მერანი-დინამო 2:1 - რა ბედი ეწევა გარსიას?

AutoSharing Option
18.12. მარტვილი,ცენტრალური, 2700 მაყურებელი
მერანი-დინამო 2:1
0:1 იაგუე (27), 1:1 იობაშვილი (75. მანწკავას პასით), 2:1 ტაპე (77).

65-ე წუთზე დიდავამ ვერ გაიტანა პენალტი

მერანი
4-4-2 დინამო 4-3-3
შეროზია ზარქუა
კაკუშაძე ოდიკაძე
იობაშვილი ჰომოლა
ჟვანია რეხვიაშვილი
სუხიაშვილი ლომიძე
დიდავა კვეკვესკირი
მანწკავა ალვარო
ე. გრიგალაშვილი ჯიღაური
ჩალაძე რობერტინიო
ამბროლაძე იაგუე
ტაპე კოტო
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ. ჟვანია ა. გარსია

მერანი
64. ამბროლაძე - ტორაძე
80. ჩალაძე - მემარნიშვილი
90. მანწკავა - წოწორია
სათადარიგოები: შალიკაშვილი, ჭაფოძე, გეგეჭკორი, შენგელია

დინამო
41. რობერტინიო - კახელიშვილი
68 რეხვიაშვილი - ხოჭოლავა
83. ჯიღაური - თექთურმანიძე

სათადარიგოები: ნადირაძე, პაპავა, ლექვთაძე
გაფრთხილება: რობერტინიო (23),
მანწკავა(58), ალვარო (59), ზარქუა (65), კახელიშვილი (86)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ "დინამოს" მარტვილში გასეირნება არ ელოდა. ამიტომაც სტუმრებმა თავიდანვე სცადეს უპირატესობის მოპოვება: "მერანის" კარს ჯერ კოტო დაემუქრა, შემდეგ - ნიკა კვეკვესკირი, მალე კი დინამოელებმა გაიტანეს კიდეც: 27-ე წუთზე კოტოს დარტყმული ბურთი იაგუეს მიუვიდა, რომელმაც შეროზიას შანსი არ დაუტოვა. მასპინძლები თამაშგარეს დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ.

მალე მალხაზ ჟვანიას გუნდიც გააქტიურდა. ელგუჯა გრიგალაშვილი გამჭოლ გადაცემას უკეთებდა საჯარიმოში შესულ ტაპეს, მაგრამ მას მეკარემ დაასწრო; მანწკავას სახიფათო ჩაწოდებას ამბროლაძე გამოეხმაურა, თუმცა დარტყმა უზუსტო გამოუვიდა.

თუ პირველ ნახევარში ბურთს დინამოელები აკონტროლებდნენ, მეორე ტაიმში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მარტვილელთაგან შორეული დარტყმით გატანის ჩინებული შანსი გაუშვეს ხელიდან დიდავამ და ამბროლაძემ, სტუმართაგან კი ნახევარმომენტი ჰქონდა კახელიშვილს. "მერანი" უნარიანად უტევდა, შეტევებს ძირითადად მანწკავა, გრიგალაშვილი და სუხიაშვილი წარმართავდნენ. 65-ე წუთზე გრიგალაშვილმა მეკარესთან მარტო დატოვა მანწკავა, რომელიც ზარქუამ აკრძალული ხერხით შეაჩერა.

სტუმრები თერთმეტმეტრიანით, ხოლო მეკარე ყვითელი ბარათით დაისაჯა. პენალტის შესრულება მწვრთნელებმა გამოცდილ გივი დიდავას მიანდეს, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მარჯვენა დაბალ კუთხეში თორნიკე ზარქუამ მოიგერია.

მარტვილელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ გატყდნენ და მალე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს: მანწკავას მიერ მაღალი ტრაექტორიით ჩაწოდებულ ბურთს "მერანის" ცენტრალურმა მცველმა ვალერი იობაშვილმა შეაგება თავი - 1:1.

გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელები აიჭრნენ. ზუსტად ორ წუთში კახელიშვილი საკუთარ საჯარიმოში შეცდა, ბურთი კოტდივუარელ ლეგიონერ ტაპე მუნინს მიუვიდა, რომელმაც მთელი მარტვილი გაახარა - 2:1.

"დინამო" ვითარების შეცვლას ეცადა. ბოლო წუთებზე მერანელთაგან გრიგალაშვილს ჰქონდა გატანის რეალური შანსი, ხოლო დამატებულ წუთებზე - სტუმრებს, თუმცა ფაქტობრივად ცარიელი კარიდან ბურთი გიმზერ წოწორიამ გამოიტანა.

საბოლოოდ, შეხვედრამ, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ მარტვილელი ქომაგები, სრულად გაამართლა მათი მოლოდინი - "მერანმა" "დინამოს" ძლევით ახალი ფურცელი ჩაწერა კლუბის ისტორიაში.

მალხაზ ჟვანია (მერანი): მინდა, მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისთვის. თავიდან გვქონდა პრობლემები და ხარვეზები, რამაც განაპირობა კიდეც ანგარიშში ჩამორჩენა. ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მალევე გამოვასწორეთ თამაში და ისტორიული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. პენალტებზე კი აუცილებლად ვიმუშავებთ... შედეგს ლოგიკურად მივიჩნევ.

ალექს გარსია (დინამო): პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეტის გატანაც შეგვეძლო, თუმცა არ გაგვიმართლა. მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო ვარ, არ შეიძლება ასეთი არასერიოზული მიდგომა, ეს უარყოფითად მოქმედებს ზოგადად ფეხბურთზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული