ირაკლი ქობალია: ზამთრამდე "ბაია" და ბომბარდირობა, მერე უცხოეთი

AutoSharing Option
ირაკლი ქობალია ქართველმა გულშემატკივარმა მიმდინარე წლის დასაწყისში გაიცნო და 19 წლის თავდამსხმელი უმალ მოექცა ქომაგთა და მედიის ყურადღების ცენტრში. ქობალია "ბაიას" გასულ ზამთარს შეუერთდა და გუნდისა და მთლიანად, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა.

"ლელოს" მისი ნაღვაწი არ გამორჩენია და სეზონის საუკეთესო დებიუტანტად დავასახელეთ.

ქობალიასთვის მიმდინარე სეზონიც წარმატებულად მიმდინარეობს - ჯერ რუსთავის "მეტალურგს" დაეხმარა ევროპის ლიგაზე, შემდეგ კი "ბაიას" დაუბრუნდა და მასთან ერთად ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ვფიქრობთ, საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფორვარდთან ინტერვიუ შემოგთავაზოთ...

- "ბაიას" ლიდერობა საკმაოდ მოულოდნელია.
რის ხარჯზე შეძელით ასეთი შედეგის მიღწევა?

- უპირველეს ყოვლისა, ერთსულოვნებისა და დიდი მონდომების წყალობით. შეიძლება, "ბაიას" ბევრი ვარსკვლავი არ ჰყავდეს, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდებისა და მეგობრული გარემოს ერთობლიობამ საშუალება მოგვცა, ქომაგი სასიამოვნოდ გაგვეოცებინა. გვესმის, რომ ჩემპიონები ვერ გავხდებით, მაგრამ მაინც საამაყოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლიდერები ვართ.

- ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, "ბაიას" ლიდერად ჩამოყალიბდი.
- საკუთარი თავი გუნდის ლიდერად ნამდვილად არ მიმაჩნია. ვცდილობ, "ბაიასთვის" სასარგებლო ვიყო, მაგრამ სხვა გამორჩეული ფეხბურთელებიც გვყავს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბევრ ფეხბურთელს ჩემზე ნაკლები გამოცდილება აქვს და ყოველთვის მზად ვარ, მათ ძირითად გუნდთან ადაპტაციაში დავეხმარო.

- გამოცდილებას აუცილებლად დააგროვებდი რუსთავის "მეტალურთან" ერთად ევროპის ლიგაზე თამაშისას.
- რა თქმა უნდა. "მეტალურგში" გატარებულ პერიოდს დიდი სიამოვნებით ვიხსენებ. ამან ჩემს განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. ევროპის ლიგაზე ჩატარებულმა მატჩებმა ბევრი რამ მასწავლა, რაც მომავალში აუცილებლად წამადგება.

- "მეტალურგში" დარჩენა არ შემოუთავაზებიათ?
- შემომთავაზეს, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ იყო დამოკიდებული. თანაც, ჩემი კარიერისთვის "ბაიაში" დაბრუნება სჯობდა, რადგან ვიცი, რომ საინტერესო წინადადების შემთხვევაში კლუბი არ დამაბრკოლებს და პირიქით, ხელსაც შემიწყობს.

- სხვა ქართულ კლუბში გადასვლას გულისხმობ თუ საზღვარგარეთ წასვლას?
- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და მაქვს იმედი, რომ უცხოური კლუბების ყურადღებას დავიმსახურებ. სავსებით რეალურია, წინადადებები რუსული და უკრაინული კლუბებისგან მივიღო. ჯერ მთლიანად "ბაიაზე" ვარ კონცენტრირებული, ზამთარში კი შესაძლოა, უცხოეთში წავიდე.

- განვლილ ხუთ ტურში რომელი იყო გამორჩეული მატჩი "ბაიასთვის" და პირადად შენთვის?
- გამოვყოფდი "გაგრასთან" გამართულ შეხვედრას, რომელიც 3:0 მოვიგეთ. ყველა მატჩს ასეთ დონეზე რომ ვატარებდეთ, აუცილებლად გავხდებოდით ჩემპიონები. სტაბილურობა გვაკლია, რაც გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია.

- საკუთარი მონაგარით კმაყოფილი ხარ?
- ორი გოლი გავიტანე, ორი საგოლე პასი გავაკეთე, ორჯერ კი გოლი ჩემს მიერ წამოწყებულ შეტევას მოჰყვა, რაც ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი. მიხარია, რომ "ბაიას" მხოლოდ გოლებით კი არ ვეხმარები, თანაგუნდელების გადაცემებით მომარაგებაც შემიძლია.

- რისი მიღწევა შეუძლია "ბაიას" ამ სეზონში?
- დრო გვიჩვენებს. ევროთასების საგზურის მოპოვება გუნდს ნამდვილად შეუძლია, საუკეთესო ექვსეულში კი ყველა ვარიანტში უნდა მოხვდეს.

- კლუბის ფინანსური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია?
- დიდი ხანია, ამ პრობლემას აღარ შევუწუხებივართ. ხელფასებს დროულად ვიღებთ, რაც განწყობასა და შედეგებზე შესაბამისად აისახება.

- ალბათ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობაზეც ფიქრობ.
- ეს ჩემი უმთავრესი მიზანია. თუ "ბაიადან" ზამთარში წავედი, ამას ვერ შევძლებ, მაგრამ იმითაც ბედნიერი ვიქნები, ჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი რომ გავხდე. ამით "ბაიასაც" დავეხმარები და კარგ კლუბში მოხვედრის უკეთესი შანსიც გამიჩნდება.

- ბოლოდროინდელმა წარმატებებმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრის შანსიც მოგცა.
- ჯერჯერობით, დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა და მხოლოდ ესპანეთში ნათამაშები ბოლო ათი წუთით შემოვიფარგლე, მაგრამ მთავარია, რომ მიმიწვიეს, დანარჩენი კი უკვე ჩემზეა დამოკიდებული.

ესპანელებთან ორივე თამაში უშანსოდ წავაგეთ, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს და სხვა მეტოქეებთან წარმატების შანსი ნამდვილად გვაქვს. ოთარ გაბელიასი მადლობელი ვარ, მჯერა, ახალგაზრდული ნაკრები სოსო ჭედიას ხელმძღვანელობითაც ბრძოლისუნარიანი იქნება, მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული