როინ ონიანი: ვნანობ ჩადენილს და მზად ვარ, ”ბაიაში” უხელფასოდ ვითამაშო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ამნისტირებულ ფეხბურთელთა შორის როინ ონიანიცაა. 36 წლის მცველი ბოლოს ზუგდიდის "ბაიას" ღირსებას იცავდა. მას უფეხბურთოდ გატარებულ პერიოდზე, ფედერაციის გადაწყვეტილებით მიღებულ ემოციებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- გქონდა იმედი, რომ ფეხბურთში დაბრუნების უფლება მოგეცემოდა?
- გულის სიღრმეში იმედს არ ვკარგავდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასე მალე თუ გვაპატიებდნენ. უზომოდ გახარებული ვარ და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიჩნია, რომ ჩვენი დაბრუნება შესაძლებელი იყო.

მთელი ცხოვრება ფეხბურთს შევწირე და მთელი გულით ვნანობ ჩადენილს. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ მსგავსს
არასოდეს გავიმეორებ და მთელი დარჩენილი კარიერის განმავლობაში პატიოსნად და თავდაუზოგავად ვითამაშებ იმისთვის, რომ ხალხმა გამიხსენოს როგორც კარგი ფეხბურთელი და არა როგორც უწესო ადამიანი.

- როგორც ჩანს, ფეხბურთის თამაშს კიდევ დიდხანს აპირებ.
- ჯანმრთელი ადამიანი ვარ, კარიერაში სერიოზული ტრავმა არასოდეს მიმიღია და მაღალ დონეზე თამაში კიდევ რამდენიმე წელიწადს შემეძლება. ვფიქრობ, ჩვენი ჩემპიონატის ტემპსა და დატვირთვებს 40 წლის ასაკამდე უპრობლემოდ გავართმევ თავს. ფეხბურთი უზომოდ მიყვარს და ვერც კი წარმომიდგენია, სხვა რა უნდა ვაკეთო.

- დისკვალიფიკაციის პერიოდში სხვა საქმე ხომ არ გიპოვია?
- არა, აბსოლუტურად უქმად ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომელ საქმეში მეპოვა საკუთარი თავი. ამ გადაწყვეტილებამ სულზე მომისწრო, თორემ მორალურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული ვიყავი. აქ მხოლოდ ფინანსურ მხარეს არ ვგულისხმობ. უპირველეს ყოვლისა, იმის გაფიქრება მთრგუნავდა, რომ არავის ვჭირდებოდი.

- ფორმის შენარჩუნება მოახერხე?
- ინტენსიურად რომ მევარჯიშა, საამისო მოტივაცია ნამდვილად არ მქონია და მხოლოდ მეგობრებთან ერთად თამაშით შემოვიფარგლებოდი. თუმცა ფორმაზე ყველაზე ნაკლებად ვდარდობ. ზედმეტი წონა არ მაწუხებს, მთავარია, კლუბი მოვნახო და ძველი კონდიციების დასაბრუნებლად ერთი თვეც მეყოფა.

- "ბაიაში" დაბრუნებას გამორიცხავ?
- სურვილი დიდი მაქვს, მთავარია, რას გადაწყვეტს კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი. დისკვალიფიკაცია სწორედ "ბაიაში" თამაშისას მომისაჯეს და ამ კლუბის წინაშე თავს დავალებულად ვგრძნობ - თანაც, ზუგდიდელი ვარ და ამ ქალაქის გუნდში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვთამაშობდი. საკუთარ თავს ასეთი სასჯელი დავუწესე - თუ "ბაიაში" დამაბრუნეს, მზად ვარ, მის შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე უხელფასოდ ვითამაშო.

- ხომ არ იცი, სად არის და რას აპირებს შენი ყოფილი თანაგუნდელი ლევან ვართაგავა?
- მასთან დაკავშირება ჯერ ვერ მოვახერხე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოედანზე გასვლა მასაც ენატრება.

- დისკვალიფიკაციის პერიოდში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს თუ ესწრებოდი?
- სტადიონზე წასვლა მიმძიმდა, მაგრამ რამდენიმე შეხვედრა ვნახე და ძალიან მომეწონა. ჩვენი ჩემპიონატის დონე აშკარად ამაღლებულია და ბედნიერი ვიქნები, თუ უმაღლეს ლიგაში ჩემი ადგილიც აღმოჩნდება.

- რას ურჩევდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს?
- მათ ვეტყოდი, რომ ფეხბურთელობა გამორჩეული პროფესიაა და თუ ღმერთმა ამის ნიჭი მოგცა, ბევრი უნდა იშრომო და სწორი გზიდან არ გადაუხვიო. ისე უნდა იცხოვრო, რომ ჩირქი არც საკუთარ სახელს მოსცხო და არც ქართულ ფეხბურთს.

ჩვენი ფეხბურთი პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მიდის და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროცესი მხოლოდ წესიერი ხალხის წყალობით გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი "კაცო"! რაზეა ბაზარი? პირველ წუთებზე რომ შეცვლა მოითხოვო, ან პენალი აიკიდო, მეტი ბურთი გადააგდო "აუტზე", მაგას 40-წლისაც შეძლებ! მთავარია დომენტიას არ შეუქანავდეს მანამდე სკამი....
დევიდ აირონს
10:18 07-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული