლის, ალან შირერის, პოლ გესქოინის, სტივ მაკმანამანისა თუ სხვა ინგლისელი ვარსკვლავების მონდომებას შედეგი არ მოჰყოლია. ისე როგორც, "მშველელად" უცხოელი მწვრთნელის მოწვევას - შვედი სვენ გორან ერიქსონი ინგლისის ნაკრების თავკაცის რანგში გვარიანად კი გამდიდრდა, მაგრამ, მნიშვნელოვან ტურნირებზე გუნდი ნახევარფინალამდეც ვერც ერთხელ მიიყვანა.
სამაგიეროდ, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მეორე უცხოელი მწვრთნელის, იტალიელი ფაბიო კაპელოს მოსვლის შემდეგ ამქვეყნის ნაკრების პროგრესი აშკარაა. კაპელოს ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები ისე ათამაშდა, ამ გუნდის ერთგული გულშემატკივრები როგორც ელოდნენ: შესარჩევი ციკლი ხომ მართლაც ზღაპრულად ჩაატარეს და ამ ჩემპიონატზეც სამართლიანად მიიჩნევიან ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტებად. სხვანაირად ვერც იქნება: როცა გუნდში უეინ რუნი, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლემპარდი, ჯონ ტერი და ეშლი კოული თამაშობენ, ფავორიტის გარდა სხვა სტატუსი ვერც ექნება.
რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია გუნდის კაპიტნის რიო ფერდინანდის ტრავმა, ისიც, რომ თავის მეოთხე მუნდიალზე ვერ იასპარეზებს დევიდ ბექჰემი; მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ფაბიო კაპელოს გუნდისგან სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე მაქსიმალურ შედეგს უნდა ველოდოთ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ იმავე ესპანეთისგან განსხვავებით, ინგლისის ნაკრები ყველა რგოლში ერთნაირად არ არის დაბალანსებული. კვლავაც გაურკვეველია, თუ ვის ანდობს კაპელო ნაკრებს კარის დაცვას: ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმულ მონაწილეს, 39 წლის დევიდ ჯეიმსს, "ვესტ ჰემის" 30 წლის მეკარეს რობერტ გრინსა თუ ახალგაზრდა ჯო ჰარტს; ისიც საინტერესოა, ტრავმირებული გარეთ ბერის არყოფნაში საყრდენ ნახევარმცველად ვინ ითამაშებს: მაიკლ კერიკი თუ ჯეიმს მილნერი; თავდასხმაშიც უეინ რუნის ვინ შეუწყვილოს, კაპელო, ალბათ, მეტოქიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს.
ყოველ შემთხვევაში, სამივე ფორვარდი (პიტერ კრაუჩი, ჯერმეინ დეფო, ემილ ჰესკი) სხვადასხვა სტილის თავდამსხმელები არიან და ცნობილ ტაქტიკოსს კაპელოს ნამდვილად არ შეეშლება რომელ გუნდთან რომელ ფეხბურთელს ენდოს.
ინგლისი C ჯგუფის კი არა, მთლიანად, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია; სამაგიეროდ, ამერიკის შეერთბული შტატების ნაკრებს თავისუფლად ხელეწიფება შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის იბრძოლოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბობ ბრედლის გუნდი ფიფას რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზე იმყოფება! საერთოდაც, ამერიკელები ზედიზედ მეექვსედ გადიან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და შესაძლოა, განსაკუთრებული წარმატებებისათვის არ მიუღწევიათ, იმასაც ვერავინ იტყვის, რომ ამ გუნდთან ვინმეს იოლი გასეირნება ელოდება. აშშ-ს ნაკრები საკმაოდ ორგანიზებულ, თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და ეს შარშანაც დაამტკიცა კონფედერაციის თასზე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამერიკელებს იმითაც შეუძლიათ იამაყონ, რომ ბოლო ორ წელიწადში მხოლოდ მათ შესძლეს ესპანეთის ნაკრების დამარცხება!
ამერიკელებს გამორჩეული ლიდერი არა ჰყავთ, თუ არ ჩავთვლით ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, გუნდის კაპიტანს ლენდონ დონოვანს. სხვათა შორის, "ლოს ანჯელეს გელაქსის" ლიდერმა გასული სეზონი პრემიერლიგაში გაატარა - "ევერტონში" იჯარით თამაშობდა. დონოვანის გარდა, აშშ-ს ნაკრებში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია, ინგლისურ პრემიერლიგაში მეტ-ნაკლები წარმატებით რომ ასპარეზობს: ჯონათან სპექტორი ("ვესტ ჰემი"), კლინტ დემპსი ("ფულემი"), სტიუარტ ჰოლდენი ("ბოლტონი"); აღარაფერს ვამბობთ ნაკრების ... სამივე მეკარეზე: ტიმ ჰოვარდზე ("ევერტონი"), მარკუს ჰანემანსა ("ვულვერჰემპტონი") და ბრედ გუზანზე ("ასტონ ვილა"). ეს სამეული კვლავაც აგრძელებს ამერიკელი მეკარეების ღირსეულ ტრადიციას: კეისი კელერი წლების განმავლობაში პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე იყო; 40 წელს მიღწეული ბრედ ფრიდელი კი დღესაც უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად მაინც ინგლისელები უნდა მივიჩნიოთ; სტატისტიკაც მათ მხარეს არის: 7 გამარჯვება და 2 წაგება (ბურთების სხვაობა 35-8). აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე სულ პირველი გათამაშებიდან (1930 წლიდან) მონაწილეობს; მაშინ როცა ინგლისელები 1950 წლამდე არ ცნობდნენ ფიფას ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებს. ჰოდა, სწორედ 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდნენ ერთმანეთს ინგლისისა და აშშ-ს ნაკრებები. ყველასათვის მოულოდნელად, ინგლისის ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა: აშშ-ს ნაკრებმა 1:0 მოიგო. თუმცა, იმის შემდეგ ხომ ძალიან დიდი დრო გავიდა..
გია ტუხაშვილი