მარადიული ფავორიტი

AutoSharing Option
ნებისმიერ გუნდს ყველა ახალი სეზონის დაწყების წინ სხვადასხვა მიზანი აქვს, თუმცა ერთი გამონაკლისი შემთხვევა ყოველთვის არის-ხოლმე; თბილისის `დინამოზე~ ვსაუბრობთ, მუდამ ფავორიტის სტატუსი რომ ჰქონდა, აქვს და ექნება კიდეც!

ჰო, ასეა _ `დინამო~ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის; ამ გუნდისგან მუდამ განსაკუთრებულსა თუ განსხვავებულს მოითხოვენ; ამ გუნდის წინააღმდეგაც, ტრადიციულად, მუდამ განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობენ მეტოქეები; და საერთოდაც _ ამ კლუბის წევრობა (მნიშვნელობა არა აქვს, ხელმძღვანელი იქნება, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი) `ჩვეულებრივი~ გუნდის წარმომადგენლობაზე მეტს ნიშნავს!

...`დინ
ამოსგან~ მუდამ განსაკუთრებულს ითხოვენო, ზემოთ ვთქვით და ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, გადამეტებული არაფერია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ალბათ, დიდი დრო უნდა გავიდეს, საქართველოს ჩემპიონატში `დინამოს~ მიღწევები რომელიმე გუნდმა გააუმჯობესოს; ჰო, ნამდვილად არ არის პატარა ამბავი, როცა 21 სეზონის განმავლობაში გუნდი 13-ჯერ გახდება ქვეყნის ჩემპიონი და 9-ჯერ თასს დაეუფლება; ასეთი შედეგების `ფონზე~ კი, აბა, ის რაღა სახსენებელია, გუნდი ოთხ-ოთხჯერ რომ დაეუფლა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს. ვერაფერს ვიტყვით, მართლაც თვალსაჩინო შემთხვევაა: 21 ჩემპიონატის განმავლობაში `დინამო~ პირველ სამეულს მიღმა არასდროს აღმოჩენილა! ეგ კი არა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში `დინამოს~ ევროპული მასშტაბის რეკორდიც ეკუთვნოდა: თავის ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ ათჯერ რომ გახდა!

... იცვლებოდნენ კლუბის ხელმძღვანელები, მწვრთნელების ხშირი ცვლაც უცხო არ იყო ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდისათვის, ფეხბურთელების გაუთავებელი `მიგრაცია-ემიგრაციაზე~ ხომ, საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი; მაგრამ, ნებისმიერი სეზონის დაწყების წინ გუნდის წინაშე მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური მიზნები იდგა. თუმცა, ამქვეყნად მარადიული არაფერია და `დინამოს~ ამ ათწლიანი ჰეგემონიაც, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა; ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ამ ჰეგემონიის დამხობა `დინამოს~ ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და შემდგომ არანაკლებ ჩინებულმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა მოახერხა, როდესაც ქუთაისის `ტორპედოს~ 1999-2000 წლების სეზონში ოქროს მედლები მოაპოვებინა. აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სწორედ დავით ყიფიანი გახლავთ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი: ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით `დინამომ~ ხუთჯერ მოიპოვა ოქროს მედლები და სამჯერ _ საქართველოს თასი!

... იმ ათი ტრიუმფული სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორჯერ იყო, `დინამოს~ სერიოზული კონკურენტი რომ გამოუჩნდებოდა-ხოლმე; დანარჩენ შემთხვევებში გუნდი უახლოეს მეტოქეებს, ხანდახან, ათი ან მეტი ქულის სხვაობით უსწრებდა; აღარაფერს ვამბობთ იმ პერიოდის (1990-1999 წლები) კიდევ ერთ `თავისებურებაზე~, როცა `დინამოსთვის~ მართლაც ჩვეულებრივი ამბავი იყო მოწინააღმდეგეთა კარში... 10, 11 თუ 12 ბურთის გატანა...


მწვრთნელები და ფეხბურთელები

...პირველი ეროვნული ჩემპიონატის წინ გათამაშების უპირობო ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, `დინამო~ (მაშინდელი `იბერია~) მიიჩნეოდა. დავით ყიფიანის გუნდში, ფაქტობრივად, ყველა ის ფეხბურთელი დარჩა, წინა წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რომ ასპარეზობდა: გელა კეტაშვილი, სოსო ჭედია, კახა ცხადაძე, მალხაზ არზიანი, გოჩა ჩიქოვანი, გია ჯიშკარიანი, კახა გოგიჩაიშვილი, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი, გრიგოლ ცაავა, კახა კაჭარავა, პლუს ერთწლიანი პაუზის შემდეგ `დინამოს~ გია გურული დაუბრუნდა. ერთადერთი დანაკლისი ოთარ გაბელიას წასვლა იყო _ სახელოვანმა ქართველმა მეკარემ აქტიური კარიერის დასრულება გადაწყვიტა; თუმცა, მისმა შემცვლელმა ზაურ ხაპოვმა თავისი მაღალი კლასი I ჩემპიონატში არაერთხელ დაამტკიცა. აი, ასეთი შემადგენლობის მიუხედავად, `დინამოს~ მართლაც კოშმარული სტარტი ჰქონდა _ ორ მატჩში 1 ქულა! თუმცა, მერე ყველაფერი გამოსწორდა და პირველი ჩემპონატის გამარჯვებულიც (სრულიად დამსახურებულად) `დინამო~ გახდა, რომლის შემადგენლობაში ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებდნენ იმ დროისათვის 18-19 წლის ბიჭები: გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი. პირველ ორ ჩემპიონატში `დინამოს~ კონკურენციას `გურია~ და `გორდა~ უწევდნენ. მომდევნო სამ სეზონში კი _ `ცხუმი~, `შევარდენი~ და `კოლხეთი~. თუმცა, სინამდვილეში კონკურენცია... მეორე ადგილისათვის იყო, რადგან `დინამოს~ ყველა გუნდთან უდიდესი უპირატესობა ჰქონდა. მით უფრო, რომ გუნდში ახალ-ახალი ფეხბურთელები ჩნდებოდნენ: მურთაზ შელია, ნიკა ჩხეიძე, ირაკლი ზოიძე, გელა ინალიშვილი, გოჩა ტყებუჩავა, დავით გვარამაძე, გიორგი ანჩაბაძე; აღარაფერს ვამბობთ რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეებსა თუ გიორგი ქინქლაძეზე...
სხვათა შორის, პირველი ხუთი ჩემპიონატის განმავლობაში `დინამოში~ მხოლოდ ორჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი: სამკურნალოდ წასული დავით ყიფიანის ნაცვლად რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა, ეს უკანასკნელი კი შემდეგ გივი ნოდიამ შეცვალა. ამასობაში გუნდში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო: ზემოთ დასახელებულ ფეხბურთელთა უმრავლესობა უცხოეთის სხვადასხვა გუნდებში გადავიდა; თუმცა, `დინამოში~ მათ ნაცვლად ერთი-მეორეზე პერსპექტიული ახალგაზრდები მოდიოდნენ: ალექსანდე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, კახა კალაძე, გივი დიდავა, გიორგი დემეტრაძე, დავით მუჯირი პლუს მათზე ოდნავ უფროსი ნუგზარ ლობჟანიძე.

VI ეროვნულ ჩემპიონატში `დინამოს~ მართლაც სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა `სამტრედიის~ სახით; თუმცა, იმ სეზონში სხვა `განსაკუთრებული~ ფაქტიც მოხდა: ერთი სეზონის განმავლობაში `დინამოში~ ხუთმა მწვრთნელმა იმუშავა! სეზონი გივი ნოდიამ დაიწყო, რომელიც სერგო კუტივაძემ შეცვალა, შემდეგ ცოტ-ცოტა ხნით თეიმურაზ ჩხაიძე და ვაჟა ჟვანია მუშაობდნენ, მერე კი, კერძოდ, 1995 წლის მარტში კვიპროსიდან დავით ყიფიანი დაბრუნდა. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით `დინამოს~ ჰეგემონია კვლავაც გაგრძელდა, თანაც გუნდში ჯერ ლევან კობიაშვილი გამოჩნდა, მერე _ რატი ალექსიძე; ამასობაში მწვრთნელების ცვლაც დაიწყო: რუსულ `შინიკში~ გადასული ყიფიანი მცირე ხნით ნოდარ აკობიამ შეცვალა, `დინამოს~ მორიგი საჩემპიონო ტიტული კი მურთაზ ხურცილავამ მოუტანა. 1999 წლის გაზაფხულზე `დინამოში~ პირველი უცხოელი მწვრთნელიც გამოჩნდა _ ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი, რომელმაც მეორე გუნდიდან ორი ნიჭიერი ჭაბუკი (ზურაბ ხიზანიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი) დააწინაურა. სხვათა შორის, ამის შემდეგ `დინამოში~ იშვიათზე იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ერთსა და იმავე მწვრთნელს ერთი სეზონის ჩამთავრების საშუალებას აძლევდნენ. ალბათ, ამის გამოც იყო, რომ ზედიზედ სამი ჩემპიონატის განმავლობაში, ოქროს მედლებს უკვე სხვა გუნდი, ქუთაისის `ტორპედო~ ეუფლებოდა. გია გეგუჩაძე, ოთარ კორღალიძე, ჯემალ ჩიმაკაძე, რევაზ არველაძე, გოჩა ტყებუჩავა, გივი ნოდია, ივო შუშაკი, _ აი, ეს მწვრთნელები მუშაობდნენ `დინამოში~ იმ პერიოდში, გუნდი ზედიზე სამი სეზონი მხოლოდ და მხოლოდ ბრინჯაოს მედლებით რომ კმაყოფილდებოდა. არადა, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ გუნდში: მიხეილ აშვეთია, გიორგი შაშიაშვილი, ლადო ბურდული, ვიტალი დარასელია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ვიტალი დარასელია-უმცროსი, ირაკლი ვაშაკიძე; და აი, 2003 წელს ხორვატი ივო შუშაკის ხელმძღვანელობით `დინამო~ კვლავაც ჩემპიონი გახდა _ სხვებთან ერთად ეს წარმატება ბრაზილიელი ლეგიონერის კარლოსისა და ინგლისიდან დაბრუნებული რატი ალექსიძის დამსახურებაც იყო. მომდევნო სეზონი გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა (უფრო ზუსტად, მესამეზე, მაგრამ `სიონის~ დისკვალიფიკაციის გამო ვერცხლის მედლები დინამოელებს გადაეცათ), თუმცა მთავარი მაინც უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იყო. ეს წარმატება კი გია გეგუჩაძის დამსახურება გახლდათ. ამასობაში კი `დინამოში~ ახალი სახეები ჩნდებოდნენ: დავით კვირკველია, შოთა კაშია, ჯაბა კანკავა, ლევან ხმალაძე, ზურაბ მამალაძე, ლაშა სალუქვაძე, კახა ალადაშვილი, ლევან მელქაძე, ჯაბა დვალი, მიხეილ კაკალაძე, კახა მახარაძე. მომდევნო სეზონიც გეგუჩაძემ დაიწყო, მაგრამ 2005 წლის გაზაფხულზე იგი ხვიჩა ქასრაშვილმა შეცვალა, ვინც `დინამოს~ მხოლოდ ორი მატჩი ხელმძღვანელობდა; სეზონი კი კახა ცხადაძემ დაასრულა, ვისი ხელმძღვანელობითაც `დინამო~ ჩემპიონი გახდა. დავით ოდიკაძე, შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა ნოზაძე, სერგი ორბელაძე, ლაშა ჭელიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლადო დვალიშვილი, ლევან სილაგაძე, დავით გიგაური _ ამ ფეხბურთელებს მომავალი სეზონიდან როგორც გამოცდილები (გიორგი მეგრელაძე, მიხეილ ბობოხიძე, რევაზ ქემოკლიძე), ასევე ახალგაზრდებიც (გიორგი მერებაშვილი, სანდრო იაშვილი, ირაკლი ჩირიკაშვილი, ნიკა ფირცხალავა, უჩა ლობჟანიძე) დაემატნენ. თუმცა, `დინამოში~ უკვე დაწყებული იყო მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლა: ცხადაძე რუსმა ანდრეი ჩერნიშოვმა შეცვალა, ვის ნაცვლადაც მცირე ხნით კახა კაჭარავამ იმუშავა, შემდეგ სახელოვანი ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი ჩამოვიყვანეთ, რომლის ხელმძღვანელობითაც `დინამომ~ თავისი მეცამეტე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. უჰრინს გერმანელი რაინერ ცობელი მოჰყვა და 2009 წლის გაზაფხულიდან კი დღემდე `დინამოს~ კვლავაც კახა კაჭარავა ხელმძღვანელობს. ბოლო ოთხ წელიწადში `დინამოში~, ალბათ, ასზე მეტ (!) ფეხბურთელს მაინც უთამაშია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ყველას, რაღა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით და მხოლოდ გამორჩეულებს ვახსენებთ: გურამ კაშიას, მათე ვაწაძეს, გიორგი ნერგაძეს, გიორგი ლორიას, დავით დიღმელაშვილს, სანდრო კობახიძეს, გულვერდ თომაშვილს, მიხეილ ხუციშვილს, ლევან კაკუბავას, ალექსანდრე კოშკაძეს, თენგიზ ჩიკვილაძეს, გიორგი კახელიშვილს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გუნდში რამდენიმე `მართლაც~ ლეგიონერი თამაშობდა: მილოშ კრშკო, ნედ ზელიჩი, დიდიე ოვონო, ჯორჯ აკირემი; თუმცა, იყო ყოვლად უცნაური ტრანსფერებიც: ანგულო, ურტადო, დობეში, ჩარასი თუ ტომიჩი (გნებავთ, სპასოევიჩიც) ქართველ ფეხბურთელებს კი ვერ ჯობდნენ; ბევრად ჩამოუვარდებონენ კიდეც. რაც შეეხება დღევანდელ ლეგიონერთა სამეულს (ედნილსონი, რობერტინიო, ჯუისი), ამათ კიდევ არა უშავთ...

სატრანსფერო პოლიტიკა

აი, ამ შემთხვევაში კი, სალაპარაკო ბევრი არც არაფერია: ახალი სეზონის დაწყების წინ ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბს უცხოური შეკრება არ გაევლოს, ასეთ რამეს ვერც ვიხსენებთ! სატრანსფერო `აქტიურობაზე~ ხომ საუბარიც ზედმეტია: გუნდი ისე შეელია თავის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს შოთა კაშიას (მთელი კარიერა მხოლოდ `დინამოში~ რომ ჰქონდა გატარებული), ვითომც არაფერიო; კიდევ კარგი, რომ ისრაელიდან კვლავაც მშობლიურ გუნდში დაბრუნდა ლევან ხმალაძე და, რაც მთავარია, მინიმუმ ოთხი თვე ისევ `დინამოში~ ვიხილავთ გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს გურამ კაშიას, თორემ, უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი `ვიტ ჯორჯია~ კი არა, სწორედ კახა კაჭარავას კრებული იქნებოდა. ისე, `დინამოს~ მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების მიმართ ენა ვის უნდა მოუბრუნდეს: კაჭარავამ და მისმა შეგირდებმა, ბევრი ნამდვილად რომ არ მოელოდა, ისე ღირსეულად იასპარეზეს ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში. ჰო, ნამდვილად არ იყო პატარა საქმე, ამდენი საკადრო თუ ფინანსური პრობლემების მიუხედავად, `დინამომ~ ევროტურნირებზე ორი ეტაპი რომ გადალახა და, სხვათა შორის, არც მესამე ეტაპზე შერცხვენილა.


ლელოს პროგნოზი

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთადერთი `დინამოღა~ დარჩა, პირველიდან მოყოლებული, ყველა გათამაშებაში რომ მონაწილეობს; ეგ კი არა, გუნდი მესამე ადგილს ქვემოთაც არასდროს ჩამოსულა! აი, ახლა კი კახა კაჭარავასა და მის ახალგაზრდულ გუნდს ერთობ რთული სეზონი ელოდება _ `დინამოსგან~ განსხვავებით, კონკურენტთა უმრავლესობა ხომ სოლიდურად გაძლიერდა (პლუს უმაღლეს ლიგას `ტორპედოც~ დაუბრუნდა); ამის მიუხედავად, მაინც გვჯერა, რომ `დინამო~ არც ამ სეზონში დაამყარებს საკუთარ ანტირეკორდს და ჩემპიონატსაც პირველ სამეულში დაამთავრებს. სხვანაირად კი, ნამდვილად ვერ იქნება: ამ გუნდს ხომ მუდამ `მარადიული ფავორიტის~ სტატუსი აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული