”ბაია” - ქომეთიანი რჩება, ამნისტირებულები არ გამოვრიცხოთ

AutoSharing Option
ელგუჯა ქომეთიანი ”ბაიას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. მაშინ ”ლელოსთან" საუბრისას მან არ იცოდა, დარჩებოდა თუ არა კლუბში, გუშინ კი გვაცნობა, რომ სამწვრთნელო შტაბში მუშაობა შესთავაზეს და უარი არ უთქვამს.

”კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის, გოჩა ტყებუჩავას ასისტენტობა შემომთავაზა და დავთანხმდი. ”ბაიაში" არაერთი წელიწადი გამიტარებია და ვფიქრობ, მომავალშიც შემიძლია, კლუბისთვის სასარგებლო ვიყო.

ტყებუჩავასთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებ. მან მითხრა, რომ ჩემი გამოცდილება სჭირდება და რადგან ასეა, მზად ვარ, ”ბაიასთვის" არაფერი დავიშურო", - გვითხრა ქომეთიანმა.

”ბაია" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას
10 იანვრიდან შეუდგება და მთავარ ამბებსაც ამის შემდეგ გავიგებთ - როგორი იქნება გუნდის შემადგენლობა, რა გეგმები აქვს ახალ მთავარ მწვრთნელს და ასე შემდეგ.

როგორც იცით, ”ბაია" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა და მათი შეცვლა იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება. თუმცა, ქომეთიანის თქმით, ადგილობრივი ახალგაზრდების გარდა ”ბაიას" ღირსებას ახალწვეულებიც დაიცავენ. ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება ნახევარმცველ ლევან კუტალიასთან, რომელიც ბოლო წლებში ბოსნიაში თამაშობდა.

რაც შეეხებათ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის დასჯილებსა და ორიოდე დღის წინ ამნისტირებულებს - როინ ონიანსა და ლევან ვართაგავას, ქომეთიანის აზრით, მათი დაბრუნება ”ბაიას" წაადგება, ახლა მთავარი ის არის, როგორი აზრი აქვთ ამ საკითხზე ტყებუჩავასა და კლუბის ხელმძღვანელობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული