მცირე ბოლნისური პროგრესი

AutoSharing Option
27.08. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1
1:0 უგრეხელიძე (40. მ. ოქროპირიძის პასით), 1:1 ჩიმაკაძე (63. ღანიაშვილის პასით)

სიონი ვიტ ჯორჯია
4-4-1-1 4-2-3-1
ზუხბაია ძაძამია
კობაური ხურცილავა
თარგამაძე ადამაძე
გ. ოქროპირიძე კასრაძე
ადამაშვილი ღანიაშვილი
სვანიძე გურამ გურეშიძე
გაბრიჭიძე ვასაძე
მ. ოქროპირიძე კორიფაძე
უგრეხელიძე ჯანელიძე
ვ. ბოლქვაძე ზაქრაძე
რეხვიაშვილი ჩიმაკაძე

მწვრთნელი მწვრთნელი
ჯ. ჯაგიდისი ზ. ბერიძე

სიონი
59. ბოლქვაძე - ხურციძე
70. ადამაშვილი - ალფაიძე
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ალავიძე, კობერიძე, ქუცურუა, ისიანი

ვიტ ჯორჯია
46. ვასაძე - გიორგი გურეშიძე
74. ზაქრაძე - ვაშაკიძე
70. ჩიმაკაძე - სიხარულიძე
სათადარიგოები: რეჭია, ოთარიშვილი, მაისაშვილი, ხუჭუა

გაფრთხილება: რეხვიაშვილი (12),
გურ. გურეშიძე (27), მ. ოქროპირიძე (52)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

"სიონმა" სეზონი მძიმედ დაიწყო და ოთხი მატჩიდან ერთიც არ მოუგია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლნისელები ბოლო ორ ტურში არ დამარცხებულან, რაც მათ მცირედ პროგრესზე მიგვანიშნებს. შესაძლოა, "ვიტ ჯორჯიასთან" საშინაო ფრე დიდი ვერაფერი მიღწევა იყოს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რა გადაიტანა "სიონმა" სეზონის განახლებამდე, ისიც გასაკვირია, ქულათა გრაფაში ნული რომ არ უწერია.

ვეჭვობთ, ამ შედეგით "ვიტ ჯორჯიას" სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილი იყოს. მართალია, მიმდინარე სეზონში ვეტერინარებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა არ დაუსახავთ, მაგრამ ოთხ შეხვედრაში მიღწეული ერთადერთი გამარჯვება ვიტელთათვის დადებითი შედეგი ვერაფრით იქნება.

"ვიტ ჯორჯია" ბურთს უკეთ აკონტროლებდა, მეორე ტაიმში დედაქალაქელთა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა, მაგრამ ამით სტუმრებმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. შესვენებამდე ზურაბ ბერიძის გუნდს გატანა ორჯერ შეეძლო - ბესიკ ჩიმაკაძის თავური ვლადიმერ ზუხბაიამ მოიგერია, ლაშა კასრაძემ კი თავით დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა.

სამაგიეროდ, მასპინძლებს საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვიათ - მანუჩარ ოქროპირიძის პასით ვლადიმერ უგრეხელიძემ თავისიანები ახლო მანძილიდან დააწინაურა.

"ვიტ ჯორჯიამ" ანგარიში ეფექტური კომბინაციით გაათანაბრა. გურამ გურეშიძის მიერ წამოწყებულ იერიშს რევაზ ღანიაშვილის ჩაწოდება და ჩიმაკაძის ეფექტური თავური მოჰყვა.

"სიონს" დაწინაურების შანსი აღარ მისცემია, ვიტელებმა კი გამარჯვების რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. გიორგი ვაშაკიძემ არაზუსტად დაარტყა, გიორგი ჯანელიძეს კი ზუხბაიამ არ გაატანინა.

ასე მოიპოვეს ქვემოქართლელებმა მეორე ქულა, უპირველესად, მეკარის დამაჯერებელი თამაშითა და ასევე იღბლის წყალობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული