გუნდის მთავარ მწვრთნელ ზურაბ ბერიძესთან ინტერვიუში "ვიტ ჯორჯიას" გზაც შევაფასეთ და ვეტერინართა სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ.
- გასაგებია, რომ "ვიტ ჯორჯიას" ამოცანა რვა საუკეთესოში მოხვედრა იყო, მაგრამ თუ ელოდით, რომ ამ დროისთვის ეს განაღდებული არ გექნებოდათ?
- დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ პრობლემას ახალ წლამდე გადავჭრიდით, მაგრამ მიზეზთა გამო ეს არ გამოგვივიდა. ნამდვილად შეგვეძლო უკეთესი
- "გაგრასთან" განცდილმა მარცხმა საქმე საგრძნობლად გაგირთულათ.
- ნამდვილად არ იყო წასაგები მატჩი, ფრე ყველაზე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ყოველთვის ვერ იღებ იმას, რაც გეკუთვნის, ასეთია ფეხბურთი.
- სეზონის პირველ ნახევარში თქვენმა გუნდმა თამაშის დამაკმაყოფილებელი ხარისხი აჩვენა?
- ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ვითარდებიან. "ვიტ ჯორჯიას" მუშაობის სპეციფიკა ყველამ კარგად იცის და ტრადიციებს ვაგრძელებთ. ჩვენთან ყოველთვის იზრდებიან ნიჭიერი მოთამაშეები და გამონაკლისი არც ეს სეზონია.
- როგორ მოერგო ჩემპიონატის ახალ სისტემას "ვიტ ჯორჯია"?
- ახალი სისტემა, მეტი რომ არ ვთქვათ, იდეალური არ არის - ჩემი აზრით, არა მხოლოდ "ვიტ ჯორჯიასთვის", არამედ უმაღლესი ლიგის ნებისმიერი გუნდისთვის. თუკი ადრე თითქმის ყველა ქულა ფასეული იყო, ახლა იცი, რომ ამა თუ იმ მატჩის მოგება საერთოდ არაფერს მოგიტანს, რაც გუნდის განწყობაზეც უარყოფითად მოქმედებს და არც ფეხბურთელთა ზრდას უწყობს ხელს. ზედა რვა გუნდში რომ მოვხვდებით, ლიდერებთან წარმატება პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს მოგვიტანს. ჩვენთვის ნებისმიერ მატჩს მაინც დიდი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ მეშინია, სეზონის დასკვნით ნაწილში უაზრო შეხვედრების რაოდენობა კატასტროფულად არ გაიზარდოს. მით უფრო, ამის ტენდენცია ახლავე შეინიშნება.
- ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელების პროგრესს გამოარჩევთ?
- ცალკეული ფეხბურთელების შექებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენო გიორგი ჯანელიძე - მან ყველას დაანახა, რომ დიდი მომავალი აქვს და, მისი პიროვნული და საფეხბურთო თვისებებიდან გამომდინარე, შემიძლია ვივარაუდო, რომ ძალიან ბევრს მიაღწევს. მოხარული ვარ, რომ მან წლეულსვე მოასწრო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარება, სადაც საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა.
- არსებობს იმის ალბათობა, რომ ჯანელიძე "ვიტ ჯორჯიადან" ამ ზამთარსვე წავიდეს?
- ჯერჯერობით მის თაობაზე კლუბს კონკრეტული წინადადება არ მიუღია. თუ რომელიმე ძლიერმა კლუბმა ჯანელიძის შეძენა ამ ზამთარსვე მოინდომა და "ვიტ ჯორჯიას" ხელსაყრელი წინადადებით მიმართა, ტრანსფერის განხორციელება გამორიცხული ნამდვილად არ იქნება.
- ბოლო დღეებში "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში რაიმე ცვლილებები ხომ არ მომხდარა?
- დაგვტოვა ორმა ფეხბურთელმა - გიორგი ხუმარაშვილმა და ირაკლი სიხარულიძემ. ახალწვეულებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან კონკრეტული შეთანხმებისთვის ჯერ არავისთან მიგვიღწევია. ვგულისხმობ უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელებს, თორემ ჩვენს ახალგაზრდა კადრებს ძირითად გუნდში დამკვიდრების შანსი ყოველთვის აქვთ. "ვიტ ჯორჯიას" საკადრო პოლიტიკა არ იცვლება, მაგრამ არც იმ ფეხბურთელებზე ვიტყვით უარს, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობები სხვაგან დაუმტკიცებიათ. მოხარული ვარ, რომ გუნდის ბირთვი შენარჩუნებულია, რაც იმის საფუძვლიან იმედს მაძლევს, რომ სეზონის მეორე ნახევარში შედეგებს გავაუმჯობესებთ.
- როგორია "ვიტ ჯორჯიას" ზამთრის სამზადისის გეგმა?
- 28 დეკემბერს შევიკრიბებით და სამი დღის განმავლობაში ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ. რამდენიმედღიანი საახალწლო არდადეგების შემდეგ კი მზადებას 8 იანვრიდან განვაახლებთ. კლუბის ხელმძღვანელობა ანთალიის ვარიანტზე მუშაობს. წესით, თურქულ შეკრებაზე უნდა წავიდეთ, სადაც ნაყოფიერ სპარინგებს ჩავატარებთ. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ სეზონის მეორე ნახევრისთვის თბილისში მოვემზადებით.
- რა კომენტარს გააკეთებთ გავრცელებულ ხმებზე, რომელთა თანახმად, "ვიტ ჯორჯიას" ფინანსური პრობლემები გაუჩნდა?
- ამას გამოვრიცხავ, რადგან კლუბის ხელმძღვანელობა "ვიტ ჯორჯიას" მართვას ძველებურად ეფექტურად განაგრძობს და მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ - ხელფასები და პრემიები ჩვეულებრივად, შეუფერხებლად რიგდება და სავარჯიშოდაც კარგი პირობები გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"