რემონტი ფოთში და შემოდგომა ზუგდიდში

AutoSharing Option
მოსამზადებელი შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩი ფოთის "კოლხეთმა" "ბათუმთან" ჩაატარა და 3:2 გაიმარჯვა.

შეხვედრა ურეკში გაიმართა, ფოთელთა ძირითადი შემადგენლობა კი ასეთი იყო: ნადირაშვილი - ცხვიტარია, ინწკირველი, შავგულიძე, მეგრელიშვილი - ქებაძე, ლომაშვილი, ცხადაია, ლემონჯავა - ციცხვაია, მდივნიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ბობღიაშვილი, კილასონია, თედიაშვილი, გვალია, ჯანაშია, გულუა, წიქარიშვილი, ბარამიძე, გოგონაია, გელაჭეიშვილი.

პირველი ტაიმი "კოლხეთმა" ლემონჯავას გოლით მოიგო, მეორე ნახევარში სოსო ფილიას გუნდის უპირატესობა ზამირ ჯანაშიამ განამტკიცა, შემდეგ კი ბათუმელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, თუმცა შეცვლაზე შესულმა გოგონაიამ 81-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ეს მატჩი
"კოლხეთის" შეკრების ბოლო დღეს გაიმართა, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენების საშუალება მისცა. ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დღეებში ფოთელები საკონტროლო შეხვედრას აღარ ჩაატარებენ.

კლუბის ფინანსური პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, რაზეც გაძლიერებული შემადგენლობაც მეტყველებს. სამაგიეროდ, "კოლხეთს" უახლოესი პერიოდის განმავლობაში სტადიონი ექნება საძებარი. როგორც იცით, ფოთის "ფაზისზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი, რომელიც, წესით, სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, "კოლხეთმა" მშობლიურ ქალაქში თამაში ამაზე გაცილებით გვიანღა შეძლოს.

თავდაპირველი ინფორმაციით, ფოთელებს საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მატჩებში მეტოქეებისთვის ლანჩხუთში უნდა ემასპინძლათ, მაგრამ, როგორც გუშინ "კოლხეთის" მწვრთნელმა დავით მახარაძემ გვითხრა, გადაწყდა, რომ გუნდი საშინაო მატჩებს არა გურიაში, არამედ ზუგდიდში ჩაატარებს.

ზუგდიდურ არენაზე, მოგეხსენებათ, ადგილობრივი "ბაია" თამაშობს და, თუ უმაღლესი ლიგის კალენდარს გადავხედავთ, მისი და "კოლხეთის" საშინაო შეხვედრების დღეები ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა მეგრული კლუბები ერთმანეთთან საერთო ენას, ალბათ, უპრობლემოდ გამონახავენ და, როცა საჭირო იქნება, რომელიმეს თამაში ერთი დღით ადრე ან გვიან გაიმართება.

გარდა ამისა, "კოლხეთმა" თხოვნით მიმართა" "ზესტაფონს", ფოთში 14 აგვისტოს დანიშნული მატჩი ზესტაფონში ჩატარდეს და, შესაბამისად, ამ გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე ფოთში გაიმართოს. "ზესტაფონს" ფოთელთათვის ჯერ არ უპასუხია. პირველ ტურში კი, 7 აგვისტოს, ზღვისპირელები რუსთავში "მეტალურგს" ეთამაშებიან.

"ფაზისის" რეკონსტრუქცია კი ცალკე თემაა და ამის თაობაზე ცნობებს დროდადრო მოგაწვდით. პროექტი ნამდვილად კარგია, მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფრის დაგების გარდა, იგეგმება ტრიბუნებისა და გასახდელების განახლება და ღამის განათების დამონტაჟება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული