გიორგი ჯანელიძე: "დინამოსთან" უშანსოდ არასდროს ვიქნებით

AutoSharing Option
"დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება საქართველოს ჩემპიონატში ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. დღეს ამ გუნდებს განსხვავებული ამბიციები აქვთ, მაგრამ ამით მათ შეხვედრას ჩრდილი სულაც არ ადგება. ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის გაიმართება. დღეს, 13 აგვისტოს ეროვნულ სტადიონზე ქომაგს საინტერესო სანახაობა ელის.

"ლელოს" რესპონდენტი ვეტერინართა 21 წლის კაპიტანი და ლიდერი გიორგი ჯანელიძეა.

- როგორი განწყობით ხვდება "ვიტ ჯორჯია" "დინამოსთან" მატჩს?
- როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საბრძოლო განწყობა გვაქვს, "დინამოსთან" მატჩი კი ჩვენთვის, ტრადიციულად, გამორჩეულად მნიშვნელოვანია და ახლაც ასეა.

სამწუხაროდ,
ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ - ტრავმის გამო ბექა ზაქრაძე დაგვაკლდება, მაგრამ მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დადებითი შედეგის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ.

- საკუთარ ფორმას როგორ შეაფასებ?
- საკუთარი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. ფეხბურთელმა ყოველთვის განვითარებაზე უნდა იფიქროს და მეც ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო.

- პირველ ტურში დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვეთ.
- "დილასთან" ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი ჩავატარეთ. ორივე გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშა, თუმცა ჩვენ უფრო გაგვიმართლა და ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყეთ. ურიგოდ არ გვითამაშია, მაგრამ მეტიც შეგვიძლია, რასაც მომავალ შეხვედრებში აუცილებლად დავამტკიცებთ.

- რა გახსენდება "დინამოსთან" ჩატარებული ძველი შეხვედრებიდან?
- სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიას" ძირითად გუნდში დებიუტი სწორედ "დინამოსთან" მატჩში მქონდა, ასე რომ, ამ გუნდთან თამაში ყოველთვის დადებით ემოციებს აღმიძრავს. "დინამოს" კარში გოლიც გამიტანია, ის შეხვედრა 2:1 მოვიგეთ და იმედი მაქვს, გამარჯვება ამჯერადაც ჩვენ დაგვრჩება.

- რა შედეგი იქნება ამ მატჩში "ვიტ ჯორჯიასთვის" დამაკმაყოფილებელი?
- აშკარაა, "დინამო" ზაფხულში საგრძნობლად გაძლიერდა და ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური ფავორიტიცაა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" მის წინააღმდეგ თამაში კარგად გამოსდის და შევეცდებით, თავი არც ამჯერად შევირცხვინოთ. აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გასვლითი მატჩია, ჩვენთვის ფრეც დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება. "დინამოსთან" უშანსოდ არასდროს ვიქნებით.

- შეგცვალა თუ არა "ვიტ ჯორჯიას" კაპიტნად არჩევამ?
- რამდენიმე თვეა, რაც გუნდის კაპიტანი ვარ და ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, მთელ გუნდზე ვარ პასუხისმგებელი და შევეცდები, კარგი თამაშითა და ქცევით ღირსეული კაპიტნის სახელი დავიმკვიდრო.

- რა არის მიმდინარე სეზონში "ვიტ ჯორჯიას" მიზანი?
- ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ჯერ დაზუსტებით არ შემიძლია იმის თქმა, რა იქნება "ვიტ ჯორჯიას" მიზანი მიმდინარე სეზონში, თუმცა იმის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული