გიორგი ჯანელიძე: მცხეთაში ორი კოზირიდან მხოლოდ ერთი მოქმედებს

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიას" "დინამოსთან" არაერთი წარმატებული და შედეგიანი მატჩი ჩაუტარებია და ვეტერინარებს იმედი აქვთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა სწორედ ამგვართა კატეგორიაში ჩაიწერება. "ლელოს" რესპონდენტი "ვიტ ჯორჯიას" 22 წლის კაპიტანი გიორგი ჯანელიძეა.

- "დინამოს" საუკეთესო დროება არ უდგას. წესით, ამან "ვიტ ჯორჯიას" წარმატების შანსი უნდა გაზარდოს.
- "დინამო" მართლაც არასტაბილურად ასპარეზობს, მაგრამ ციდან ვარსკვლავებს ვერც ჩვენ ვწყვეტთ. ჩვენც და დინამოელებსაც გამარჯვება გვინდა, რადგან მდგომარეობის გამოსწორება გვჭირდება. პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ორივე გუნდი არასახარბიელო სატურნირო ვითარებაში კია, მაგრამ ფეხბურთელები ზოგჯერ ასეთ დროს უფრო ახერხებენ
ერთ მუშტად შეკვრას.

- "ვიტ ჯორჯია" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს?
- დიახ, არც ტრავმირებულები გვყავს და არც - დისკვალიფიცირებულები.

- სამწვრთნელო შტაბისგან ამ მატჩის წინ განსაკუთრებული დავალებები ხომ არ მიგიღიათ?
- ვემზადებით ისე, როგორც ჩემპიონატის სხვა ნებისმიერი შეხვედრისთვის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს მატჩი ჩვენთვის რიგითი არ არის.

- რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება "ვიტ ჯორჯიასთვის" ფრე?
- ჩვენ ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, მაგრამ გააჩნია თამაშის მიმდინარეობას. ზოგჯერ ფრეც არ არის ურიგო შედეგი.

- პროგნოზებს შევეშვათ და იმის ვარაუდი თუ შეგიძლია, სანახაობრივი გამოვა თუ არა თბილისური დერბი?
- ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ, რადგან "ვიტ ჯორჯიაც" და "დინამოც" შემტევი ფეხბურთის მიმდევარები არიან. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მატჩი უხვგოლიანი გამოდგეს.

- "დინამოსთან" ამ სეზონში ერთხელ უკვე ითამაშეთ და დამეთანხმები, ეს შეხვედრა "ვიტ ჯორჯიამ" სუსტად ჩაატარა.
- დიახ, ეს ის გამონაკლისი იყო, როცა "დინამოს", ფაქტობრივად, ვერაფერი დავუპირისპირეთ და სამართლიანად დავმარცხდით. თუმცა ეს უკვე წარსულია, შეცდომები გავაანალიზეთ, სათანადო დასკვნები გავაკეთეთ და შევეცდებით, ამ ტურში დავამტკიცოთ, რომ "დინამოსთვის" ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. რაც მთავარია, ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფლები ვართ, რადგან "დინამო" არაერთხელ დაგვიმარცხებია.

- თუ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თბილისში შეხვდება "ვიტ ჯორჯია" "დინამოს" თუ მცხეთაში?
- "მცხეთა პარკის" ხელოვნურ გაზონს უკვე გავუშინაურდით და იქ თამაში უკეთ გამოგვდის, ვიდრე სხვა სტადიონებზე. ასე რომ, მოედნის ფაქტორი ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.

- როცა საკუთარ სტადიონზე თამაშობ, წესით, გულშემატკივართა იმედიც უნდა გქონდეს, მაგრამ "ვიტ ჯორჯია" ამ ფუფუნებას მოკლებულია.
- სამწუხაროდ, ასეა და მე და ჩემს თანაგუნდელებს ეს ამბავი ძალიან გვაწუხებს. ფაქტია, რომ ჩვენს საშინაო მატჩებზე მხოლოდ ჟურნალისტები და ფეხბურთელთა ნათესავ-მეგობრები დადიან, რაც მოთამაშის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ნამდვილად არ უწყობს ხელს. არც ვიცი, როგორ შეიძლება ამ სიტუაციის გამოსწორება. ფეხბურთის მოყვარულებს მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა, რომ, თუ "მცხეთა პარკზე" ივლიან, "ვიტ ჯორჯია" მათთვის თავს არ დაზოგავს და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს.

- რამდენად შეესაბამება "ვიტ ჯორჯიას" ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა თქვენი კლუბის ამბიციებს?
- ამ სეზონში შედარებით მოკრძალებული მიზანი გვაქვს დასახული - ჩვენი პროგრამა-მინიმუმი რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაა. კმაყოფილების მიზეზი კი არ გვაქვს, რადგან ვალდებულები ვართ, ბოლო ოთხ გუნდს უფრო დიდი სხვაობით ვუსწრებდეთ და ლიდერებთან უფრო ახლოს ვიყოთ. ამჟამინდელი შედეგი ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის და ამას მალე აუცილებლად დავამტკიცებთ.

- თასის გათამაშებაში რას გეგმავთ?
- კარგად გვესმის, რომ ევროპის ლიგაზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი სწორედ თასიდან გვაქვს და ამ შანსის გამოსაყენებლად ვიბრძოლებთ.

- რომელი იყო "ვიტ ჯორჯიას" მიერ ამ სეზონში ჩატარებული საუკეთესო მატჩი?
- რამდენიმე შეხვედრას გავიხსენებდი - "ბაიასთან", "გაგრასთან", "კოლხეთთან"... კარგად ვითამაშეთ ზესტაფონშიც, სადაც, ვფიქრობ, მარცხს არ ვიმსახურებდით.

- უკვე რამდენიმე თვეა, "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი ხარ. სამკლავურმა, ალბათ, დამატებითი სტიმული მოგცა.
- როცა ასეთ ადრეულ ასაკში ასეთ პასუხისმგებლობას მოგანდობენ, გრძნობ, რომ შენი განსაკუთრებით სჯერათ და ყოველთვის ვცდილობ, იმ დონეზე მოვემზადო და ვითამაშო, როგორც კაპიტანს შეეფერება. მე შრომასა და მონდომებას არ ვაკლებ და როგორ გამომდის ჩემი მოვალეობების შესრულება, ეს უკვე მედიისა და გულშემატკივრების შესაფასებელია.

- ალბათ, უკვე ფიქრობ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე.
- ჯერჯერობით მხოლოდ "ვიტ ჯორჯიაზე" ვარ კონცენტრირებული, თუმცა, თუ საინტერესო შეთავაზებას მივიღებ, ვიცი, რომ ჩემი კლუბი არ დამაბრკოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული