სიონი-ზესტაფონი 1:2
0:1 წინამძღვრიშვილი (63. პენ.), 0:2 ს. ლომია (80. სარდალიშვილის პასით), 1:2 ლ. ჩხეტიანი (90)
სიონი ზესტაფონი
4-4-1-1 4-4-2
ზუხბაია რ. კვასხვაძე
კობაური ალადაშვილი
გ. ოქროპირიძე მ. კობახიძე
სვანიძე გ. ონიანი
ლ. ჩხეტიანი ელიავა
უგრეხელიძე აფციაური
ვ. ბოლქვაძე გორგიაშვილი
გაბრიჭიძე ბაბუნაშვილი
კობერიძე შ. გრიგალაშვილი
რეხვიაშვილი დვალი
უგულავა წინამძღვრიშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ლ. ბაჯელიძე გ. ჭიაბრიშვილი
სიონი
46. კობერიძე - ქუცურუა
66. უგულავა - მ. ოქროპირიძე
82. რეხვიაშვილი - ისიანი
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ადამაშვილი, ხურციძე, კემუხტაშვილი
ზესტაფონი
45. აფციაური - სარდალიშვილი
45. დვალი - ს. ლომია
67. ბაბუნაშვილი - ბენაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე,
გაფრთხილება: გორგიაშვილი (22), აფციაური (38), სვანიძე (56), გ. ონიანი (58), წინამძღვრიშვილი (62), ალადაშვილი (68), ლ. ჩხეტიანი (72)
გაძევება: სვანიძე (60)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
ლევან ბაჯელიძის ხელმძღვანელობით "სიონმა" პირველი მატჩი ჩაატარა და ბოლნისელებს ახალი ფაქტობრივი მთავარი მწვრთნელის ხელი უმალ შეეტყოთ. მასპინძლებს ციდან ვარსკვლავები ნამდვილად არ მოუწყვეტიათ, მაგრამ წინა შეხვედრებთან შედარებით გაცილებით აზრიანად და მძლავრად ითამაშეს და შეიძლება გამარჯვება ვერა, მაგრამ მატჩის ფრედ დასრულება ნამდვილად შეეძლოთ.
"ზესტაფონმა" კი პირიქით, საოცრად უფერულად ითამაშა და რომ არა "სიონის" კაპიტან დავით სვანიძის მიერ დაშვებული საბედისწერო შეცდომა, საქართველოს ჩემპიონებს შინ სამი ქულით დაბრუნებება აშკარად გაუჭირდებოდათ.
ეპიზოდი, რომელმაც დიდწილად განაპირობა მატჩის შედეგი, მე-60 წუთზე მოხდა. "ზესტაფონმა" "სიონის" საჯარიმოში ბურთი ჩააწოდა. ბოლნისელთათვის ხიფათს თითქოს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ სვანიძემ ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი, რომელიც მოედნის ფარგლებს ტოვებდა, ჰაერიდან კალათბურთელივით ჩამოხსნა. არბიტრმა სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და პენალტი დანიშნა, სვანიძეს კი მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. რატი წინამძღვრიშვილმა თერთმეტმეტრიანის შესრულებამდე დასარტყმელი წერტილის თაობაზე იდავა და გაფრთხილება მიიღო, თუმცა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი მაინც აღასრულა 0:1.
"ზესტაფონის" გოლამდე "სიონმა" პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე შანსი გაუშვა ხელიდან. 18-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა სტუმართა კარს ბურთი ოდნავ გადააცილა ზემოდან, 43-ეზე კი მასპინძლები დაწინაურებასთან კიდევ უფრო ახლოს იყვნენ - ჯაბა უგულავამ ვლადიმერ უგრეხელიძის გადაცემით ვერ ისარგებლა და მიზანმა ახლო მანძილიდან უმტყუნა. მოკლედ, "ზესტაფონი" მეტოქეს ხიფათს საერთოდ ვერ უქმნიდა და ფეროელთა თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მდგომარეობის გამოსწორება პირველი ტაიმის მიწურულს განხორციელებული ორი ცვლილებით სცადა.
სტუმართა მეორე გოლი სწორედ მიხეილ სარდალიშვილმა და საბა ლომიამ შექმნეს. სარდალიშვილმა "ზესტაფონის" მთავარ გუნდში ჩატარებული მეორე შეხვედრა საგოლე პასით აღნიშნა, ლომიამ კი უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი თავურით გაიტანა.
თამაშის ბედი აქვე გადაწყდა, თუმცა ათკაციან "სიონს" ბრძოლა არ შეუწყვეტია და პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა. როინ კვასხვაძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა, რითაც ლევან ჩხეტიანმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
ასე დასრულდა მატჩი, რომელმაც დაგვანახა, რომ "სიონს" აუტსაიდერობისგან თავის დაღწევის პოტენციალი აქვს, "ზესტაფონს" კი ჩემპიონობის შესანარჩუნებლად გაცილებით ხარისხიანი ფეხბურთის თამაში მართებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"