"ტორპედო"-"ოლიმპის" დაპირისპირებამ ქუთაისში დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩემპიონთან მატჩი თავისთავად დამაინტრიგებელია, მაგრამ ქუთათურებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რამდენიმეწლიანი უძრაობის შემდეგ სავარდო და სამაისო ქალაქს "დიდი ფეხბურთი" დაუბრუნდა. ელიტაში დაბრუნებულ "ტორპედოს" კომპანია "ვისოლის" სახით შეძლებული მფლობელი გაუჩნდა. ამასთან, ქუთაისურმა გუნდმა ძველი სახელწოდება და ამბიციებიც დაიბრუნა. გულშემატკივრებიც ოპტიმისტურად განეწყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ შემაწუხებელი სიცხეების გამო ქალაქი თითქმის დაცლილია მოსახლეობისგან, განახლებულ სტადიონზე უმაღლეს ლიგას მონატრებული 7000-ზე მეტი ქომაგი მაინც შეიკრიბა. კლუბის მფლობელებმა გულშემატკივრების ინტერესი გაითვალისწინეს და გახსნით მატჩზე დასწრება უფასო იყო, მომდევნო თამაშებზე კი ბილეთები გაიყიდება...
მატჩს ბევრი სტუმარიც ჰყავდა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, სახელგანთქმული მომღერალი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე, იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და სხვა ჩინოსნები თუ ცნობილი სახეები, რომლებმაც სადებიუტო მატჩის კვალობაზე საკმაოდ საინტერესო პაექრობას ადევნეს თვალი. აქვე უნდა ითქვას, რომ სიცხისაგან ნახევრად გადამხმარი მოედანი ფეხბურთელებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა, თორემ შესაძლოა, შეხვედრა გაცილებით უკეთესიც გამომდგარიყო.
გუნდების კაპიტნებმა - სევასტი თოდუამ და დენის დობროვოლსკიმ ეროვნული ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშა აღმართეს და შეხვედრაც დაიწყო. "ფრანის" მიერ შესრულებულმა სიმღერამ იმოქმედა თუ სხვა რამ იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია - "ტორპედო" დებიუტში ძალზედ ენერგიულად გამოიყურებოდა.
მე-3 წუთზე კვასხვაძემ მარცხენა ფრთაზე დანიშნული ჯარიმიდან პირდაპირ კარის მიმართულებით მოჭრა ბურთი და რუსთაველები გოლისგან მეკარე ბედიაშვილმა იხსნა. რამდენიმე წუთში კვასხვაძეს კვლავ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ თანაგუნდელთა მწვავე შეტევა უზუსტო დარტყმით დაასრულა. ტაიმის შუაწელიდან რუსთაველებმა თამაში გამოასწორეს და მასპინძელთა კარს რამდენჯერმე დაემუქრნენ. განსაკუთრებით გეწაძე აქტიურობდა, რომელიც მარცხენა ფლანგის ბატონ-პატრონი იყო. მე-20 წუთზე მის სოლორეიდს ქუთაისელთა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, თუმცა მოდებაძემ და რაზმაძემ ბურთისთვის მიმართულების შეცვლა და კარში გადაგზავნა ვერ მოახერხეს.
ამის შემდეგ კვლავ ტორპედოელთა სახიფათო შეტევა ვიხილეთ, ფოფხაძემ მარჯვენა ფრთაზე გაინავარდა და ბურთი რუსთაველთა საჯარიმოში კვასხვაძის მისამართით ჩაჰკიდა, თუმცა ამ უკანასკნელმა თავი ხეირიანად ვერ დაუხვედრა...
30-ე წუთზე უკვე ჩემპიონებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ მოდებაძის პასის შემდეგ გეწაძის სახიფათო დარტყმა სულ მცირედით ასცდა მასპინძელთა კარს. ცოტა ხანში კი ტორპედოელები მეკარე მიგინეიშვილმა იხსნა აშკარა გოლისგან - რეხვიაშვილის ჩაწოდების შემდეგ ჭედია ახლო მანძილიდან ურტყამდა და "ტორპედოს" კიპერმა დიდოსტატური რეაქცია გამოავლინა.
სტუმართა მწვავე შეტევებმა ქუთათურები "გააბრაზა" და ტაიმის ბოლოს რუსთაველთა კართან სახიფათო მომენტებმა იმატა. 39-ე წუთზე თემურ მახარაძის შეგირდები აშკარა გოლს გადაურჩნენ - კვასხვაძის კუთხურის შემდეგ გურული კარის მიმართულებით თავით ურტყამდა, ამ ეპიზოდში ბედიაშვილი უძლური იყო, მაგრამ დაუცველი კარიდან ბურთი ღონღაძემ გამოიტანა.
ამას კვლავ ტორპედოელთა სახიფათო შეტევა და ხაჭიპერაძის დარტყმა მოჰყვა, რომელიც რუსთაველთა მეკარემ მოიგერია. ქუთაისელთა აქტიურობამ შედეგი 44-წუთზე გამოიღო - კვასხვაძემ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ხაჭიპერაძემ ქემოკლიძეს დაასწრო და მასპინძლები დააწინაურა - 1:0.
პირველი ტაიმის შემდეგ გულშემატკივრები "ტორპედოს" თამაშით კმაყოფილები იყვნენ და გამარჯვების ეიმედებოდათ, მაგრამ მეორე ტაიმში მატჩის სცენარი საგრძნობლად შეიცვალა. ქუთათურებს დაღლა დაეტყოთ და ბურთზე კონტროლი დაკარგეს, მახარაძემ კი ბერიაშვილის შეყვანით შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაზარდა და შედეგმაც არ დააყოვნა. ტაიმი სამიოდე წუთის დაწყებული იყო, როცა "ტორპედოს" კართან შექმნილი არეულობით რაზმაძემ ისარგებლა, ჭედიას პასის შემდეგ მაჭავარიანთან ორთაბრძოლისას შემობრუნებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მიგინეიშვილი ბურთს კი გადაეღობა, მაგრამ რაზმაძემ იმდენად ძლიერად დაარტყა, "ტორპედოს" კიპერმა ბურთის დამორჩილება ვერ მოახერხა...
გოლმა სტუმრებზე დადებითად იმოქმედა და ინიციატივა მათ ხელში გადავიდა. ქუთათურებმა კი კარგა ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა. 56-ე წუთზე გეწაძემ საკუთარი ფლანგიდან კიდევ ერთი სოლორეიდი განახორციელა, მეკარესთან პირისპირაც გავიდა, მაგრამ მიგინეიშვილმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა.
ამის შემდეგ, ბოლქვაძეს და შეცვლაზე შესულ ჭელიძეს ჰქონდათ გატანის შანსი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მიგინეიშვილმა ივაჟკაცა. 78-ე წუთზე გეწაძემ ჯარიმიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. მანვე ორიოდე წუთში ქუთაისელთა მთელი დაცვა მოატყუა და მეკარეს რომ არ ეყოჩაღა, გაიტანდა კიდეც.
მატჩის მიწურულს მასპინძლებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და მწვავედ შეუტიეს. ცნობილაძის დარტყმა ბედიაშვილმა კუთხურზე მოიგერია, იქიდან მოწოდებისას კი ჩხეტიანს მიეცა გატანის შესაძლებლობა, თუმცა დააყოვნა და მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს.
მატჩის ბოლო აკორდი ჩიკვილაძის საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც რუსთაველთა ხარიხას გადაევლო და იქვე მატჩიც დასრულდა. სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას მატჩის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა - არბიტრ დავით ხარიტონაშვილის საფინალო სასტვენისთანავე "ტორპედოს" ელიტაში დაბრუნების აღსანიშნავად ცაზე ულამაზესი ფეიერვერკები აინთო...
მატჩის შემდეგ
თემურ მახარაძე (ოლიმპი): "ქუთაისში ძალიან ლამაზი საფეხბურთო გარემო დაგვხვდა. მიხარია, რომ უმარლეს ლიგას კარგი გუნდი დაუბრუნდა. რთული მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში თამაში ვერ ავაწყვეთ. შესვენების შემდეგ გაცილებით უკეთ ავთამაშდით, ანგარიში გავათანაბრეთ, მოგებაც გვინდოდა, მაგრამ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე ფრე ლოგიკური შედეგია".
რამაზ მუმლაძე (ტორპედო): "ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ "ოლიმპი" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და გოლიც გავიტანეთ. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში პოზიციები დავთმეთ და საკუთარ კარში გოლი მივიღეთ. ჩვენი გუნდი ორი თვის წინ შეიკრიბა და ამ ეტაპზე ბიჭებისთვის მეტის მოთხოვნა გადაჭარბებული იქნება. "ოლიმპს" რაც შეეხევა, რუსთაველებმა ჩვენზე ადრე დაიწყეს საფეხბურთო სეზონი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღეს მონაწილეობა და ჩემპიონატსაც გაცილებით კარგ ფორმაში შეხვდნენ".
ტორპედო-ოლიმპი 1:1
ქუთაისი. ცენტრალური სტადიონი, 7500 მაყურებელი.
გოლები: 1:0 ხაჭიპერაძე (44. კვასხვაძის პასით), 1:1 რაზმაძე (49. ჭედიას პასით)
ტორპედო: მიგინეიშვილი - ფოფხაძე, მაჭავარიანი, თოდუა, გურული - ჩიკვილაძე, გიგაური (63. თარხნიშვილი), დათუნაიშვილი - კვასხვაძე (74. ცნობილაძე), ჩხეტიანი (87. კვერნაძე) - ხაჭიპერაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, კირკიტაძე, როსტიაშვილი.
ოლიმპი: ბედიაშვილი - ღონღაძე, ქემოკლიძე, კვახაძე, რეხვიაშვილი - დობროვოლსკი (46. ბერიაშვილი), რაზმაძე, ბოლქვაძე - ჭედია (71. ჭელიძე), გეწაძე (87. ჯაფარიძე) - მოდებაძე.
სათადარიგოები: ბათიაშვილი, უგულავა.
გაფრთხილება: მაჭავარიანი (9), დობროვოლსკი (41), ბოლქვაძე (84), რეხვიაშვილი (88)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
დავით კოხრეიძე ქუთაისიდან