გელა სანაია "კოლხეთთან" დღეს გააფორმებს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის მატჩზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავით მახარაძემ გაიყვანა, სოსო ფილიას კი უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რადგან რამდენიმე დღეა, "კოლხეთის" ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს მისი შემცვლელის მოძიებაზე.

გელა სანაია თავიდანვე გამოიკვეთა ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად და, როგორც შევიტყვეთ, კლუბის მესვეურებმა არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეს. ეს საკითხი უფრო "მაღლა", ქალაქის მუნიციპალიტეტშიც შეთანხმდა და უდიდესი ალბათობით, დღეს სანაია "კოლხეთთან" კონტრაქტს გააფორმებს.

ეს ინფორმაცია სანაიამ "ლელოსთან" საუბარში არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა ის კი გვითხრა, რომ "კოლხეთთან"
აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და ეს წინადადება მისთვის საინტერესოა. მან ისიც გვაცნობა, რომ უკვე წამოვიდა პირველლიგელი ხობის "კოლხეთიდან", სადაც სულ რამდენიმე კვირა გაატარა. რაღა თქმა უნდა, ესეც მრავლისმთქმელი ინფორმაციაა.

უკვე გაცნობეთ ისიც, რომ ფილიას გათავისუფლებამ "კოლხეთის" ფეხბურთელებში უკმაყოფილება გამოიწვია. მოთამაშეებს გუშინ პირადად შეხვდა ფოთის მერი ვახტანგ ლემონჯავა და მათ აღუთქვა, რომ ფილია კლუბს არ ჩამოშორდება და "კოლხეთში" მუშაობას განაგრძობს, სავარაუდოდ, მწვრთნელ-კონსულტანტის თანამდებობაზე. ფილია თანამდებობიდან მოხსნით განაწყენებულია, მაგრამ, სავარაუდოდ, მაინც არ მიატოვებს კლუბს, სადაც ათწლეულები გაუტარებია და შეთავაზებას მიიღებს.

სანაიას კი, შეგახსენებთ, აქამდე ორ უმაღლესლიგურ კლუბში უმუშავია - "ლოკომოტივსა" და "სამტრედიაში". სხვათა შორის, პოპულარულ ვებგვერდ "ტრანსფერმარკტზე" იგი უკვე "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელადაა მოხსენიებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული