ცოტა უცნაურია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი "ალ აჰლის" ფეხბურთელია. თანაც, არა ამხანაგურ შეხვედრაში ან რომელიმე ერთ კონკრეტულ პაექრობაში, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მართალია, კანავაროს ჯერ არც ერთხელ არ მოურგია არაბული კლუბის მაისური, მაგრამ ფაქტია, რომ ოფიციალურად სწორედ "ალ აჰლის" მოთამაშეა. ხდება ხოლმე, ვეტერანია და კარიერის უკანასკნელი წლები ეგზოტიკურ გარემოში უნდა გაატაროს, თანაც დიდი ფული იშოვოს. ეს ყველაფერი კი ამად ვთქვით, რომ გავრცელებული ინორმაციის თანახმად, შესაძლოა დუბაიში მარჩელო ლიპიც გაემგზავროს. დიახ, "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, არაბები მაესტროსაც შეეხმიანენ და ზღაპრული კონტრაქტი
"ლიპის მართლაც შეეხმიანენ "ალ აჰლის" წარმომადგენლები და ამის უარყოფას აზრი არ აქვს. მქონდა მარჩელოსთან საუბარი და ვიცი, რომ გადაწყვეტილების მიღებას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე არ აპირებს. საერთოდ, ჯერ არ ჩამოყალიბებულა რას გააკეთებს მუნდიალის შემდეგ, რაც სრულიად ბუნებრივია. დღეს, მისი მთავარი და შეიძლება ითქვას ერთადერთი საფიქრალი მსოფლიოს ჩემპიონატია. ასე რომ, ძნელია იმაზე საუბარი, რამდენად დიდია ლიპის დუბაიში გადაბარგების შანსები".
ცნობილია, რომ არაბებს ალესანდრო დელ პიეროს წაყვანაც უნდათ. როგორც ჩანს, ძველი "იუვენტუსის" აღდგენა სურთ და არ გაგიკვირდეთ თუ სულ მალე ლილიან ტიურამის და პაველ ნედვედის დიდ ფეხბურთში დაბრუნებას შეეცდებიან.
კანავარომ სამუნდიალე შანსებზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ძალიან ბევრი გვაკრიტიკებს, რაც ბუნებრივად მეჩვბენება. ამხანაგურ შეხვედრებში დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვაჩვენეთ და თითქოს ისეთი ვარსკვლავები არ გვყავს, როგორიც ბრაზილიას, არგენტინას და ინგლისს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოვინდომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ლიპი არასდროს მალავს თუ კი რამე არ მოსწონს და ამას ყოველთვის გვეუბნება. დღეს კი ოპტიმიზმით არის აღსავსე და აცხადებს, რომ მუნდიალისთვის სრულიად მზად ვართ. მისი განწყობა ყველასთვის გადამდებია, ჩვენც უფრო თავდაჯერებულები ვხდებით".
კანავაროს კიდევ ერთხელ დაეკითხნენ იმ სკანდალზე, რომელიც პრემიალურების დაწესებას მოჰყვა. ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ ფედერკალჩო სამეულში მოხვედრის შემთხვევაში, "სკუადრა აძურას" ფეხბურთელებს გარკვეულ თანხებს დაჰპირდა, რაც იტალიელ პოლიტიკოსთა ნაწილმა გააპროტესტა, აქაოდა, რა დროს ეგეთებია ამ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისშიო. ეს კი თავის მხრივ კანავაროს არ მოეწონა და პოლიტიკოსები კორუმპირებულებად მოიხსენია. აი, რას ამბობს დღეს იტალიის ნაკრების კაპიტანი:
"ამ თემაზე საუბრის დიდი სურვილი აღარ მაქვს, რადგან საბედნიეროდ, მავანთა პროტესტმა არ გაჭრა და პრემიალურები დატოვეს. ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ჩვენთვის ფედერკალჩოს მიერ დაწესებულ თანხებთან შელევა განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ აქ უბრალოდ პრინციპის ამბავი იყო. ხალხი, რომელიც მოსახლეობას ძარცვავს, ჩვენი პრემიალურების თვლით არ უნდა იყოს დაკავებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის სიხარული, რომელიც შეიძლება ხალხს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეულმა წარმატებამ მოუტანოს, შეუფასებელია. სამწუხაროა, რომ ბევრს ეს არ ესმის".
ბოლოს, კანავარომ "აძურას" პირველ მატჩზე და მეტოქეზე გაამახვილა ყურადღება: "პირველ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. თუმცა, ჩვენ ისიც არაერთხელ გვახსოვს, როგორ დავიწყეთ მძიმედ ჩემპიონატი და შემდეგ წარმატებას მივაღწიეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პარაგვაისთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს, რომელიც სამხრეთ ამერიკის ზონაში გამორჩეულად სტაბილურად ასპარეზობს. გარდა იმისა, რომ უზადო ტექნიკა აქვთ, ფიზიკურად არიან ძლიერები და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ პარაგვაი ყველაზე ევროპული გუნდია ლათინურ ამერიკაში. მართლაც საინტერესო მატჩი გველის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".
ლაშა წიკლაური