"მერანი" - პროგრესი თითოეულ სეზონში

AutoSharing Option
"მშვიდ გარემოში მუშაობა მწვრთნელს საკუთარი იდეების განხორციელებას უადვილებს. უკვე მეოთხე სეზონია, "მერანის" მთავარი მწვრთნელი ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით კლუბი ყოველწლიურად წინ მიდის", - ეს სიტყვები მარტვილის "მერანის" თავკაცმა მალხაზ ჟვანიამ "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა.

"მერანის" წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზადაც სწორედ მწვრთნელისთვის გამოცხადებული უდიდესი ნდობა და კომპეტენტური სამწვრთნელო შტაბის გეგმაზომიერი მუშაობა უნდა მივიჩნიოთ.

სპეციალისტმა კლუბში ზედიზედ ოთხი სეზონი რომ გაატაროს, ევროპაშიც კი იშვიათი ამბავია, საქართველოსთვის კი, სადაც მწვრთნელს მცირე ჩავარდნასაც კი არ პატიობენ, სამაგალითო შემთხვევაა. ჟვანიამ და მისმა
თანაშემწეებმა კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა სრულად გაამართლეს და "მერანი" სეზონიდან სეზონამდე აუმჯობესებს შედეგებს.

თავად განსაჯეთ - არცთუ სოლიდური ბიუჯეტითა და არავარსკვლავური შემადგენლობით კლუბმა შარშანწინ საქართველოს თასის ნახევარფინალამდე მიაღწია, შარშან უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, მიმდინარე სეზონში კი უკვე უმაღლეს ლიგაში წარმოადგენს ნებისმიერი მეტოქისთვის საფრთხეს, თავი არაერთი ხმაურიანი გამარჯვებით დაგვამახსოვრა და ზამთრის შესვენებას მეხუთე ადგილზე მყოფი შეხვდა, "ვირტუალურ" სატურნირო ცხრილში კი გაცილებით უკეთეს პოზიციაზეა!

"მერანში" სპონტანურად არაფერი ხდება, კლუბი თანამედროვე მიდგომით ვითარდება, რითაც მასზე მდიდარ არაერთ კონკურენტს სჯობნის და მომავალშიც უთუოდ აჯობებს.

ფინიშზე შეწყვეტილი სერია
22 დეკემბრამდე, სანამ "ზესტაფონთან" გადადებულ მატჩში დამარცხდებოდნენ, მარტვილელებს შინ წაგება არ ეწვნიათ. მეტიც, საკუთარ მოედანზე მხოლოდ გორის "დილასთან" დასჯერდნენ ფრეს, სხვა ყველა შეხვედრა კი მოგებული ჰქონდათ!

სტუმრად წარმატების მიღწევა "მერანს" უჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო და გასვლაზე ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - "კოლხეთისა" და "სპარტაკის" ძლევით მარაგი მნიშვნელოვანი ქულებით შეივსო.

მეთორმეტე მოთამაშე
თუ ვინმეზე შეგვიძლია ვთქვათ, საშინაო გუნდიაო, უპირველეს ყოვლისა, "მერანზე". მარტვილში მოედნის ხარისხი არასახარბიელოა, თუმცა მხოლოდ ამის ბრალი არ უნდა იყოს, "მერანის" მეტოქეებისთვის იქ თამაში ურთულესი საქმე რომ არის.

სამეგრელოს ამ პატარა ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ და საყვარელ გუნდს ყოველთვის ამხნევებენ ჩვენი მასშტაბით მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები. ასე რომ, "მერანს" ნამდვილი მეთორმეტე მოთამაშე ჰყავს, რომელიც მის გამარჯვებაში ხშირად თამაშობს დიდ როლს.

ზეიმები მრავლად იყო
ბრწყინვალე საშინაო სერიის შეწყვეტამდე ოთხი დღით ადრე კი მარტვილში დიდი ზეიმი იყო - "მერანმა" "დინამო" 2:1 დაამარცხა. ჟვანიას გუნდმა ხასიათის გასაოცარი სიმტკიცე გამოავლინა, გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის მიუხედავად, ერთბურთიანი ჩამორჩენაც დასძლია და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებს დრამატულ ბრძოლაში აჯობა.

"დინამოსთან" გამარჯვების გარდა, უნდა გამოვარჩიოთ "ტორპედოს" დამარცხება და "ვიტ ჯორჯიას" განადგურება. ყველაზე უსიამოვნო ამბავი კი საქართველოს თასის მეოთხედფინალში განცდილი მწარე მარცხი იყო.

განახლება ყოველთვის საჭიროა
"მერანის" ბირთვი უცვლელია, თუმცა გუნდის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მაინც მოხდება. კლუბი ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა - მცველებს, თორნიკე შალიკაშვილსა და ლევან ჭაფოძეს, ნახევარმცველებს, გიორგი მემარნიშვილსა და ჟოელ იატროს, თავდამსხმელ გურამ სამადაშვილს.

ახალწვეულთა ვინაობას კი რამდენიმე დღეში შევიტყობთ. "მერანმა" უკვე მოიპოვა იმხელა ავტორიტეტი, რომ იქ ფეხბურთელი მხოლოდ ხელფასისთვის არ გადავიდეს. მოთამაშეებს გული მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდისკენ მიუწევთ. ამასთან, "მერანს" იმის საშუალებაც აქვს, რომ სასურველი ფეხბურთელი ნორმალური კონტრაქტითაც დააინტერესოს.

მეკარეები
"მერანის" ძირითადი მეკარე 21 წლის ჯონი შეროზიაა, რომელმაც თავი საიმედო თამაშით დაგვამახსოვრა და უმაღლეს ლიგაში დებიუტიდან მცირე ხნის შემდეგ კარიერაში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახდა. მარტვილელებს მეკარის პრობლემა ნამდვილად არ აქვთ. ჟვანია შეროზიას დუბლიორის, 28 წლის გიზო შენგელიას კონდიციებითაც კმაყოფილია.

მცველები
"მერანის" დაცვის ოთხეული მკაფიოდაა განსაზღვრული და, თუ ამ ოთხიდან რომელიმეს ტრავმა ან დისკვალიფიკაცია არ აქვს, მარტვილელთა უკანა ხაზი ასე გამოიყურება: მარჯვნივ - 21 წლის თორნიკე კაკუშაძე, ცენტრში - 23 წლის ვალერი იობაშვილი და 29 წლის გიგა ჟვანია, მარცხნივ - 23 წლის ანზორ სუხიაშვილი. საქმეს ოთხივე მაღალ დონეზე ასრულებდა, მაგრამ მაინც სუხიაშვილი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

ნახევარმცველები
"მერანი" ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ იქ ვეტერანების ფასიც კარგად იციან. ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი ხომ 36 წლის გივი დიდავაა, რომელიც გუნდს სეზონის მსვლელობისას შეუერთდა და უმალ იქცა მარტვილელთა შუა ხაზის გამორჩეულ ფიგურად; 30 წლის გიორგი მანწკავა კი სულაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა მარაქაში გაერია; ქომაგობამ ამ სეზონში გაიცნო 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელიც საფეხბურთო აზროვნებითა და მოედნის ხედვით "ზესტაფონში" მოთამაშე უფროს ძმას, შოთას ძალიან წააგავს და უდავოდ კარგი მომავალი აქვს; უნივერსალური თვისებებითა და საიმედო თამაშით დაგვამახსოვრა თავი 24 წლის ლაშა ჩალაძემაც.

"მერანის" ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია, მაგრამ გუნდს საკმაოდ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს. განსაკუთრებით მძაფრ კონკურენციას ნახევარდაცვის ხაზში უნდა ველოდოთ.

თავდამსხმელები
"მერანის" თავდასხმის ლიდერი მუნინი ტაპეა. 21 წლის კოტდივუარელს, რომელიც ქართულ გარემოს კარგად გაუშინაურდა და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს დამაჯერებლად ატარებს, საიმედო პარტნიორობას თანატოლი გიგა ამბროლაძე უწევს. მარტვილელთა თავდასხმის ხაზი სწორედ ამ ორი ფეხბურთელისგან შედგება და სეზონის პირველ ნახევარში მათ კონკურენციას ვერავინ უწევდა. წესით, "მერანმა" მინიმუმ ერთი ძლიერი ფორვარდი უნდა დაიმატოს, რაც კონკურენციას შეტევაშიც გაზრდის.

მერანის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური გაგრა-მერანი 3:0
II ტური მერანი-სპარტაკი 2:0
III ტური ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0
IV ტური მერანი-ტორპედო 1:0
V ტური ზესტაფონი-მერანი 3:1
VI ტური მერანი-დილა 2:2
VII ტური დინამო-მერანი 2:1
VIII ტური კოლხეთი-მერანი 0:1
IX ტური მერანი-სიონი 3:0
X ტური მეტალურგი-მერანი 2:1
XI ტური მერანი-ბაია 1:0
XII ტური მერანი-გაგრა 1:0
XIII ტური სპარტაკი-მერანი 1:2
XIV ტური მერანი-ვიტ ჯორჯია 3:0
XVII ტური დილა-მერანი 3:0
XV ტური ტორპედო-მერანი 2:1
XVIII ტური მერანი-დინამო 2:1
XVI ტური მერანი-ზესტაფონი 0:2

მეკარეები: ჯონი შეროზია - 17, გიზო შენგელია - 1;
მცველები: თორნიკე კაკუშაძე - 18, გიგა ჟვანია - 17 (1), ანზორ სუხიაშვილი - 17 (1), ვალერი იობაშვილი - 14 (1), ლევან ჭაფოძე - 5, თორნიკე შალიკაშვილი - 2, კიჭი მელიავა - 1;
ნახევარმცველები: ლაშა ჩალაძე - 18 (2), გიორგი მანწკავა - 17 (6), ელგუჯა გრიგალაშვილი - 17 (4), გივი დიდავა - 16, გიორგი მემარნიშვილი - 14, გიმზერ წოწორია - 8, ოთარ ტორაძე - 7, ჟოელ იატრო - 2, დავით ქამუშაძე - 2;
თავდამსხმელები: გიგა ამბროლაძე - 18 (1), მუნინი ტაპე - 17 (5), გურამ სამადაშვილი - 13, ლაშა კუჭუხიძე - 4.
მწვრთნელიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: მალხაზ ჟვანია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული