ახალი იმედით

AutoSharing Option
ნებისმიერი ახალი სეზონის დაწყებას ახალი იმედით ვხვდებით; გვინდა, რომ ახალი ჩემპიონატი წინაზე უკეთესი იყოს: თამაშები ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ჩატარებულიყოს, ცარიელი ტრიბუნები არსად გვენახოს, ფეხბურთელების დონე ამაღლებულიყოს, სეზონის ბოლოსკენ `უცნაური~ შედეგით დამთავრებული მატჩები აღარ ყოფილიყოს, საპრიზო ადგილებისათვის სამი-ოთხს კი არა, ბევრად უფრო მეტ გუნდს ებრძოლოს და ასე შემდეგ.

ჰო, სულ ასეა: ყოველი სეზონის დაწყების წინ ოპტიმისტური განწყობა სჭარბობს-ხოლმე; მაგრამ, დაიწყება თუ არა ჩემპიონატი, ეს ოპტიმიზმიც ქრება და ყველანაირი ილუზიაც. ეგ კი არა, უკვე რამდენი წელიწადია, საქართველოს ჩემპიონატის ინტრიგას... ჟურნალისტები `ქმნიან~!

და მაინც: XXII ჩემპიონატი `რაღაც~ სიახლეს გვპირდება; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმაღლეს ლიგას ხომ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციის ორი გუნდი დაუბრუნდა: ქუთაისის `ტორპედო~ და ფოთის `კოლხეთი~; ქვეყნის ჩემპიონი `ოლიმპი~ რომ კვლავაც ტიტულის შენარჩუნებისათვის იბრძოლებს, ფაქტია; `დინამოზე~ ახალი რა უნდა ვთქვათ _ გუნდს ხომ `მარადიული ფავორიტის~ სტატუსი `მისჯილი~ აქვს! არც ის არის ახალი ამბავი, `ზესტაფონს~ საჩემპიონო ამბიციები რომ ექნება; სოლიდურად გაძლიერდა ზუგდიდის `ბაია~, სასიკეთო ძვრებია ბოლნისის `სიონში~, ერთიანად გაახალგაზრდავებულ `ვიტ ჯორჯიას~ ჩამოწერაც ნაადრევია და ასე შემდეგ. ამას გარდა, დიდი ამბებია მოსალოდნელი ცხრილის ქვედა ნაწილშიც: წინა სეზონისგან განსხვავებით, პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე უკვე სამ გუნდს დაემუქრება; ანუ, ბოლო ორი გუნდი ავტომატურად გავარდება, ბოლოდან მესამეს კი პლეი-ოფის მატჩის ჩატარება მოუწევს.

...ეროვნული ჩემპიონატის დონე თუ არ ამაღლდა, ჩვენი მოედნების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა, ნიჭიერი ბიჭები თუ არ გამოჩნდნენ, მაშინ სანაკრებო ამბიციებიც უნდა დავივიწყოთ. რა თქმა უნდა, არაფერი სჯობია, როცა შენი თანამემამულეები ევროპის წამყვან კლუბებში თამაშობენ, მაგრამ სინამდვილეში ასეთი პატივი მხოლოდ რამდენიმე ჩვენებურს აქვს. მოკლედ, დღეს იქნება, ხვალ, ზეგ თუ მაზეგ, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე ამაღლდეს...
ახალი სეზონი კი... მეორე ტურით იწყება; კალენდრის მიხედვით, პირველი ტურის მატჩები 6-7 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელობამ სანაკრებო ინტერესებიც გაითვალისწინა და ის ფაქტიც, რომ `ზესტაფონი~ და `დინამო~ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ატარებდნენ. დაბოლოს, იმასაც ვიტყვით, რომ ტური ორ დღეზეა გათვლილი და თამაშებიც სხვადასხვა დროს დაიწყება (იხილეთ წყვილები).


სიონი-კოლხეთი

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ინტრიგა უმაღლეს ლიგაში ორი ტრადიციული გუნდის დაბრუნებაა-თქო; ერთ-ერთი `კოლხეთია~, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც უძლიერესთა რიგებში რომ უნდა იასპარეზოს. დიდი ინტერესით ველოდებით `კოლხეთის~ მთავარი მწვრთნელის ბესიკ შეროზიას უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასაც; შეგახსენებთ, რომ ეს სპეციალისტი წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა ზუგდიდურ გუნდებში; 2009 წლის დეკემბრიდან კი ფოთის `კოლხეთი~ ჩაიბარა და ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში მუდამ საკუთარი ხელწერის მქონე გუნდის აღზევებაშიც ლომის წილი შეიტანა. `კოლხეთი~ ბოლნისს რამდენიმე გამოცდილი ახალწვეულით (მიხეილ მახვილაძე, ოლეგ გველესიანი, ზვიად სტურუა, ალექსანდრე ინწკირველი) ესტუმრება; თუმცა, თუ გამოცდილებაზე მიდგა საქმე, ამ მხრივ `სიონს~ მართლაც არაფერი დაეწუნება. უფრო მეტიც: უმაღლეს ლიგაში ყველაზე ხანდაზმული გუნდი ხომ სწორედ ბოლნისელებს ეყოლებათ. თანაც, დიდ ინტერესს იწვევს ბოლნისური გუნდის მწვრთნელთა `ტანდემის~ ხილვაც: გამოცდილ გიორგი ყიფშიძესთან ერთად ამ სეზონში ხომ ახალგაზრდა გიორგი ყიფიანის დებიუტი უნდა შედგეს.
`სიონში~ წინა ჩემპიონატშიც არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობდა; ახლა კი მათ რიცხვს სხვებიც დაემატნენ: სერგი ორბელაძე, გიორგი ჩივაძე, რევაზ გოცირიძე, მირზა მერლანი, მიხეილ ბობოხიძე და გია თოდუა. განსაკუთრებულ ინტერესს ამ უკანასკნელის ასპარეზობა იწვევს _ ჯერ ერთი, თოდუას ხომ წლების განმავლობაში ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით არაერთი სეზონი ჩაუტარებია; ეგ კი არა, ამ ფორვარდმა გასული სეზონის დაკვნითი ნაწილი... `კოლხეთში~ გაატარა!


სპარტაკი-სამტრედია

ესეც სიახლე _ `სპარტაკი~ საშინაო მატჩებს გორის `ქართლის~ სტადიონის ნაცვლად ამიერიდან თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს! ვნახოთ, რამდენად `მოუხდება~ გოჩა ჩიქოვანის გუნდს არენის გამოცვლა; თუმცა, იმის თქმა კი წინასწარვე შეიძლება, რომ დღევანდელ მეტოქეებს მეტად რთული სეზონი ელოდებათ _ ორივე გუნდის ხელმძღვანელთა თუ მწვრთნელ-ფეხბურთელთა მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, რეალობა ისეთია, რომ `სპარტაკსაც~ და `სამტრედიასაც ~ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი მოუწევთ. აქედან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთშეხვედრებს, ანუ, როგორც ამ შემთხვევაში ამბობენ-ხოლმე, ექვსქულიანი თამაშია!

გოჩა ჩიქოვანი ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ მწვრთნელის დებიუტი `სპარტაკში~ გასული სეზონის ბოლოს შედგა; ახლა კი, ფაქტობრივად, განახლებული გუნდით იწყებს ახალ ჩემპიონატს და უპირველესად, ალბათ, `სპარტაკის~ გამოცდილი ახალწვეულების (სოსო გრიშიკაშვილი, შოთა კაშია) იმედად უნდა იყოს. უფრო მეტი ახალი სახეა `სამტრედიაში~, თუმცა, მათგან უმრავლესობა ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭები არიან: ტყუპი ძმები შალიკაშვილები, ილია პავლიაშვილი, ცოტნე ხარაბაძე და სხვები. `სამტრედიას~ მწვრთნელიც ახალგაზრდა ჰყავს: გელა სანაია თავის ახალ გუნდს დღეს პირველად გაუძღვება. შეგახსენებთ, რომ ამ სპეციალისტმა წინა ჩემპიონატი `ლოკომოტივში~ ჩაატარა და დებიუტანტი მწვრთნელის კვალობაზე თავი ურიგოდ ნამდვილად არ წარმოუჩენია.



ტორპედო-ოლიმპი

ჩემპიონატის `გახსნით~ ტურში ერთდროულად ორი `ბომბა-მატჩი~ გველოდება: დღეს `ტორპედო~-`ოლიმპია~, ხვალ კი `დინამო~-`ზესტაფონი~! ალბათ, ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, თუ როგორი მოლოდინი იქნება ქუთაისში: სამწლიანი პაუზის შემდეგ `ტორპედო~ ხომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. თან, დაბრუნდა სერიოზული გეგმებითა და დიდი ამბიციით: კეთილმოეწყო სტადიონი და მოედნის საფარი, სერიოზული სპონსორის მოსვლით ფინანსურად გუნდს უპრობლემო ცხოვრება ელოდება, რომ აღარაფერი ვთქვათ `ტორპედოში~ მომხდარ საკადრო ცვლილებებზე; აღსანიშნავია, რომ `ტორპედოს~ ახალწვეულთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის საკმარისი გამოცდილება აქვს, პლუს მწვრთნელის ფაქტორიც არ დაგვავიწყდეს _ რამაზ მუმლაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია და ასეთი კვალიფიკაციის მწვრთნელის რეგიონალური ლიგაში `მოცდენა~ მართლაც საცოდაობა იყო...

...ნებისმიერ მეტოქესთან ქუთაისში დღეს ანშლაგი იყო მოსალოდნელი; თუმცა, ინტრიგას ის ფაქტიც მატებს, რომ უმაღლეს ლიგაში აღზევებული გუნდი პირველ შეხვედრას ქვეყნის ჩემპიონთან მართავს! გუნდთან, წინა სეზონისგან განსხვავებით, თითქმის 90-95 პროცენტით რომ შეიცვალა, `ოლიმპში~ დარჩნენ მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე და 3 ფეხბურთელი (დენის დობროვოლსკი, გიორგი ჭედია, გიორგი რეხვიაშვილი), დანარჩენი ყველა ახალწვეულია!

როცა ასეთი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, პროგნოზის გაკეთება უადგილო საქმეა; თუმცა, ქუთაისელ ქომაგებს ალბათ, მწარედ ახსენდებათ თავიანთი საყვარელი გუნდის ბოლო მატჩი უმაღლეს ლიგაში _ სამი წლის წინათ, `ოლიმპმა~ საჩემპიონო სამი ქულა ხომ `ტორპედოსთან~ სტუმრად გამარჯვებით მოიპოვა...


ვიტ-ჯორჯია _ ბაია

ჯერ კიდევ წინა სეზონში ამ გუნდების პაექრობის წინ ფავორიტის გამოცნობა უადვილესი საქმე იყო: ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციით, `ვეტერინარები~ მხოლოდ მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძოდნენ, მაშინ როცა `ბაიას~ უმაღლესში დარჩენაზე ფიქრი უწევდა. და აი, ხვალინდელი მატჩის წინ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: ერთიანად გაახალგაზრდავებულ `ვიტ ჯორჯიას~ სერიოზული პაექრობა მოუწევს გამოცდილზე გამოცდილი ფეხუბრთელებით გაძლიერებულ ზუგდიდის `ბაისთან~; წინა სეზონში `ვეტერინართა~ შემადგენლობაში ერთი-ორი ახალგაზრდა თუ ახერხებდა ძირითადში ადგილის დამკვიდრებას; `ბაიაში~ კი პირიქით იყო: როინ ონიანისა და გიორგი სომხიშვილის გარდა დანარჩენი მოთამაშეების დიდი ნაწილი გამოუცდელი ჭაბუკები იყვნენ; დღესდღეობით კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როლები შეიცვალა: ნომინალურ მასპინძელთა შორის (`ვიტ ჯორჯია~ საშინაო მატჩებს ჯერჯერობით კვლავაც რუსთავში ჩაატარებს) ერთადერთი დავით ლომაიაა 25 წელს გადაცილებული ფეხბურთელი! აი, `ბაიაში~ კი ერთი-მეორეზე გამოცდილმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი და მართლაც დიდი ინტერესით ველოდებით ალექსანდრე გოგობერიშვილის, დავით ჭიჭვეიშვილის, ამირან მუჯირის, გიორგი მეგრელაძის, კახა ჩხეტიანის, გრიგოლ დოლიძისა და გელა ხუბუას ერთ გუნდში ასპარეზობას. საერთოდაც: როცა ასეთი ფეხბურთელები გუნდში იქნებიან, ამ გუნდისგან მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას უნდა ველოდოთ.



დინამო-ზესტაფონი

ტურის ყველაზე `გვიანი~ მატჩი ხვალ ჩატარდება და ერთმანეთის პირისპირ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქეები წარსდგებიან; წინა ექვსი სეზონის განმავლობაში, `დინამოსა~ და `ზესტაფონის~ ყველა დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევდა _ ორივე გუნდში იცვლებოდნენ მწვრთნელები და ფეხბურთელები, მაგრამ ინტრიგა უცვლელი რჩებოდა. სხვანაირად ვერც იქნებოდა: `დინამოსა~ და `ზესტაფონის~ ყველა იმ 17 მატჩს ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა-ხოლმე არა მხოლოდ მეტოქეთათვის, არამედ საერთოდ, სატურნირო მნიშვნელობითაც. ხვალინდელ მეტოქეთა ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, `დინამოს~ უპირატესობასაც `აღმოვაჩენთ~: 9 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება. თანაც, `დინამოს~ ეს უპირატესობა განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოიკვეთა, _ წინა სეზონში კახა კაჭარავას გუნდმა ოთხი შეხვედრიდან სამში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთი წააგო. სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის XII ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას `მრავალმხრივი~ დატვირთვაც ჰქონდა: `დინამოსა~ და `ზესტაფონის~ მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში ხომ... `ოლიმპი~ ჩემპიონი ხდებოდა! თუმცა, ის მატჩი `დინამომ~ მოიგო და ამ გამარჯვებით მეორე ადგილიც, ფაქტობრივად, გაინაღდა.

კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო ფაქტიც: ხვალინდელმა მეტოქეებმა ამ ზაფხულს მართლაც ღირსეულად იასპარეზეს ევროტურნირებზე და ორ-ორი ეტაპიც გადალახეს; ამასთან, საქართველოს ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებებში ყველაზე მეტი ფეხბურთელიც სწორედ `დინამომ~ და `ზესტაფონმა~ მიავლინეს. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ `დინამოსგან~ განსხვავებით, გია გეგუჩაძის გუნდისთვის საკადრო თუ `სხვა სახის~ პრობლემები ნამდვილად უცხოა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული