ქუთაისის "ტორპედო" - დაბრუნება და ახლის შენება

AutoSharing Option
უკვე მეორე სეზონია, მრავალწლიანი იძულებითი პაუზის შემდე უმაღლეს ლიგას ქუთაისის "ტორპედო" დაუბრუნდა. 2010 წელს კლუბი კომპანია "ვისოლმა" ჩაიბარა და მრავალწლიანი გეგმის განხორციელებას შეუდგა.

განახლებულ "ტორპედოს" პირველივე სეზონში სასწაულს ვერავინ მოსთხოვდა და აქედან გამომდინარე, ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე ადგილი და თასის ფინალამდე
მისვლა კატასტროფული შედეგი ნამდვილად არ ყოფილა. სამაგიეროდ, კლუბის ხელმძღვანელობა ამ სეზონს ბუნებრივად გაზრდილი ამბიციებით შეხვდა.

უსიამოვნებები ქუთაისელ გულშემატკივრებს არც მიმდინარე ჩემპიონატში მოჰკლებიათ - სეზონის სტარტი "ტორპედოს" წარუმატებელი გამოუვიდა, რასაც მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძის დანიშვნა მოჰყვა. ამის შემდეგ კი საქმე უკეთესობისკენ
წავიდა - "ტორპედო" უმაღლესი ლიგის ლიდერებში დამკვიდრდა და თასიდან გამოვარდნას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ქუთაისელთა მიერ განვლილ ნახევარ წელიწადს საერთო ჯამში წარმატებული უნდა ვუწოდოთ.

გეგმაზომიერი განვითარება
გეგუჩაძემ თავისი მაღალი კვალიფიკაცია "ზესტაფონში" მუშაობის დროსაც დაამტკიცა, მაგრამ მისმა საქმიანობამ ისიც დაგვანახა, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული პერიოდი სჭირდება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ამ სეზონში ახალი "ტორპედოს" სრული შესაძლებლობები ვერ დავინახოთ, რამაც გუნდის ქომაგებს ხასიათი არ უნდა წაუხდინოს.

ვფიქრობთ, უტიტულოდ დარჩენა, მაგრამ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება "ტორპედოსთვის" ნორმალური შედეგი უნდა იყოს.

გეგუჩაძე დროს უქმად არ კარგავს და შემადგენლობის განახლებას უკვე მიჰყო ხელი. გუნდი დატოვეს სევასტი თოდუამ, თენგიზ ჩიკვილაძემ, გიორგი მეგრელაძემ, დაჩი ფოფხაძემ და დავით ბოლქვაძემ, ახალწვეული კი, ჯერჯერობით ოთხია - ნიკა ფირცხალავა "დინამოდან", ვალერი ბოლქვაძე, გიორგი რეხვიაშვილი და გიორგი ქუცურუა "სიონიდან". ხუთივე წასული მაღალი დონის ფეხბურთელია და "ტორპედოსთვის" ბევრი გაუკეთებია, მაგრამ, როგორც ჩანს, გეგუჩაძის საფეხბურთო გემოვნებაში ვერ "ჩაეწერნენ" და მათი როლი ახალწვეულებს დაეკისრებათ.

სეზონის განახლებამდე "ტორპედოს" შემადგენლობაში ცვლილებები, ალბათ, კიდევ იქნება - ვფიქრობთ, კონტინგენტის გაძლიერება აუცილებელია. ეტაპობრივად უთუოდ შეიცვლება გუნდის სათამაშო მანერაც, შედეგები კი, ვნახოთ, მყისიერი იქნება თუ დროში გაწერილი.

ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ
ახლის შენება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლოკალურ მიზანზე უარი თქვა. "ტორპედო" ხომ უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ "ზესტაფონს" 5 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან "დინამოს" კი ამდენითვე უსწრებს.

გეგუჩაძის გუნდს ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონობის შანსი და თუ ახალწვეულებმა "ტორპედოს" ამოცანებს ახლავე აუწყვეს ფეხი, "ტორპედო" "ზესტაფონისა" და სხვა ძლიერი კლუბების რეალურ კონკურენტად დარჩება. ევროსაგზურის მოპოვების დრო კი, ალბათ, უკვე დადგა.

ტკბილი და მწარე
"ტორპედომ" თითო მატჩი სამივე კონკურენტს მოუგო - "ზესტაფონსაც", "დინამოსაც" და "მეტალურგსაც". სეზონის სტარტს თუ არ გავიხსენებთ, ქუთაისელები ცხრილის შუა და ქვედა ნაწილებში მყოფ გუნდებთანაც სტაბილურად აგროვებდნენ ქულებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მოგებათა ექვსმატჩიანი სერია, რომელიც თბილისში "დინამოსთან" განცდილი მარცხით შეწყდა.

სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი ტორპედოელებმა ზესტაფონში იწვნიეს, სადაც თასის გათამაშებას მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაშვებული ორი გოლით გამოეთიშნენ.

მეკარეები
ამ რგოლში "ტორპედოს" ყველაზე კარგად აქვს საქმე, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბის მოსვლის მიუხედავად, ეს რგოლი ხელუხლებელი დარჩა. 27 წლის ომარ მიგინეიშვილი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და "ლელომ" ჩემპიონატის პირველი ნახევრის საუკეთესო მეკარედაც დაასახელა. მაღალი დონის მეკარეა 26 წლის მაქსიმე ქვილითაიაც, რომელსაც კონკურენტის საუცხოო თამაშის გამო მოედანზე გასვლის საშუალება იშვიათად ეძლევა.

მცველები
სეზონის მსვლელობისას "ტორპედოს" დავით გამეზარდაშვილი დაუბრუნდა. 29 წლის მცველის გამოცდილება კლუბს სასიკეთოდ წაადგა და ქუთაისელთა უკანა ხაზი ერთიორად საიმედო გახდა. გამეზარდაშვილი "ლელოს" მიერ შედგენილ სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, 13 ბურთი, სწორედ "ტორპედოს" აქვს მიღებული, რაც მიგინეიშვილთან ერთად სწორედ დაცვის დამსახურებაა.

გამეზარდაშვილს დაცვის ცენტრში პარტნიორობას 35 წლის სევასტი თოდუა უწევდა, ფლანგებზე კი დაჩი ფოფხაძე და გიორგი გურული თამაშობდნენ. დაცვის ოთხეული მკაფიოდ იყო განსაზღვრული და დანარჩენ უკანახაზელებს თამაში იშვიათად უწევდათ.

რაკი ოთხი ძირითადი მცველიდან "ტორპედოში" ორიღა დარჩა, ამ რგოლში სერიოზული რეორგანიზაცია გარდაუვალია.

ნახევარმცველები
თორნიკე თარხნიშვილი (21 წლის), დავით დიღმელაშვილი (31 წლის), დავით ბოლქვაძე (31 წლის), გრიგოლ დოლიძე (29 წლის) და გიორგი დათუნაიშვილი (26 წლის) - ასეთი იყო "ტორპედოს" ხუთკაციანი ნახევარდაცვის ოპტიმალური შემადგენლობა. ამ ხუთეულის გარდა მოედანზე ხშირად ვხედავდით 21 წლის გივი იოსელიანს.

გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შუა ხაზი მატჩების უმრავლესობაში საკმაოდ ეფექტურად მოქმედებდა და საგოლე გადაცემების გარდა, თავს გოლებითაც გვამახსოვრებდა. შუახაზელთა უმრავლესობა გეგუჩაძემ დაიტოვა, თუმცა კორექტივები აქაც შევა და ვნახოთ, გახდება თუ არა კიდევ უფრო სასარგებლო ქუთაისური ნახევარდაცვა.

თავდამსხმელები
"ტორპედო" ერთი ცენტრფორვარდით თამაშობდა - ამ ფუნქციას ხან 33 წლის გიორგი მეგრელაძე ასრულებდა, ხანაც - 30 წლის რევაზ გოცირიძე, რომელიც 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. შედარებით იშვიათად უწევდა თამაში 20 წლის ნიკა საბანაძეს.

გეგუჩაძე "ზესტაფონს" ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით ათამაშებდა და ვნახოთ, მისცემს თუ არა "ტორპედოს" საკადრო რესურსი ამის საშუალებას.

ტორპედოს ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური ტორპედო-ზესტაფონი 1:2
II ტური დილა-ტორპედო 0:1
IV ტური მერანი-ტორპედო 1:0
V ტური ტორპედო-სიონი 2:0
VI ტური მეტალურგი-ტორპედო 2:0
III ტური ტორპედო-დინამო 2:1
VII ტური ტორპედო-ბაია 0:0
VIII ტური გაგრა-ტორპედო 0:1
IX ტური ტორპედო-სპარტაკი 2:0
X ტური ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1
XI ტური ტორპედო-კოლხეთი 4:1
XII ტური ზესტაფონი-ტორპედო 0:1
XIII ტური ტორპედო-დილა 2:1
XIV ტური დინამო-ტორპედო 2:0
XVI ტური სიონი-ტორპედო 1:3
XVII ტური ტორპედო-მეტალურგი 3:0
XV ტური ტორპედო-მერანი 2:1
XVIII ტური ბაია-ტორპედო 1:1

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი - 17, მაქსიმე ქვილითაია - 1;
მცველები: დაჩი ფოფხაძე - 18, სევასტი თოდუა - 15, დავით გამეზარდაშვილი - 14 (2), გიორგი გურული - 13, თენგიზ ჩიკვილაძე - 9, თემურ ფარულავა - 6, ლაშა შერგელაშვილი - 2, მიხეილ ჩხარტიშვილი - 2, რევაზ ქემოკლიძე - 1, ბაქარ მირცხულავა - 1;
ნახევარმცველები: გრიგოლ დოლიძე - 17 (4), დავით ბოლქვაძე 16 (1), დავით დიღმელაშვილი - 15 (1), თორნიკე თარხნიშვილი - 14 (4), გიორგი დათუნაიშვილი - 13 (3), გივი იოსელიანი - 13, გიორგი კუხიანიძე - 11, დავით კირკიტაძე - 4, გიორგი სეთურიძე - 3, ნუკრი მანჩხავა - 1;
თავდამსხმელები: რევაზ გოცირიძე - 15 (5), გიორგი მეგრელაძე - 15 (3), ნიკოლოზ საბანაძე - 13 (2), დავით ჯანელიძე - 3 (1).

მწვრთნელები:
I, II, IV, V, VI ტურები - გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე
III, VII ტურები - გიორგი სუხიაშვილი
VIII ტურიდან - გია გეგუჩაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგიონერები გვინდა ტორპედოსჰი და ხმაურიანი ტრანსფერი 2წელია მაგას უცდიტ და არ გვეგირსა
nika nemsadze
17:09 05-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული