დინამო-ტორპედო 2:0
1:0 ჩისკო (45. ჯიღაურის პასით), 2:0 თომაშვილი (55)
დინამო ტორპედო
4-3-3 4-4-1-1
ლორია მიგინეიშვილი
ოდიკაძე დ. ფოფხაძე
ჰომოლა ს. თოდუა
რეხვიაშვილი გამეზარდაშვილი
თომაშვილი გურული
კვეკვესკირი დოლიძე
ჯიღაური გ. დათუნაიშვილი
ალვარო ჩიკვილაძე
კახელიშვილი იოსელიანი
კოტო დ. ბოლქვაძე
ჩისკო მეგრელაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. გარსია გ. გეგუჩაძე
დინამო
81. კოტო - იაგუე
87. ჯიღაური - თექთურმანიძე
90. კახელიშვილი - ლექვთაძე
სათადარიგოები: ნადირაძე, კაკუბავა, გ. ბერაია, რობერტინიო
ტორპედო
54. ჩიკვილაძე - კუხიანიძე
68. დოლიძე - საბანაძე
81. მეგრელაძე - დ. ჯანელიძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ტაბატაძე, რ. გოცირიძე
არბიტრი: ლ. სილაგავა
"დინამოს" აშკარა
მოსალოდნელი ინტრიგა მხოლოდ სანახევროდ გამართლდა - "დინამომ" მიმდინარე ჩემპიონატში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, "ტორპედომ" კი პირიქით - ერთ-ერთი უსუსტესი და, შესაბამისად, 2:0-იც არ არის ამ შეხვედრის ლოგიკური შედეგი - დედაქალაქელებს უფრო სოლიდური სხვაობით გამარჯვება მართებდათ.
გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი ეროვნულ სტადიონზე, იმავე "დინამო არენაზე" დაბრუნდა და, იმის მიუხედავად, რომ მაყურებელთა რაოდენობა ჩვენი უმაღლესი ლიგისთვის ჩვეული იყო, საფეხბურთო ზეიმი მაინც შედგა. ახალი გაზონი მხოლოდ ვიზუალურად კი არ იყო მიმზიდველი, თამაშის ყურების დროსაც ცხადი იყო, რომ ფეხბურთელები მასზე თავს კომფორტულად გრძნობდნენ.
"დინამომ" კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე ავადმყოფობის გამო მოისაკლისა, "ტორპედოს" კი ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ნახევარმცველები დავით დიღმელაშვილი და თორნიკე თარხნიშვილი დისკვალიფიკაციის გამო აკლდა. გარკვეულწილად, სწორედ ამის ბრალიც იყო, რომ სტუმრებმა მოედნის ცენტრი პირწმინდად დათმეს და "დინამოს" წამლეკავი უპირატესობაც, უპირველესად, ამან განაპირობა. იმერლებმა თბილისელებს მეტ-ნაკლებად ტოლსწორი ბრძოლა მხოლოდ მატჩის საწყის ნახევარ საათში გაუმართეს, რის შემდეგაც მოედანზე ერთი გუნდი დომინირებდა.
დებიუტში გუნდებმა რამდენიმე "ჩხვლეტა" გაცვალეს, რის შემდეგაც ნამდვილი მომენტების დრო დადგა. მე-17 წუთზე მიკელ ალვაროს ძლიერი დარტყმა სტუმართაგან უდავოდ საუკეთესომ, ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია, ხუთიოდე წუთში კი დინამოელთაგან ერთ-ერთმა გამორჩეულმა (ჯაბა ჯიღაურთან ერთად), ალვარომ ბურთი ხარიხას გაარტყა. 39-ე წუთზე კარლეს კოტოს დარტყმული ბურთი მოხვდა ძელს, ზედ შესვენების წინ კი ჯიღაურმა ითამაშა ეფექტურად, მისი ფლანგური გადაცემით ჩისკომ ანგარიში ერთი შეხებით გახსნა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
თუკი შესვენებამდე "ტორპედო" ჯერ კიდევ არ ჰგავდა წასაგებად განწირულს, მეორე ტაიმში სტუმართა საჯარიმოში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. მეორე ნახევრის დასაწყისში პუბლიკა მოედანზე გადამხტარმა ქომაგმა გაახალისა, თუმცა მალე ეს ამბავი აღარავის ახსოვდა, რადგან დინამოელები მეტოქეს ერთი მეორის მიყოლებით უქმნიდნენ ხიფათს.
53-ე წუთზე ჩისკოს ულამაზესი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მის მიერ კუთხურიდან ჩახვეული ბურთი ძელმა მოიგერია, ერთ წუთში ალვაროს მიგინეიშვილმა არ გაატანინა, კიდევ ერთ წუთში კი მოსახდენი მაინც მოხდა - კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი "ტორპედოს" მეკარემ ვერ მოიხელთა, გუშინდელ მატჩში ყველაზე უიღბლომ, ალვარომ ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ყველას გულვერდ თომაშვილმა დაასწრო - 2:0.
"ტორპედო" ბოლომდე მოიშალა, დინამოელებმა კი რამდენიმე სწრაფი იერიში და მომენტი გაანიავეს. იმის მიუხედავად, რომ სტუმრებს თამაშის გადასარჩენი დრო ჯერ კიდევ ჰქონდათ დარჩენილი, შეტევაში სახეირო ვერაფერი გაახერხეს და ისიც საკვირველი იყო, მხოლოდ ორბურთიანი სხვაობით მარცხს რომ დასჯერდნენ.
"დინამომ" გვიჩვენა, რომ კრიზისის დაძლევის გზაზეა და ახლა საინტერესო ის არის, რას იზამს ალექს გარსიას გუნდი ერთი კვირის შემდეგ ზესტაფონში, "ტორპედომ" კი შთამბეჭდავი სერია შეწყვიტა და ნათლად დაგვანახა ის, რის თაობაზეც გუნდში გია გეგუჩაძის მისვლამდე ბევრს ლაპარაკობდნენ - ქუთაისელებს შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება ესაჭიროებათ.
მატჩის შემდეგ
ალექს გარსია (დინამო): "ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. პირველი გოლის შემდეგ "დინამოს" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და ლოგიკური და დამსახურებული გამარჯვება ვიზეიმეთ. მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ ის ფორმა უნდა დაგვებრუნებინა, რითაც გულშემატკივრებს თავი ევროტურნირებზე დავამახსოვრეთ. ვფიქრობ, ამ მიზნისკენ დამაჯერებლად მივდივართ".
გია გეგუჩაძე (ტორპედო): "დღეს მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო - "დინამო". მეტოქემ მეორე ტაიმში გვარიანად დაგვჯაბნა და უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაც შეეძლო. კმაყოფილი მხოლოდ ერთი რამით შეიძლება ვიყო - ამ შეხვედრამ ჩვენი ყველა ნაკლოვანება თვალნათლივ დაგვანახა და ახლა ყოველივე აქედან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"