ელგუჯა ქომეთიანი: აღმოჩენა ისევ "ბაიას" ფეხბურთელი იქნება

AutoSharing Option
სეზონის წლევანდელი ნაწილის დასრულების შემდეგ "ბაია" უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მეცხრეადგილოსან "სპარტაკს" ხუთი ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდელები უმთავრეს ამოცანასთან, ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში დამკვიდრებასთან ძალიან ახლოს არიან.

"ბაიას" მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანთან ინტერვიუში ჩემპიონატის განვლილი ეტაპიც შევაფასეთ და ახლო მომავალსაც შევეხეთ.

- წესით, მიღწეულით კმაყოფილი უნდა იყოთ.
- უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ მეტიც შეგვეძლო. მნიშვნელოვანი დაღი დაგვასვა ირაკლი ქობალიას ტრავმამ, რამაც ჩვენი შემტევი პოტენციალი საგრძნობლად
შეასუსტა; დიდი დრო გაუცდა შოთა ლომიასაც, რომელიც ჩვენი ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერია; მეკარე გიორგი სომხიშვილიც ხშირად ტრავმიანობდა.

მთლიანობაში კი, ბიჭების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მათ კარგად გააცნობიერეს "ბაიას" ამოცანები და თითოეულ მატჩში ბოლომდე დაიხარჯნენ, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. უკვე მერამდენე სეზონია, "ბაია" ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა და ეს ძალიან მეამაყება.

- სეზონის მეორე ნახევარს რამდენიმე ლიდერის გარეშე დაიწყებთ, ეს კი გუნდს საგრძნობლად დაასუსტებს.
- წასული ფეხბურთელები ჩვენთვის მართლაც ბევრს ნიშნავდნენ, მაგრამ ესეც ჩვენი ტრადიციაა - "ბაია" ძლიერ ფეხბურთელებს აწვდის ქართულ და არა მხოლოდ ქართულ კლუბებს. იმითაც ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ბიჭები მრავლად არიან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც და უახლოეს მომავალში ეროვნული გუნდის რეალური კანდიდატებიც იქნებიან.

ამჯერადაც რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დაგვტოვა და ამაში საგანგაშო არაფერია, პირიქით, იმას ადასტურებს, რომ ზუგდიდში პერსპექტიული ახალგაზრდები იზრდებიან. როგორც ყოველთვის, ახლაც მზად ვართ, წასულები სრულფასოვნად შევცვალოთ ისევ და ისევ ადგილობრივი კადრებით. მერწმუნეთ, გუნდის ძირითად შემადგენლობაში საინტერესო ჭაბუკები გამოჩნდებიან, "ბაია" არ დასუსტდება და თავის სიტყვას ჩემპიონატის მეორე ეტაპზეც იტყვის.

- თუკი რვა საუკეთესოში მოხვდით, მოტივაცია ხომ არ შეგიმცირდებათ?
- იმის მიუხედავად, რომ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე აღარ დაგვემუქრება, მერწმუნეთ, ჩემს ფეხბურთელებს მოტივაცია მოჭარბებულადაც კი ექნებათ. ახალგაზრდა ბიჭებისთვის იმაზე დიდი სტიმული რა უნდა იყოს, როცა საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი "ზესტაფონთან", "დინამოსთან" და სხვა ძლიერ გუნდებთან მატჩებში მიეცემათ.

- შარშან ამ დროს "ბაიას" ახალწვეულ ირაკლი ქობალიას სეზონის აღმოჩენად აღიარება უწინასწარმეტყველეთ და თქვენი სიტყვა გამართლდა. ახლაც ვინმეს ხომ არ გაუწევთ მსგავს "რეკომენდაციას"?
- გვარის დასახელებისგან ამჯერად თავს შევიკავებ, მაგრამ მერწმუნეთ, სეზონის აღმოჩენა ისევ "ბაიას" ფეხბურთელი იქნება.

- სხვა კლუბებიდანაც ხომ არ აპირებთ ფეხბურთელების მიწვევას?
- გამორიცხული არაფერია. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახოთ, რა როგორ იქნება, ამიტომ გვარების დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ. ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, სხვების მსგავსად, დატოვებს თუ არა გუნდს ნიკა აფაქიძე. საინტერესო წინადადებები მის თაობაზეც მივიღეთ და თუ წავიდა, ცენტრალური მცველის დამატება დაგვჭირდება.

- სხვა რომელ პოზიციებზე ისურვებდით გაძლიერებას?
- დიდი სიამოვნებით დავიმატებდით ძლიერ თავდამსხმელს, მაგრამ საქართველოში ასეთების დეფიციტია.

- ზამთრის მზადების გეგმა როგორი გაქვთ?
- 5 იანვარს შევიკრიბებით და ჯერ ადგილზე მოვემზადებით, შემდეგ კი გვაქვს იმის რეალური იმედი, რომ ანთალიაში გავემგზავრებით, სადაც დაახლოებით ოთხ ტესტმატჩს გავმართავთ. ბუნებრივია, სპარინგებს საქართველოშიც ჩავატარებთ.

- ფეხბურთელების გასხვისებას, წესით, "ბაიას" ბიუჯეტი სოლიდურად უნდა შეევსო.
- რა თქმა უნდა, ტრანსფერებით კლუბმა სარგებელი ნახა, თუმცა ჩვენი ფინანსური მდგომარეობა უამისოდაც ნორმალური იყო. უკვე კარგა ხანია, "ბაიაში" ხელფასები და პრემიები აღარ დაგვიანებულა და დარწმუნებული ვარ, ამ სეზონს ისე ჩავამთავრებთ, მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრისა და კონცენტრირების შესაძლებლობა გვექნება.

- "ფერერო" და "ეუროპაბეთი" ძველებურად გეხმარებიან?
- დიახ, კლუბის ბიუჯეტს ეს ორი კომპანიაც ავსებს და ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ არ იცით ირაკლი ქობალია გამოკეთების შემდეგ ბაიაში გაგრძელებს თამაშ
dato
22:48 24-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული