გიორგი ჭიაბრიშვილი: გეგუჩაძეს თბილად დახვდებიან

AutoSharing Option
დიდი ხანი არ არის, რაც გიორგი ჭიაბრიშვილი "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა გუნდი "ტორპედოს" წინააღმდეგ მოედანზე უკვე მეორედ გაჰყავს. შეგახსენებთ, მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში მიზეზთა გამო "ზესტაფონი" ქუთაისში გია გეგუჩაძის ნაცვლად სწორედ ახალგაზრდა სპეციალისტმა ჩაიყვანა.

ჭიაბრიშვილს ხვალინდელი მატჩის შესახებ ვესაუბრეთ და, ბუნებრივია, გვერდი ვერც გეგუჩაძისა და ზესტაფონურ-ქუთაისური საფეხბურთო დაპირისპირებების თემას ავუარეთ.

- როინ კვასხვაძეს ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდება. ამით "ზესტაფონს" სერიოზული პრობლემები ხომ არ შეექმნება?
- როგორც იცით, როინმა ხელის თითი მოიტეხა და დაახლოებით სამი კვირა გაუცდება, მოედანს იგი
ამაზე ოდნავ ადრე ან ოდნვ გვიან დაუბრუნდება. კვასხვაძის ტრავმა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საწყენი ამბავია, მაგრამ მეკარის პოზიციაზე ნამდვილად არ ვღელავ, რადგან ზურაბ მამალაძეს აბსოლუტურად ვენდობით და იგი ამ ნდობას ამართლებს.

- როგორ ფიქრობთ, დიდი განსხვავებაა ამჟამინდელ და იმ "ტორპედოს" შორის, რომელსაც პირველ წრეში სძლიეთ?
- გუნდის შენება რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, გია გეგუჩაძემ "ტორპედოს" თავისი ხელი ამ მოკლე პერიოდშიც დაატყო. შეიძლება, გუნდის თამაში ჯერ არ იყოს იდეალური, მაგრამ ფაქტია, რომ ქუთაისელებმა შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესეს. ასე რომ, გამარჯვება ამჯერად უფრო გაგვიჭირდება, თუმცა ჩვენ სხვა შედეგზე ფიქრის უფლება არ გვაქვს.

- წინა მატჩებში "ტორპედო" "ზესტაფონს" ჩაკეტილ ფეხბურთს უპირისპირებდა. როგორ ფიქრობთ, ამჯერად სხვაგვარ სურათს ხომ არ ვიხილავთ?
- დიახ, ნაკლებად მგონია, რომ მაყურებელმა უსახური ფეხბურთი ნახოს. მეც და გეგუჩაძეც შემტევი სტილის მიმდევრები ვართ და დარწმუნებული ვარ, სტადიონზე მოსული ქომაგიც და ტელემაყურებელიც ლამაზ სანახაობას იხილავს.

- შეუძლებელია, ამ მატჩის წინ არ გაგვახსენდეს წინა სეზონში, თასის ნახევარფინალში მომხდარი სერიოზული ინციდენტები.
- რაც წინა სეზონში მოხდა, ამან მხოლოდ "ზესტაფონსა" და "ტორპედოს" კი არა, სრულიად ქართულ ფეხბურთს მოსცხო ჩირქი. საბედნიეროდ, "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" მატჩისას მას შემდეგ მსგავსი აღარაფერი მომხდარა. გულშემატკივრებმა გაითავისეს, რომ თავისიანებს ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე უნდა უქომაგონ და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროში ჩაივლის.

- და როგორ დახვდებიან გია გეგუჩაძეს ზესტაფონში?
- თბილად. გიას "ზესტაფონისთვის" კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ითამაშა კლუბმა ასეთი დონის ფეხბურთი და პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, რაც ზესტაფონელებს არასოდეს დაავიწყდებათ. ხოლო თუ რა გააკეთა გეგუჩაძემ უშუალოდ ჩემი მწვრთნელად ჩამოყალიბებისთვის, ამაზე "ლელოს" უკვე ველაპარაკე და ბევრს აღარ ვისაუბრებ. მოკლედ გეტყვით - გეგუჩაძე ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელია.

- გამორიცხულია, "იმერული დერბისთვის" "ზესტაფონი" განსაკუთრებული მონდომებით არ ემზადებოდეს.
- ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის მეტად და ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩები არ უნდა არსებობდეს. ჩვენ თითოეული მატჩისთვის სრული მობილიზებით ვემზადებით.

- "სპარტაკს" "ზესტაფონმა" დამაჯერებლად სძლია, "ვიტ ჯორჯიასგან" კი მეტ წინააღმდეგობას წააწყდა.
- ეს იმიტომ, რომ "ვიტ ჯორჯიამ" კარგად იცის ჩვენი სტილი და შეეცადა, სივრცეები მაქსიმალურად გადაეკეტა. სტუმრებს პირველ ტაიმში ეს კარგად გამოუვიდათ, შესვენების შემდეგ კი "ვიტ ჯორჯიას" სხვა ყველაფერთან ერთად ფიზიკურადაც ვაჯობეთ და მისი კარის გასაღებიც ვიპოვეთ.

- საქართველოს ჩემპიონატს "ზესტაფონი" ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო მეორე ეტაპისთვის წარმოსახვითი ცხრილი რომ შევადგინოთ, თქვენი უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური იქნება.
- სასიამოვნოა, თუ ჩემპიონატის ახალი სისტემა ჩვენზე ასე სასიკეთოდ იმოქმედებს, მაგრამ მე ასეთი სტრუქტურა მაინც არ მომწონს. ჩემი აზრით, საფეხბურთო შეჯიბრებებს ზედმეტი და, რაც მთავარია, ნაძალადევი გართულებები არ სჭირდება. მე ის ვიცი, რომ ფეხბურთში გამარჯვება იძლევა სამ ქულას, ფრე ერთს, მარცხი კი - ნულს. და არა მგონია, საჭირო იყოს სისტემა, რომელიც ზოგ გამარჯვებას ფასს დაუკარგავს, ზოგი მარცხი კი გუნდს საერთოდ არ აზარალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული