...შეხვედრა მართლაც "უცნაურად"
11-მეტრიანი თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა და თავისი გუნდიც დააწინაურა; თუმცა, "ბაია" მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუა და ზედიზედ ორი მწვავე იერიშიც მიიტანა არდალიონ მიქაბერიძის კართან; თუმცა, "ვიტჯორჯიას" მეკარეს ორივე ეპიზოდში მცველები დაეხმარნენ, - ჯერ გიორგი ხიდეშელის, შემდეგ კი ალექსანდრე გოგობერიშვილის უძლიერესი დარტყმები თავიანთ თავზე რომ აიღეს. ასეთი თავბრუდამხვევი სტარტის მერე თამაში ოდნავ დაწყნარდა, მაგრამ ეს "სიმშვიდე" მხოლოდ 10 წუთი გაგრძელდა; ახალგაზრდა დავით ჯანელიძემ ეფექტური რეიდი წამოიწყო, ბურთი მარცხენა ფლანგზე მყოფ ჯაბა ლიპარტიას გადააწოდა, ხოლო ამ უკანასკნელმა ასევე დროული პასით მეტოქის საჯარიმოში ვახტანგ კვარაცხელია მოძებნა - "ვიტ ჯორჯიას" ცენტრფორვარდმა კი თანგუნდელთა ლამაზი კომბინაცია არანაკლებ ჩინებული თავური დარტყმით დაამთავრა!
აი, ეს კი მართლაც დიდი მოულოდნელობა იყო: მასპინძელთა ორივე შეტევა გოლით დასრულდა, თანაც, მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში იყო დარჩენილი და ამ შემთხვევაში უკვე მასპინძელთა შანსები ერთი-ორად გაიზარდა. თუმცა, "ბაიამ" მალე შეძლო ამ შოკიდან გამოსვლა და მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული სტანდრატულიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თანაც გოლსაც ხომ გააჩნია: საქართველოს ჩემპიონატში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გიორგი მეგრელაძემ გამორბენის გარეშე, მოჭრილი დარტყმით ბურთი მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა! როგორი საქმეა - 17 წუთში უკვე სამი გოლი იყო გასული და, არ დავმალავთ, მატჩის ბოლომდე კვლავაც "გოლების წვიმას" ველოდით, თუმცა...
"ბაიას" სამწვრთნელო შტაბმა მხოლოდ ამის მერე მოახდინა ტაქტიკური ცვლილება (გუნდი, ფაქტობრივად, ერთი ცენტრალური მცველით თამაშობდა) და აქედან გამომდინარე, სტუმართა განლაგებამ უკვე 4-4-1 სახე მიღო. პირველი ტაიმის ბოლომდე "ბაიამ" კიდევ ერთი მწვავე შეტევა განახორციელა, როცა ალექსანდრე გოგობერიშვილის პასით გრიგოლ დოლიძე მარჯვენა ფლანგიდან, ერთობ მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ არდალიონ მიქაბერიძემ საიმედოდ ითამაშა (ერთ ეპიზოდში კი სტუმრები მიიჩნევდნენ, რომ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა). ერთი მომენტი მასპინძლებსაც ჰქონდათ: ვახტანგ კვარაცხელია ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ორ მეურვეს გაცდა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ბურთი "ბაიას" კარს ოდნავ აცდა.
მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და საწყისი 15 წუთის განმავლობაში "ბაიას" უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. ერთ ეპიზოდში გრიგოლ დოლიძე უმიზნებდა შორეულ კუთხეში, მაგრამ ოდნავ ააცილა, მეორედ კი ლუკა გეგუჩიას დარტყმა ძლიერი არ გამოუვიდა. ამის მერე ერთი-ორი შეტევა მასპინძლებმაც განახორციელეს, მაგრამ ირაკლი კლიმიაშვილის შორეულ და დავით მაისაშვილის თავურ დარტყმებს სიზუსტე აკლდათ. ისიც უნდა ითქვას, რომ "ვიტ ჯორჯიამ" აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა აირჩია: მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და იმისი იმედადაც იყვნენ, მეტოქე სწრაფი კონტრშეტევებით დაესაჯათ...
თუმცა ასე ნამდვილად არ მოხდა, თანაც, მოედანზე თანაფარდობა აღდგა - ახალგაზრდა დავით ჯანელიძემ უხეში თამაშისათვის ამ მატჩში მეორე გაფრთხილება მიიღო (პირველი, სრულიად უწყინარ სიტუაციაში) და მასპინძლებიც 10-კაცით დარჩნენ. ისე კი, მატჩის ბოლომდე ორი მეტ-ნაკლებად დინამიური ეპიზოდი ვნახეთ და ორივე შემთხვევაში მოვლენათა ეპიცენტრში გიორგი მეგრელაძე მოექცა: გამოცდილი ფორვარდი თავით ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ ერთ ეპიზოდში ოდნავ არაზუსტად დაარტყა, მეორეჯერ კი მიქაბერიძემ იმარჯვა.
საბოლოოდ კი, მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა "ვეტერინარებმა" მაინც დამსახურებულად გაიმარჯვეს, თუმცა, "ბაიასაც" საკმარისი პოტენციალი ეტყობა. განსაკუთრებით, ამ გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, 18 წლის ნიკა კვეკვესკირი გვინდა გამოვარჩიოთ - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი თანაგუნდელებს შორის, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ...
15.08.10. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ბაია 2:1
1:0 ლიპარტია (5-პენ), 2:0 კვარაცხელია (16. ლიპარტიას პასით), 2:1 მეგრელაძე (17)
ვიტ ჯორჯია: ა. მიქაბერიძე - ბეჭვაია, ლომაია, ადამაძე, ჭანკვეტაძე - კლიმიაშვილი, მაისაშვილი, გურეშიძე (64. ვასაძე) - ჯანელიძე, ლიპარტია (73. ჩიმაკაძე) - ვ. კვარაცხელია (87. კასრაძე).
სათადარიგოები: ძაძამია, კორიფაძე, ზაქრაძე, ღანიაშვილი
ბაია: სომხიშვილი - კვეკვესკირი, ო. ონიანი, ჭიჭვეიშვილი, აკობია - კ. ჩხეტიანი, გოგობერიშვილი (74. ხუბუა) - დოლიძე, გ. მ. ხიდეშელი (19. კვესეიშვილი), გუგუჩია (78. სიხარულია) - მეგრელაძე.
სათადარიგოები: ზუხბაია, ვართაგავა, კანდელაკი, ეხვაია.
გაფრთხილება: ბეჭვაია (44), გურეშიძე (48), ჯანელიძე (54), გუგუჩია (64), ჭანკვეტაძე (69), ჯანელიძე (83)
გაძევება: რ. ონიანი (4), ჯანელიძე (83)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი